Sunday, February 28, 2016

პარიზი და სხვა ამბები ( I ნაწილი )


(ბლოგში გამოყენებული იქნება მხოლოდ ჩემი ფოტოები და ვიდეოები, გამონაკლის შემთხვევებში ფოტოზე იქნება დასმული გუგლის ლოგო)

რამდენჯერაც გადავწყვიტე პარიზზე წერა, იმდენჯერ გადავიფიქრე. საიდან დამეწყო და რა რის შემდეგ მეთქვა, დალაგება მეზარებოდა. ვფიქრობდი „ერთხელაც იქნება“ აი აქედან დავიწყებ-მეთქი - ამ ფოტოდან. 



ჩემი პარიზიც აქედან იწყება - როგორც კი „TAXI PARISIEN“ ჩემ წინ ჩერდება და პირველი „ბონჟუუუღ“ მესმის. ფრანგები ამ სიტყვას ორნაირი ინტონაციით ამბობენ, პირველი წამღერებით დაღმავალ ტონალობაში და გაგრძელებული უ-თუ და მეორე „საქმიანად“ ბონ-ჟუღ, მოკლე ხმოვნებით და აღმავალ ტონალობაში.
მერე იწყება გრძელი გზა ტაქსის რადიოში ჩართულ საინფორმაციო გამოშვებასთან ერთად და ფრენისგან გამოყოლილი შიში და დაძაბულობაც ერთბაშად ქრება. 
ტაქსები შარლ დე გოლის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში ძირითადად სენ დენის და მე-18 რაიონის გავლით დადიან. მეც ეს გზა მიყვარს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ მგზავრობისას ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წამს ველოდები ხოლმე - მიდიხარ, მიდიხარ და უცბად ამოიწვერება მონმარტრის მთაზე შემდგარი Sacré-Cœur - ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ტაძარი და ადგილი მთელს პარიზში. (რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ჟან ჟენეს პერსონაჟები, ყველანი მის გარშემო ცხოვრობდნენ.)

თუ ბარგი ბევრი არ გაქვთ, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ ყველაზე იაფი და მოხერხებული ტრანსპორტია ე.წ საგარეუბნო მეტრო RER (Réseau Express Régional), რომელსაც ხუთი ხაზი აქვს  A, B, C, D  (E-ჯერ არაა ბოლომდე განვითარებული) და რომლებიც პარიზის მეტროს უერთდებიან ანუ საერთო სადგურები აქვთ. შარლ დე გოლის აეროპორტიდან პარიზში B ხაზი დადის.  RER ჩვენ მასშტაბებს რო შევადაროთ დაახლოებით იგივეა, თბილისიდან იგოეთის მანძილზე დაშორებულ წერტილებში რო დადიოდეს მეტრო ყოველ ნახევარ საათში ერთხელ და ამისთვის ცალკე კი არ იყოს გამოყოფილი სადგურები, არამედ თბილისის მეტროს სადგურებს იყენებდეს ქალაქში შემოსვლისას.
საერთოდ სატრანსპორტო სისტემა ისეა განვითარებული პარიზში და მთელ საფრანგეთში, რომ მოსახლეობას ცხოვრებას ძალიან უადვილებს. ამას უზრუნველყოფს პირველ რიგში მეტროს 16 ხაზი 245 სადგურით  და როგორც ზემოთ აღვნიშნე RER  ხუთი ხაზი.
Châtelet – Les Halles - ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სადგური - ჰაბი, მეტროს ხუთი და სამი RER-ის  ხაზით.
სადგურები იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან რომ მათი უმეტესობიდან მატარებელს მხოლოდ 20-30 წამი ჭირდება შემდეგ სადგურამდე მისასვლელად და  ერთი სადგურის გვირაბიდან მეორეც კი ჩანს.






ასევე მეტროს სადგურები ისეა მოწყობილი რომ თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა ერთი სადგურიდან მეორეში ფეხით გადასასვლელი გზებიც არსებობს. მოკლედ ეს არის ქალაქი ქალაქის ქვეშ.
არ არსებობს პარიზში ადგილი სადაც მეტროთი ვერ მიხვალ. ხშირად სულ რაღაც 200 მეტრის მანძილზე სამი მეტროს სადგური ამოდის.
ფრანგები თავიანთ ისტორიას და კულტურას ძალიან უფრთხილდებიან, ამიტომ ზოგიერთ ხაზზე მეტროს მატარებლებს პირვანდელი იერსახე აქვთ შენარჩუნებული. ესეთებია მწვანე ფერს ვაგონები, რომლებიც ხელით იღება.



ამ ქალაქში მანქანის ყოლის არანაირი საჭიროება არ არის. მანქანებიც მცირელიტრაჟიანი და პატარები ყავთ. როგორც თავისი ქვეყნის მოყვარულებს, ძირითადად პეჟო და რენო. ასევე ძაან პოპულარულია „სმარტი“ „ბიტლი“ და „მინი კუპერი“. ჯიპს ფაქტობრივად ვერსად ნახავთ.
მიუხედავად იმისა, რომ უამისოდ არაფერი დაშავდებოდა, პარიზში ტრამვაის ქსელიცაა, ოთხი ხაზით. ერთი მხოლოდ ქალაქის ცენტრში დადის და დანარჩენი სამი ქალაქის გარეუბნებს აკავშირებს. საავტობუსო ქსელიც საკმაოდ ფართოა, თავისი სპეციალური ხაზებით, რომელიც მხოლოდ ტურისტული ადგილების დასათვალიერებლად გამოიყენება.
ესეთ "კუკუშკობასაც" შეხვდებით


პარიზი ფეხით მოსიარულეებისთვისაც ძალიან მოხერხებულია, იმიტომ რომ ყოველ 50 მეტრში გადასასვლელია დახაზული თავისი შუქნიშნით.  შეგიძლიათ მთელი ქალაქი ველოსიპედითაც მოიაროთ. პარიზის თითქმის ყველა წერტილში ავტომატიზებული ველოსადგომებია. 


