Tuesday, July 17, 2018

სამსონაანთ დათო


დათო ერქვა. სამსონაანთ დათო. როგორც ქართლის სოფლებში იციან, ოჯახების საინდეფიკაციოდ რომელიმე წინაპრის სახელთან, გვართან, ზედმეტსახელთან ან რაიმე მნიშვნელოვან მოვლენასთან მიკუთვნება, დათოც მიკუთვნებული იყო სამსონაანთა. გვარი აღარც იყო საჭირო მიმხვდარიყავი, რომელ დათოზე იყო ლაპარაკი. სამსონაანთ დათო და მორჩა. არც იმას ქონდა მნიშვნელობა, იმ სოფლის მკვიდრი იყავი თუ სამი თაობით სხვაგან გადასხლებული, მაინც "ამიაანთი" იყავი, ან "იმიაანთი".
დათოც თბილისელი იყო და მისი მშობლებიც, მაგრამ მაინც "ვიღაცისიაანებად" მოიხსენიებდნენ, ისევე როგორც მე - ხუციაანთ ნათია. გინდა ნათია “ის“ ვიყო და გინდა მარგო “ეს“, იქ ხუციაანთ ნათია ვარ და ეგაა. სხვა უბანში რომ შემეკითხებოდნენ "ვიისი გოგო ხაარ შენა?" და ვუპასუხებდი "ხუციაანთი", უკვე გასაგები იყო "ვისიც" ვიყავი და რომელ კასტას ვეკუთვნოდი.
ერთი სული მქონდა ზაფხული როდის დადგებოდა, რომ არდადაგებზე წავსულიყავი იქ, სადაც ხუციაანთ ნათია ვიყავი და ის კიდე - სამსონაანთ დათო. არდადაგები კი ჩემთვის მაშინ იწყებოდა, როგორც კი მათი სახლის დარაბები გადაიხსნებოდა. უფრო ცოტა ხნით ჩამოდიოდნენ, ვიდრე ჩვენ.
დათო ჩამოვიდაო, რომ შემოჰყოფდა რომელიმე უბნის ბავშვი ჩვენს ჭიშკარში თავს და შემოგვძახებდა, ყველა ერთად ვიშლებოდით და გავრბოდით დასახვედრად, მაგრამ ამათ შორის მარტო მე მივარდებოდა გული საგულედან, თუმცა ვერ ვხდებოდი რატომ.
მისი ჩამოსვლის დღე რომ ახლოვდებოდა, ყოველ დღე ახალ-ახალ, ლამაზ სარაფნებს ვიცვამდი, დედაჩემი რომ დაუზარელად მიკერავდა და თავზეც შესაბამის თმის სამაგრს ვიკეთებდი. არ ვიცოდი როდის დამადგებოდა თავზე, ამიტომ სულ ლამაზი უნდა ვყოფილიყავი.
ათი წლის ვიყავი მაშინ. გულის ამოვარდნები დათოს დანახვაზე კი ერთი წლით ადრე დამეწყო. მანამდე ისიც ისეთივე ბავშვი იყო ჩემთვის, როგორც ბოქსაანთ მიშკა და გრიშკა - ტყუპი ძმები, მარტო მაშინ რომ ვეძახდით შვიდქვიანას და წრეში ბურთის სათამაშოდ, თუ ვინმე გვაკლდებოდა. არა, დათოს ვერ შევადარებ მათ, მაგრამ განურჩევლად გულგრილი დამოკიდებულება მქონდა, როგორც ტყუპებთან, ისე დათოსთან.
ერთ დღეს კი გავიღვიძე და აღმოვაჩინე რომ გულის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ლოდი მედო. რატო მედო ვერ მივხვდი, მაგრამ ლოდის სიმძიმეს დათოს „ფორმა“ რომ შემოჰყვა, მივხვდი რომ რაღაც კარგი არ ხდებოდა ჩემს თავს და უცბად მისი ნახვა ისე მომინდა, როგორც არასდროს. იმ დღის მერე ეს ბიჭი ერთი დიდი გაუგებრობა და თავის ტკივილი გახდა ჩემთვის. რა ვიცოდი ამ გაუგებრობას "პირველი სიყვარული" რომ ერქვა.