ხალხი საკმაოდ კეთილგანწყობილია.  როცა იქ დიდხანს ცხოვრობ, რა თქმა უნდა ზოგადზე უფრო მეტად კონკრეტული შემთხვევებიდან გექმნება ხალხზე წარმოდგენა, მაგრამ აი ესე, ერთი შეხედვით, არაკონკურენტულ გარემოში და მით უმეტეს როცა მასპინძლის პოზიციიდან გიყურებენ როგორც ტურისტს, საკმაოდ კეთილგაწყობილები არიან. ინგლისური თუ არ იციან ხელ-ფეხით გაგაგებინებენ და შეიძლება გამოგყვნენ კიდეც. თუმცა ჯიპიესის ეპოქაში ამის საჭიროება მაინცდამაინც არაა. ისიც უნდა აღვნიშნო რომ პარიზში უფრო კეთილგანწყობილი ხალხია, ვიდრე რეგიონებში. არ ვიცი ენის ბრალია თუ თავს იშტერებენ, ფრანგებს უცხოელების ფრანგულის გაგება ძალიან უჭირთ. საკმარისია ბგერა წარმოთქვა შეცდომით რომ ძალიან იბნევიან. ამიტომ დამტვრეული ფრანგულით ლაპარაკს ჯობია დამტვრეული ინგლისურით მიმართოთ, უფრო იგებენ. სხვათაშორის თვითონაც უჭირთ უცხო ენების შესწავლა.
არავის არ გვანან ფრანგები ფიზიკურად ევროპაში ისე როგორც ქართველებს, ვერაფრით მიამსგავსებთ რუსს, ვერაფრით მიამსგავსებთ სკანდინავიელს, ვერც ბრიტანელს, ვერც გერმანელს, ვერც იტალიელს და ესპანელს. ხმამაღლა ვამბობ, ძალიან გვანან ქართველებს, ოღონდ უფრო თხელი აღნაგობის და დახვეწილები არიან. თუმცა ქართველებს უფრო მეტყველი თვალები აქვთ. ფრანგების უმრავლესეობაზე მარტივად წარმოიდგენ რომ ეს შეიძლება ქართველი იყოს. გამომეტყველებაშია ძალიან დიდი სხვაობა, რომელიც სულ სხვა იერს აძლევს ფრანგსაც და ქართველსაც. ასაკში უფრო იგრძნობა ფიზიკური განსხვავება, იმიტომ რომ ფრანგები ბოლომდე გამხდრები, სიფრიფანები და ე.წ თავმოვლილები რჩებიან. გარეგნულად ცოტა განსხვავებული ხალხი ცხოვრობს ბრეტანში და ელზასში. მოკლედ „მეცნიერულ-ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურად“ რო ავხსნათ ერთი ჩვეულებრივი ფრანგი კაცი გავს ქართველ არტისტს, ქართველ ლიბერალს, ქართველ კინომცოდნეს, ქართველ ჰიპსტერს, ქართველ პროფესორს და არა ივანე კოტორაშვილს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილებშიც შეიძლება შეგვხვდნენ კოტორაშვილები, მაგრამ იცით ალბათ რასაც ვგულისმობ. ერთი ჩვეულებრივი ფრანგი გოგო კი გავს ქართველ "მოსვეცკო" გამხდარ „თბილისელკას“ და არა ჩვენი გოგიას გოგო მაყვალა ყვენწაშვილს.  "ემსაათშივე" დაგიმტკიცებთ ფოტოებით. მე ახლა დავდებ ტიპიური ფრანგების ფოტოებს და რა ტექსტსაც დავადებ, ის წარმოიდგინეთ. თან ცოტა თემიდანაც გადავუხვიოთ და გავმხიარულდეთ.

1.  ხმის რეჟისორი სანდრო - თუ გაფსიხდა მტრისას! როცა სცივა ცხელ ჩაის ჭიქაზე შემოჭდობილი ხელებით დადის და ესეთ დროს ზედმეტ კითხვებს ვერ იტანს, უხასიათოდაა. დის შვილზე აფანატებს.


2. შოთიკო რუსთავიდან - რაც თეატრალურზე ჩააბარა, იმის მერე სვეცკაობს. დათვრება, ჩამოჯდება დივნის კიდეზე, ჩოლკაზე ისვამს ხელს გაუთავებლად, შუბლზე იტყეპნის და თან ამ დროს ამბობს, "აუუუუ, აი ძაან მაგრად ვარ ძაან, შენს თავს ვფიცავარ" მერე ამოიხედება უაზროდ, თევზის თვალებით, რაღაცნაირად ჩაიცინებს და ისევ შუბლზე ჩოლკის ტყეპვნას განაგრძობს. მეზობლის გოგო მარიამი უყვარს ბავშობიდან, ის კიდე გაუთხოვდა, სანამ ეს გასვეცკდებოდა. იმის მერე სიყვარულის აღარ სჯერა. ძმაკაცებში "კაცობს" ხოლმე: " აუ მაიცა რაა. ქალი ერთხელ უნდა მო##ნა და გაუშვა". ლექსების კითხვა უყვარს გამოთქმით და აი იმნაირად ეხლა რო კითხულობენ. 



3. სტიქაროსანი ბექა - უფლის სევდით აღვსილი მეტყველებითა და ინტონაციით. დედას დედაჩემო-თი მიმართავს. წარმოუდგენია რომ თავის თავზე მინიმუმ ოცი წლით დიდია. აი რაღაცნაირად სულ დაღლილია. იმიტომ კი არა რომ მართლა დაღლილია. არა უბრალოდ შენელებულ პოზაშია. ლაპარაკითაც ხო ნელა და წელვა-წელვით ლაპარაკობს. თუ იღიმის, მხოლოდ ყოვლისა და საკუთარი თავის მცოდნედ. ქალთან არის საშინლად გალანტური. ლამაზი და სექსუალურის მაგივრად მშვენიერს ამბობს. კარგის ანუ OK-ს მაგივრად კეთილი-ს. ქალის მაგივრად მანდილოსანს. გოგოს მაგივრად გოგონას ან ქალიშვილს. ლაპარაკში ხშირად იყენებს "ღვთის წყალობით". სულ ორი წიგნი აქვს წაკითხული - დათა თუთაშხია და სამოსელი პირველი. ეს მეორე შეყვარებულმა ურჩია რომ წაეკითხა.

4. ქლაბერი გურიჩა  - უფულოა, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებს და სულ კარგ პონტებშია. ფეთხუმ, აჯაჯულ და მუდმივად გამოუძინებელ ნაშებთან მოძრაობს, საფერფლის სუნი რომ აქვთ გამჯდარი თმაში, ტანსაცმელში, ჩანთაში, ყველგან. თავისუფლების მაღალ ხარისხს ხედავს მათში. ერთიც საიდუმლო მეგობარი ქალი ყავს, თავისზე ბევრად უფროსი, მაგრამ არსად არ აჩენს. ის არჩენს. 
ცხოვრობს დედასთან, მამასთან, ბებიასთან, ძმასთან, ნერვებდაგლეჯილ ძმისცოლთან და სამ ძმიშვილთან ერთად სამოთახიან ხრუშოვკაში. სახლში ძირითადად გამთენიისას შედის.

5. კახა - "უი-ემ-ჯი" ჯგუფის მარკეტინგის მენეჯერი. სამი დიპლომი აქვს,  ოცდაათი სერთიფიკატი. თავისუფლად ლაპარაკობს ოთხ ენაზე. ატროფირებული აქვს იუმორის გრძნობა, მაგრამ თვითონ ესე არ ფიქრობს, ამიტომ სულ უკბილოდ ხუმრობს. თავისი კატა უყვარს ძალიან და მეგობრებთან პოკერის თამაში.


7.  გუგა - სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელი. მისტერ მოდელი 2014-ის გამარჯვებული. გრძელი ტორსი აქვს და მოკლე ფეხები, მაგრამ მერე რაა, სამაგიეროდ მაღალია და გამხდარი. ინტერვიუების დროს რაზე ილაპარაკოს არ იცის.


8. ბიზნესმენი ლევანი - დახვეწილი. ნაკითხი. დასავლური ტიპის მენეჯერი და ორგანიზატორი. სულ საზღვარგარეთაა. ყავს ხუთი შვილი, ცოლი - ყოფილი მოცეკვავე. პარიზშია ამ ფოტოზე. მეგობარ გოგოსთან ერთადაა წასული, წამწამებ მიწებებულ მოდელ მარიცასთან.


9. ადვოკატი დავით ჯოჯუა ფოთიდან - სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი. სახლში უხასიათოა. გარეთ - ვისთან როგორ.  ჭუჭყის ფობია აქვს და დღეში 20 - ჯერ იბანს საპნით ხელებს. პედანტი და ზედმეტად მოწესრიგებულია.


10. ბესო - მხატვარი. ვერელი, ქალაქელი. მეოთხე ცოლი ყავს.


11. ვალა ძია - მალიარი. მეტეხელი. ლოთობს და აღარ ანდობენ საქმეს, ხელი გაიფუჭაო.  სწყიინს.


12. მერაბ სახლთ-მამასახლისი - გამოჩენილი ქართველი რეჟისორი. გადაღებული აქვს ისეთი ცნობილი ფილმები როგორებიცაა "სერიოზული კაცი", "ედემის ბაღის გვრიტები" "მორჩილება" "სიძულვილის ალქიმია" "პირისპირ" - ბერლინის კინოფესტივალის სპეციალური პრიზი. 


13. თინიკო - კომპანია ორიფლეიმში მენეჯერის პოზიციაზეა ბოლო 15 წელი.


14. სალონ "მარინელას" თანამშრომლები. მარჯვნივ წითლებში ვიზაჟისტი მარინა და მარცხნივ სალონის მენეჯერი  ნინო.


15.  ქალბატონი ნანა - მუზეუმის თანამშრომელი. ბოხი ხმა აქვს. პასტერნაკი უყვარს, ბროდსკი და ცვეტაევა. ყველას მეგობარი და ყველას გაჭირვების გულთან  ახლოს მიმტანი. რა უნდა სთხოვო რომ ვერ შეძლოს გაკეთება.

16. ბათუმელი შორენა. შემოკლებით შორეს ეძახიან. კონსულტანტად მუშაობს ბატას მაღაზიაში.  დეპრესიულია, პრეტენზიული და სულ უკმაყოფილო.


აქ კიდევ შემიძლია ძალიან ბევრი ფოტო დავდო, მაგრამ ახლა ჯობია თემას დავუბრუნდეთ და ამაზე ოდესმე სხვა ბლოგს გავაკეთებ.

„ფრანგი ქალი 50 + “ 
ეს არის ყველაზე დახვეწილი არსება ამ ქვეყნად.  სულ მცირე ვიზუალურად. არც ერთ ასაკში არ შეუძლია ყოფნა სასიყვარულო ვნებების გარეშე და ეს ეტყობა ყველაფერში.
ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური სტილი. აცვიათ ძალიან გემოვნებით ასაკისთვის შესაფერისად, მაგრამ არა „რაღა დროს ჩემი ესაა“. რაც არ უნდა ახალგაზრდულად ეცვათ მაინც ასაკის შესაბამისად ირგებენ და არ ჰღალატობთ ზომიერების გრძნობა. 

















ასაკოვან კაცებსაც გემოვნებით და ელეგანტურად აცვიათ.





"ბომჟიც" კი სტილიდან არ ვარდება.


ახალგაზრდა ფრანგებს რაც შეეხებათ აცვიათ ფუნქციონალურად და ისე როგორც დანარჩენ მსოფლიოში: ჯინსი, მაისური და ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ პარიზში გამორჩეულად აცვიათ შავკანიან ბიჭებს.
ფრანგები ოთხ რაღაცაზე არიან შეყვარებულები სიყვარულზე, ჭამაზე, სიგარეტზე და ყავაზე. ყველა ეწევა, ყველა - ქალი, კაცი ახალგაზრდა, მოხუცი, თინეიჯერი. ისიც მინახავს, თან დარბიან, თან ცალ ხელში სიგარეტი უჭირავთ. ან დარბიან, შეისვენებენ მოწევენ და მერე ისევ აგრძელებენ სირბილს.



რა ასაკშიც არ უნდა იყვნენ წყვილები ქუჩაში ხელჩაკიდებულები დადიან და ერთი აღმოჩენაც გავაკეთე ამასთან დაკავშირებით. ევროპელი წყვილები ქუჩაში ხელჩაკიდებულები დადიან, მუსლიმი წყვილები ხელკავით  ან  ქალი ეყრდნობა კაცის მკლავს, აზიელი წყვილები საერთოდ არ ეხებიან ერთმანეთს ისე მოდიან გვერდიგვერდ.






მე არ ვიცი ეს ხალხი დღე-ღამის რომელ მონაკვეთში არ ჭამს ან სხვა საქმეს როდისღა აკეთებს. ყველა კაფე, რესტორანი თუ სწრაფი კვების ობიექტები გადავსებულია პარიზის ყველა წერტილში ყოველთვის. შეიძლება ერთი კვარტალი ისე გაიარო მარკეტი და აფთიაქი ვერ იპოვო, მაგრამ თითქმის ყველა საცხოვრებელი კორპუსის თუ სხვა შენობის ქვეშ არის კაფე, ბისტრო, ღვინის ბარი, რესტორანი ან Brasserie (რესტორნის ერთგვარი ტიპი, რომელიც მხოლოდ საფრანგეთში და ფრანკოფონ ქვეყნებში შეხვდებით. რაღაც საშუალოა რესტორანსა და კაფეს შორის, აქ არ არის გამზადებული კერძები, უკვეთავ დღის იმ მონაკვეთის მენიუს რომელშიც ხარ. შეგიძლია მარტო შეხვიდე. მოკლედ ეს არის ლაითი რესტორანი "ფორ ვან პერსონ").
განსხვავებით რესტორნისა და ბისტროსგან რომლებიც ლანჩის შემდეგ იკეტებიან, ბრასერები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ.




















რესტორნებში დღის განმავლობაში სხვადასხვა მენიუ აქვთ. დილით საუზმის, შუადღით ლანჩის და შემდეგ სადილი. ჩვენთან რომ შეგიძლია შეხვიდე რესტორანში დილით და ხინკალი მოითხოვო, ზედაც მწვადი და ქაბაბი დააყოლო და სულაც სამ სართულიანი სუფრა გაშალო. იქ არაა ესე. სადილის მენიუს ლანჩზე ვერ მოითხოვ და პირიქით. ერთადერთი გამონაკლისია „ფუა გრა“ (ბატის ან იხვის ცხიმიანი ღვიძლის პაშტეტი) რომელიც დღის ნებისმიერ დროს აქვთ მენიუში და შეიძლება სულ სხვადასხვა "ფორმით და შინაარსით" იყოს მოცემული სხვადასხვა მენიუში. მაგალითად:

ფუა გრა ჟოლოთი


ფუა გრა მოთუშული მსხლის ჟელეთი


ამასობაში მივადექით მთავარს - „ფრანგული სამზარეულო“, რომელსაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს არის გემოების უსასრულო ძიება, ეს არის გემოების შეხამების ხელოვნება, ეს არის გურმანი ადამიანის მიწიერი სამოთხე, ეს არის უსასრულო მრავალფეროვნება და ფანტაზია. კულინარობა ხომ არ არის მხოლოდ გამზადებული რეცეპტები, კარგი კულინარი თვითონ ეძებს ახალ ახალ გემოებს, ეს არის ნიჭი, დაიჭირო ახალი გემო, მერე სხვა გემოსთან დააკავშირო ისე რომ სულ სხვა გემო მოგცეს, ისე როგორც კომპოზიტორი ქმნის ბგერებისგან მელოდიას, როგორც მხატვარი ფერებისგან ტილოს. ფრანგული სამზარეულო კი ნიჭიერი კულინარისთვის უმაღლესი პილოტაჟია, მისი ფანტაზიის უსაზღვრო პოლიგონი.
მაგალითად იხვის ფილე ან ხბოს სტეიკი ერთგან შეიძლება ჭამოთ სანელებლებით, მეორეგან ჭამოთ ჟოლოთი ან ანანასით, მესამეგან ჭამოთ არტიშოკით და მოთუშული გარგლით, მესამეგან კარამელიზირებული მსხლით, მეოთხეგან რესტორნის განსაკუთრებული სოუსით, რომლის ნოუ ჰაუ მარტო შეფ მზარეულმა იცის. მეხუთეგან ზემოდან მომწვარი კარტოფილის თხელი ფენით, მეექვსეგან ნაღების სოუზით, ეს ყველაფერი სულ სხვადასხვა გარნირით და დრესინგით და აი ესე უსასრულოდ. ნებისმიერი კერძი შეიძლება ამგვარად წარმოიდგინოთ. ჯერ მარტო 3000-ზე მეტი საწებელი და უამრავი სანელებელია ფრანგულ სამზარეულოში. ამიტომ არ არსებობს, ერთი და იგივე კერძს ერთი და იგივე გემო ქონდეს სხვადსახვა ადგილას ან ზუსტად ერთი და იგივე ინგრედიენტები. აქ რომ ბადრიჯანი ნიგოზში რომ ყველგან ბადრიჯანი ნიგოზშია, და ისპანახის მხალის და კუჭმაჭის ერთადერთი სამშვენისი ზემოდან მოყრილი ბროწეულია, იქ ფანტაზია არ ილევა. ისიც უნდა აღინიშნოს რომ საფრანგეთის ყველა რეგიონს მისთვის დამახასიათებელი სამზარეული აქვს, ერთგან თუ ძროხის ხორცის კერძებს ანიჭებენ უპირატესობას, მეორეგან თევზეულს, მესამეგან ბატკნის ხორცს. ელზასში, მაგალითად, მსოფლიოში საუკეთესო მჟავე კომბოსტოს ამზადებენ და ძალიან ბევრ კერძს ახლავს გარნირად. ბურგუნდიაში, ბევრი კერძი მზადდება ღვინით, რა თქმა უნდა ბურგუნდიული ღვინით.
ღვინის სმის კულტურა, საკვების და ღვინოების შეხამება და ყველის ჭამა ეს კიდე ცალკე ხელოვნებაა.
ალბათ იცით რომ ყველი იქ არის დესერტი და არც აპეტაიზერებში და არც ძირითად კერძებში არ შედის. ყველი მოაქვთ ან ასე:
ან ასე არჩევით:
მაგალითად 21 სახეობიდან აარჩევ რომელიც გინდა და იქვე ჩამოგიჭრიან. ყველის ჭამას იწყებ ყველაზე მსუბუქი გემოთი და ამთავრებ ყველაზე მძაფრით. პირიქით რომ გააკეთოთ, წინას გემოს ვეღარ დააგემოვნებთ. როგორც წესი ყველთან ერთად კარაქიც მოაქვთ, თუ მანამდე არ დევს მაგიდაზე. კარაქი ყველის გემოს „აკეთილშობილებს“. მძაფრისას არბილებს და მსუბუქისას უფრო კარგად გაგრძნობინებს. დღეისთვის საფრანგეთში 400 სახეობის ყველს ამზადებენ.
რაც შეეხება ღვინის და ყველის შეხამებას, ეს არაა არც მარტივი და არც უნივერსალური წესი აქვს რომ ყველს მაინცდამაინც უხდება თეთრი ან წითელი. მაგალითად კრემისებურ ყველთან ტკბილ ტონებიანი ღვინო მიდის კარგად, მაშინ როცა მომჟავო ღვინო იმ სიტკბოს აცლის რაც ამ ყველისთვისაა დამახასიათებელი. ზოგ ყველს უხდება შამპანიური, ზოგს ცქრიალა ღვინო, ზოგს შარდონე, ზოგს კაბერნე სავინიონი და ა.შ. მიუხედავად ამისა შეიძლება ითქვას რომ ყველა სახეობის ყველთან უნივერსალურად მიდის ელზასური თეთრი ღვინოები. ყველაფერი მაინც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. 
ყველის და ღვინოს გემოს შეხამება ამგვარად ისინჯება - ჯერ ჭამთ ერთ ლუკმა ყველს, მერე მეორეს და აყოლებთ ერთ ყლუპ ღვინოს, თუ ყველის გემო მთლიანად შეიცვალა ესე იგი არ უხდება.
კრუასანი - ფრანგულ საუზმეზე ალბათ პირველი ეს გაგახსენდებათ. არ არსებობს არავითარი კრემიანი, არავითარი შოკოლადიანი, არავითარი ჯემიანი კრუასანი. ეს არის ნატურალურ, ძალიან ცხიმიან კარაქში გამომცხვარი უშიგთავსო ცომი. ყველაზე კარგად მის გემოს უშაქრო ესპრესოსთან შეიგრძნობთ. 

საფრანგეთი მიშლენის სამვარსკვლავიანი რესტორნების რაოდენობით მეორე ადგილზეა იაპონიის შემდეგ. სამი ვარსკვლავი მიშლენის შკალაზე, ეს არის უმაღლესი კატეგორია და ამას სჭირდება დამსახურებაზე მეტი. თან ეს არ არის მუდმივი. ვარსკვლავების შენარჩუნებისათვის მუდმივად უნდა გეჭიროს ის ხარისხი, რისთვისაც ვარსკვლავი მოგანიჭეს და ეს პირველ რიგში შეფ მზარეულზეა დამოკიდებული, შემდეგ მომსახურებასა და ზოგადად ატმოსფეროზე. მიშლენის ერთ ვარსკვლავსაც კი უმაღლეს კატეგორიაში გადაყავხარ და ეს რესტორნის სტატუსის, პრესტიჟულობის და შემოსავლების არნახულ ზრდას ნიშნავს. ძალიან ბევრი უძვირესი და ელიტარული რესტორანია მსოფლიოში, მაგრამ მიშლენის არც ერთი ვარსკვლავი არ აქვთ.  ვარსკვლავიანი რესტორნის მეპატრონეები მუდმივად იბრძვიან იმისთვის რომ ვარსკვლავები შეინარჩუნონ, რადგან მისი დაკარგვა ასევე ძალიან დიდი ფულის დაკარგვას ნიშნავს, ეს რესტორნები ხომ იმ სეგმენტზეა გათვლილი, რომელიც მენიუში ფასებს არ უყურებს. ხარისხის შემოწმება კი ხდება წელიწადში რამდენჯერმე მიშლენის საიდუმლო აგენტების მიერ, რომელთა მოსყიდვაც წარმოუდგენელი და შეუძლებელია. აგენტები მხოლოდ მას მერე ამხელენ საკუთარ ვინაობას როცა მომსახურების ანგარიშს ასწორებენ. ას წელზე მეტია რაც მიშლენის კატალოგი არსებობს და ჯერ არ ყოფილა აგენტის მოსყიდვის შემთხვევა. 
ბოლო წლების მონაცემებით მსოფლიოში სულ ასამდე სამვარსკვლავიანი რესტორანია. ეს რიცხვი ყოველ წელს იცვლება. აქედან ოცდაათი იაპონიაში და ოცდაექვსი საფრანგეთში, ოცდაექვსიდან ათი პარიზში: 
Pierre Gagnaire - 8th  ( http://www.pierre-gagnaire.com/ )
Epicure au Bristol - 8th  http://www.lebristolparis.com/fr/home/ )
Le Cinq (Christian Le Squer) – 8th ( http://www.restaurant-lecinq.com/ )
Le Pré Catelan - 16th  ( http://www.leprecatelan.com/ )
Guy Savoy - 17thhttps://www.guysavoy.com/ )
Arpège - 7thhttp://www.alain-passard.com/ )
L'Ambroisie - 4th http://www.ambroisie-paris.com/ )

მიშლენის მხოლოდ კატალოგში მოხვედრაც უკვე დიდ რამეს ნიშნავს.


ხშირად კითხულობენ ხოლმე პარიზის რომელ რაიონში ჯობია სასტუმროს დაჯავშნა თუ ბინის დაქირავება. გააჩნია რა გინდათ. ბევრს ჰგონია რომ თუ ეიფელთან ახლოს იქნება მით მეტი გასართობი იქნება ირგვლივ, რადგან ტურისტული ადგილია, მაგრამ ეს ესე არ არის. ეიფელის კოშკი დგას პარიზის მეშვიდე რაიონში, ჯერ ერთი რომ ცენტრიდან შორია და მეორეც ეს არის ძველი არისტოკრატიის და "ბურჟუების" საცხოვრებელი უბანი რომელიც საღამოს ცხრა საათის მერე ფაქტობრივად მკვდარია. ხალხი ირევა მხოლოდ კოშკის გარშემო. 
ეიფელის კოშკი არის ალბათ ერთადერთი ყველაზე ცნობილი ადგილი პარიზში სადაც მეტროს სადგური არ ამოდის, მხოლოდ RER C ხაზი. მოშორებით კი ორი მეტროს სადგურია მერვე და მეექვსე ხაზებზე.
პარიზი არ არის მხოლოდ ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი, ნოტრ დამი, ლუვრი, ორსი, ინვალიდები, შანზელიზე და სენის სანაპიროები. გაცილებით მეტია. (აქ ალბათ გულში იტყვით კაი კაცო!-ო) ეს ყველაფერი შეგიძლიათ პირველ ჩასვლაზე „შემოირბინოთ“. მეორე ჩასვლიდან უკვე უნდა ისიამოვნოთ პარიზით. მე მისი Hidden Corner-ები უფრო მიზიდავს. 
არსად ქართულ ნეტში არ დევს ინფორმაცია პარიზის რაიონებზე. არადა ესენი არიან პატარ-პატარა დამოუკიდებელი სამყაროები განსხვავებული ქომიუნითებით, ხასიათით, ცხოვრების წესით, შემოსავლებით, უძრავი ქონების ფასებით და ა.შ. ვეცდები სათითაოდ აღვწერო, თუ რამეში გამოგადგებათ, „ცალკერძ“ გაიაფებული ფრენების და „ცალკერძ“ უვიზო მიმოსვლის პირობებში, გამიხარდება. 
პარიზი დაყოფილია 20 რაიონად (Arrondissement). ამაში არ შედის გარეუბნები. ერთი შეხედვით ეს რაიონები არეულია, მაგრამ თუ რუკაზე დახედავთ ისეა განლაგებული რომ სპირალის ფორმა აქვს. პირველი რაიონი ცენტრიდან იწყება და მერე საათის ისრის მიმართულებით ლაგდება და ეხვევა პირველის გარშემო. 


ძალიან მარტივია მიხვდე რომელ რაიონში ხარ. ამისთვის საკმარისია რომელიმე შენობაზე გაკრულ მისამართის დაფას შეხედო, ქუჩის დასახელების ზემოთაა მითითებული. 5 Arr ნიშნავს იმას რომ მეხუთე რაიონში ხართ. 


საფოსტო კოდებიც რაიონების მიხედვაა განაწილებული, პირველი სამი ციფრი პარიზში ყველა ერთნაირია 750. გამონაკლისია მე-16 რაიონი, რომელსაც ორი საფოსტო კოდი აქვს 750 (სამხრეთი) და 751 (ჩრდილოეთი). და ბოლო ორი ციფრი მოდის უკვე რაიონის ნომერი. მაგალითად 75004 მეოთხე რაიონს ნიშნავს, 75012 -მეთორმეტეს. ასე რომ გუგლის რუკაზეც მარტივად შეიძლება გაერკვეთ რომელი ქუჩა რომელ რაიონშია.
რაიონებს საკუთარი სახელებიც აქვთ, მაგრამ გაცილებით მარტივია ციფრებით დამახსოვრება. როდესაც სათითაოდ აღვწერ გვერდით მივუწერ სახელს. ასევე ამ უბნებს ძველი ისტორიული სახელითაც მოიხსენიებენ. მაგალითად ისტორიული უბანი ლათინური კვარტალი, რომელიც იგივე მეხუთე რაიონია და რომლის დასახელებაცაა პანთეონი. ასევე ისტორიული უბანი ლე მარე, რომელიც მეოთხე (ოტელ დე ვილი) და მესამე რაიონებს (ტამპლი) მოიცავს. ისტორიული ფაბურ-სენ-ჟერმენი, რომელიც დღეს პარიზის მე-7 რაიონია სახელწოდებით პალე ბურბონი.
პრესტიჟულობის, სიმდიდრის, ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის მიხედვით მე-7, მე-16, მე-8 რაიონები ლიდერობენ. მთელი საფრანგეთის მასშტაბითაც ითვლება რომ ყველაზე მდიდარი ეს რაიონებია პარიზის ერთ-ერთ დასავლეთ გარეუბან Neuilly Sur Seine-თან ერთად. პარიზში ყველაზე ღარიბ უბნებად მე-19 და მე-20 ითვლება. ეს შემოსავლების მიხედვით, თორემ ქუჩებს და შენობებს ერთი შეხედვით დიდად არაფერი ეტყობა. ყველაზე მეტ ემიგრანტსაც ამ რაიონებში შეხვდებით.

I რაიონი (ლუვრი)

ამ რაიონში გაჩერებას ვურჩევ ხელოვნებისა და შოფინგის მოყვარულებს. ორივეს ერთ კონტექსტში მოქცევა ცოტა სასაცილოდ ჟღერს ჩვენს მამულიშვილურ რეალობაში, მაგრამ ეგრეა დაა... ამ უბანში ერთი ფეხი შეიძლება ლუვრში გქონდეთ და მეორე "ბაზრობაზე". რაიონის სახელწოდებაც მიუთითებს რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმი ლუვრია. ასევე აქ მდებარეობს უზარმაზარი შოფინგ მოლი Forum des Halles, თუმცა მისი მიმდებარე ტერიტორია მაინცდამაინც უსაფრთხოდ არ მიიჩნევა, რადგან ეს ადგილები ნარკოტიკების დილერებს იზიდავსო, ამბობენ. 
I რაიონი მოსახლეობის მიხედვით ყველაზე პატარა რაიონია, ნაწილი საცხოვრებელი უბნებია და ნაწილი კომერციული.
როგორც იცით ტურისტულად ყველაზე ხალმხრავალ ადგილებში დიდი რიგებიცაა, ამიტომ ჯობია როცა პარიზში ჩახვალთ წინასწარ აიღოთ Paris Pass აეროპორტის ტურისტულ ბიუროებშივე ან ინტერნეტში.  ამით ორ კურდღელს დაიჭერთ აღარც ბილეთის რიგში მოგიწევთ დგომა და ცოტა ნაკლებიც დაგიჯდებათ.
გაითვალისწინეთ რომ ლუვრის კარგად დასათვალიერებლად ერთი დღე საკმარისი არაა. შეიძლება ერთ დღეშიც მოასწროთ, მაგრამ ძალიან დაიღლებით და ბოლოს შემორბენაზე იქნებით რომ მალე დაამთავროთ. 
ლუვრის ეზოში აღმართული შუშის პირამიდა  მუზეუმში შესასვლელია.




არანაკლები სიამოვნებაა შესვენებების დროს მუზეუმის შენობიდან მის ეზოში ყურება და ვიზიტორების თვალიერება.



ლუვრში შესულს პირველი უცბად რისი ნახვაც გინდა ჯოკონდაა და მერე უკვე მშვიდად და წყნარად დათვალიერება. ტურისტებიც პირველ რიგში მისკენ მიიწევენ და ყველაზე ბევრი ხალხი ყოველთვის მის წინაა. რატომღაც გამიმართლა და უეცრადვე აღმოვჩნდი წინა რიგებში.


ლუვრი არის ადგილი, სადაც დადიხარ და არ გჯერა რასაც უცქერ. არ გჯერა რომ "ლაივში" დგახარ მექელანჯელოს, ლეონარდოს, რაფაელის, კარავაჯოს, რუბენსის, ვერმეერის, ბოსხის, დელაკრუას წინ...მერე იჯერებ და ვითომც არაფერი, ესეც უნდა ყოფილიყო, ვითომ ყოველ დღე მათ უყურებ და ემოციებისგან ისე იღლები რომ ჩამოსაჯდომს ეძებ, იქნება თავი დააღწიო იმ შედევრებს, ყველა მხრიდან რომ გიყურებენ, იმის მაგივრად რომ გაქვავდე მათ წინ. მერე ჩამოჯდები იქვე სკამზე და ახლა ტურისტების გაშტერებულ სახეებს აკვირდები, შენსავით რომ არ სჯერათ. აი ეს არის ლუვრი. ამაზე მეტად ვეღარ აღვწერ.
შენობის დასავლეთ ნაწილი უკავია დეკორატიული ხელოვნების მუზეუმს, რომლის შესასვლელიც მდებარეობს რივოლის ქუჩის 107 ნომერში და რომელიც თავის მხრივ აერთიანებს სამ მუზეუმს: დეკორატიული ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმი, მოდისა და ტექსტილის მუზეუმი (აქვე აღვნიშნავ რომ პარიზის I რაიონში აიდგა ფეხი Haute couture - მა, რომელიც შემდგომში მერვე რაიონში "გადაცხოვრდა") და რეკლამის ისტორიის მუზეუმი
ლუვრის დათვალიერების შემდეგ ყველაზე კეთილგონიერი საქციელია სადმე ახლომდებარე რესტორანში შეხვიდეთ და კარგად გამოთვრეთ რომ ნანახისგან გამოფხიზლდეთ. ამ დღეს მეტი აღარაფერი უნდა დაათვალიეროთ ან უკიდურეს შემთხვევაში რომელიმე ეკლესიაში მესას დაესწროთ და ორღანს მოუსმინოთ, ნანახის კიდევ ერთხელ განსაცდელად.
პარიზის ყველა რაიონს აქვს თავისი რეკრეაციული ზონა, პირველი რაიონისთვის ასეთია ულამაზეს შადრევნებიანი ტუილრის ბაღი - ლუვრის ეზოს გაგრძელება, რომელიც კონკორდის მოედნამდეა გაშლილი და რომელიც თავის მხრივ ელისეის მინდვრებს უერთდება. ეს იყო ეკატერინე მედიჩის ბაღი, რომელიც ტუილრის სასახლეს ეკუთვნოდა. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ გაიხსნა და გახდა სახალხო.
ბაღი სავსეა სტუდენტებით, ალბათ არაფერი სჯობს აქ მეცადინეობას. ხალხის სიმრავლის მიუხედავად, სიმშვიდეა, სიწყნარეა, ირგვლივ ჩიტების ჭიკჭიკი ისმის და ქვეყნის მთელი ისტორია და კულტურა ზედ დაგყურებს...
როგორც აღვნიშნეთ ტუილრის ბაღის ბოლოში მდებარეობს პარიზის სიდიდით მეორე მოედანი - კონკორდის მოედანი, საიდანაც იწყება ელისეის მინდვრები.
კონკორდის მოედნიდან იშლება ხედი ეიფელის კოშკზე


ბაღის ჩრდილოეთით მდებარეობს ვენდომის მოედანი, რომელიც გარშემორტმულია Hôtels particuliers -ებით. აქ ნახავთ ისეთი დიზაინერების სალონებს, და ბუტიკებს  როგორიცაა ჩერუტი,  კარტიე, როლექსი, შანელის და ლუი ვიტონის სამკაულების სალონები, სასტუმრო რიცი - არა მარტო საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული სასტუმრო, რომელიც 2014 წელს დაიკეტა სარემონტოდ და  წელს ივნისში გაიხსნება. 
სასტუმროში წლების მანძილზე ცხოვრობდა კოკო შანელი, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მისი ხშირი სტუმარი იყო ერნესტ ჰემინგუეი, რომლის სახელობის ბარიც აქვე მდებარეობს.
შანელი რახან ვახსენეთ ბარემ დავამატებ რომ მისი საცხოვრებელი სახლიც ამ რაიონშია კამბონის ქუჩაზე, 31 ნომერში. ოთხი სართული უკავია მთლიანად, პირველზე მაღაზიაა დანარჩენი სამი მისი პირადი აპარტამენტები თუ სამუშაო სალონი.
ლუვრის მოპირდაპირე მხარე სამეფო სასახლეს (Palais Royal) და სასახლის მიმდებარე ტერიტორიას უკავია. ეს იყო კარდინალი რიშელიეს რეზიდენცია. დღესდღეობით სასახლის შენობაში კულტურის სამინისტრო, სახელმწიფო და საკონსტიტუციო საბჭოა განთავსებული. მის ტერიტორიაზე კი შეგიძლიათ ნახოთ სამეფო სასახლის თეატრი,  და კომედი ფრანსეზი
ლუვრსა და სამეფო სასახლეს შორის გადის პარიზის ერთ-ერთი  ყველაზე ცნობილი ქუჩა რივოლის ქუჩა, რომელიც იწყება, უფრო სწორედ მთავრდება კონკორდის მოედანთან, დასაწყისისკენ მიუყვება ტიულრის ბაღს და გადადის მეოთხე რაიონში. აქ შეხვდებით უამრავ ფეშენებელურ მაღაზიას და პარიზის ერთ-ერთ ცნობილ ჯაზ კლუბს La Cave du 38 Riv' . 
ჯაზ კლუბებით ცნობილი ლომბარდის ქუჩაც ამავე რაიონშია რივოლის ქუჩის პრალელურად. ჯაზის ფანებმა შეგიძლიათ ისიამოვნოთ Sunset / Sunside - ში, Duc des Lombards - ში Le Baiser Salé-ში. 
და ბოლოს სენ - შაპელის ტაძარი - სამეფო კაპელა - ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი მთელს ქალაქში, რომელიც მართალია კუნძულ სიტეზე  (Île de la Cité) მდებარეობს, მაგრამ კუნძულის ეს ნაწილი ეკუთვნის პირველ რაიონს. 
არ არსებობს ორი წუთით მაინც სული არ შეგიგუბდეთ, როცა მეორე სართულის დარბაზში შეაბიჯებთ ფეხს და ისეთი გრძნობა არ დაგეუფლოთ თითქოს გიგანტურ კალეიდოსკოპში მოხვდით. ეს არის მთლიანად ვიტრაჟული სივრცე, რომელიც დღის სხვადასხვა მონაკვეთში, სინათლის კლება-მატების გამო, სხვადასხვა ფერს იღებს.
გუგლის რუკაზეც შეგიძლიათ შიგნით შეისეირნოთ და ყველა კუთხე-კუნჭული დაათვალიეროთ:

საღამოობით აქ იმართება კლასიკური მუსიკის კონცერტები. აქედან ორ კონცერტს დავესწარი - ბახის და ვივალდის "ოთხ სეზონს" Les Solistes Français - ის შესრულებით. 



არასდროს არ დამავიწყდება ვივალდის კონცერტის ბისზე შესრულებული ნაწარმოები და ის განცდა, რაც დასაწყისიდან ბოლომდე მქონდა. მახსოვს მერე დიდხანს ვეძებდი რა ნაწარმოები იყო და ვერ ვპოულობდი. მერე გამახსენდა "ვინც დაგჭრას, იმანვე მოგარჩინოსო" და მუსიკოსებს მივწერე, რა შეასრულეთ ამა და ამა წელს ამა და ამ დღეს, "ოთხი სეზონის" ბისზე მეთქი და აი "ძაან ჩვეულებრივად" მომწერეს:
"Dear Margot,
Thank you for your nice message. We're really happy you enjoyed this moment!
I think this encore was the Prélude of Pugnani-Kreisler.
Best regards"
მერე მოვუსმინე და კიდევ ერთხელ ვიტირე...

ტაძრის გვერდით მდებარეობს კონსერჟერია - ყოფილი სამეფო სასახლე და საპყრობილე, რომელიც იუსტიციის სასახლის ვრცელი კომპლექსის ნაწილია. 


საფრანგეთის რევოლუციის დროს უამრავი ტუსაღი წაიყვანეს კონსერჟერიიდან და გილიოტინაზე დასაჯეს სიკვდილით. მათ შორის საფრანგეთის მეფის ლუი XVI მეუღლე მარი-ანტუანეტა, რომელიც სიკვდილით დასჯამდე კონსერჟერიის ერთ-ერთ საკანში იჯდა.

სატუსაღოს ერთ-ერთი საკანი

დარაჯების ოთახები





აქ გაყავდათ პატიმრები სასეირნოდ

საპყრობილის შესასვლელი

ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ქუჩა პარიზში Boulevard du Palais, სადაც სენ მიშელის ტაძარი და კონსერჟერია მდებარეობს, პატარა, მყუდრო და ზაფხულობით სულ დაბურული ქუჩა, რომელიც თბილისის იმ ქუჩებს მაგონებს, ბებიას რომ დავყავდი ხოლმე ბავშვობაში.
ქუჩის ბოლო უერთდება სენ მიშელის ხიდს და სენ მიშელის გამზირის დასაწყისს - ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და ტურისტულ ადგილს ლათინურ კვარტალში და მთელს მეხუთე რაიონში, მაგრამ ამაზე მერე დავწერ, როცა მეხუთე რაიონზე გადავალ.