მისთვისაც რომ ზუსტად ისეთივე თავის ტკივილი ვიყავი, როგორც ის ჩემთვის, მაშინ გავიგე, როცა სხვა განზომილებაში ვცხოვრობდი და ამ კითხვაში ჩატეული ემოციის გარდა, არაფერი მოუტანია: "რატო არ მითხარი?" მაგრამ მაშინ არ იმჩნევდა. უფრო სწორედ, სხვანაირად იმჩნევდა, (ამასაც მერე მივხვდი, თორემ ბავშვები ვერც სხვისი საქციელის ანალიზში შედიან, ვერც საკუთარში. ყველაფერს ისე იღებენ, როგორც აწვდიან. ისიც პატარა იყო, ჩემზე სამი წლით უფროსი). სხვანაირი დამჩნევა კი ხან უწყინარ მავნებლობაში გამოიხატებოდა, ხანაც მაწყინარში. აი ასე უწყინრად მხვდებოდა ყოველ დღე კართან და თავზე წყალს გადამავლებდა, ან შავ თუთას შემაზელდა ცხვირ-პირში და ახლად გარეცხილ კაბაზე, ისევ მის მოსაწონებლად რომ მეცვა; ხან კაკლის ჭიას დამასვამდა კისერზე და ჩემს კივილს რომ გაიგებდა, კვდებოდა სიცილით. არც მე ვაკლებდი და ერთხელ შეშის ნაჭრით გავუტეხე თავი და მეორედ - წარბი, დიდი ემალის ჩაიდნით. გული მაინც სულ მისკენ მიმიწევდა და რატომ მიმიწევდა არ ვიცოდი, ვერც იმას ვიგებდი, რატომ ვიყავი მოწყენილი, როცა ვერ ვხედავდი.  კიდევ უფრო ვერ ვხვდებოდი, რატომ იცვლებოდა კარტის თამაშის დროს და სულ რატომ მეხმარებოდა და იტყუებოდა ჩემს სასარგებლოდ ან რატომ აგებდა და მაგებინებდა მე.
დათოს ყავდა უფროსი ძმა მიკა. საოცრად ლამაზი და მიუწვდომელი ბიჭი. ჩვენ, ბავშვებს თავს არ გვიყადრებდა. რომ დაღამდებოდა და დათო სახლში შესასვლელად ფეხს ითრევდა, მიკა გადმოდგებოდა ვერანდაზე და უმცროს ძმას გამოსძახებდა “არ გესმის ბიჭო? დავაი ეხლა დროზე სახლში!" და ეს იყო მისთვის სიტყვაშეუბრუნებელი ბრძანება. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
ერთხელ მახსოვს, სადღაც გაჰყვა დათო სხვა უბნელ ბიჭებს. მიკას მიუტანეს ამბავი "ლატოკებზე" წავიდაო. „ლატოკები“ იყო ბავშვების საყვარელი, მაგრამ საშიში ადგილი - დიდი სარწყავი არხი. ხან ვიზე ამბობდნებ ჩაიხრჩოო, ხან ვიზე. მშობლები არასდროს არ უშვებდნენ თავიანთ შვილებს. მაინც იპარებოდნენ.
მიკამ რომ გაიგო დათო "ლატოკებზე" წავიდაო, მოსწყდა ადგილიდან და გაიქცა, მთელი ის აღმართ-დაღმართი და წინა დღის ნაწვიმარი ატალახებული გრძელი გზა შეუსვენებლივ ირბინა. არადა ძალიან დიდი კი არ იყო დათოზე, ალბათ სამი-ოთხი წლით უფროსი, მაგრამ ბავშვებს დიდი გვეგონა და მორიდებით ველაპარაკებოდით. თვითონაც ესე ეჭირა თავი.
დათოს ჰკითხა ჩემმა ბიძაშვილმა მეორე დღეს, გეჩხუბა მიკაო? არაო, ვერც ლაპარაკობდა, სულ წითელი იყო და მგონი ტიროდაო, მაგრამ გუშინ არ მელაპარაკებოდა და დღეს იმ პირობით შემირიგდა, რომ იქ აღარასოდეს წავალო.
მიკაზე მეტი არაფერი მახსოვს. ჩვენზე დიდი რომ იყო, უფრო მალე გადავიდა იმ ასაკში, მშობლებს რომ აღარ დაჰყვებოდა სოფელში და მეტი მოგონებებიც აღარ მაქვს. ძალიან ლამაზი რომ იყო, მარტო ეს მაქვს ჩარჩენილი გონებაში. თავზე ფარფლებიანი სამხედრო ქუდი რომ ეფარა მუდმივად და სულ რომ იღიმოდა, თავისი საოცარი ღიმილით. ალბათ ყველა ეუბნებოდა, რა ლამაზი ტუჩ-კბილი გაქვსო და ესეც ეფექტურად იყენებდა. კონტაქტში ბავშვებთან იშვიათად შემოდიოდა, ძირითადად იჯდა ვერანდაზე და კითხულობდა.
დედა ყავდათ ძალიან კარგი ქალი. თბილი, კეთილი და ფაშფაშა. იმერელი იყო წარმოშობით და ქართლურ სიცივეს და სიუხეშეს მიჩვეულ უბნის ბავშვებს, მისი ლაღი და ხალისიანი ბუნება უცხოდ გვეჩვენებოდა და გვიზიდავდა. მე ვუყვარდი ძალიან. ჩემი ლამაზი გოგოო მეძახდა. წარმოუდგენელი იყო, ჩემ სოფელში ასე ვინმეს მოემართა შენთვის, ყოველ შემთხვევაში ჩემს ირგვლივ არ მახსოვს. სითბოს გამოხატვა კი არა, ღიმილს და გამარჯობას გამადლიდნენ. შენგან თუ რაღაც უნდოდათ, მაშინაც კი არ გიღიმოდნენ მოსათაფლად. ეს ქალი კი სითბოს და სიყვარულს დაუმადლებლად გასცემდა.
- დათო, დედიკო! მიკა, დედა! - ასე მიმართავდა შვილებს და ესეც ძალიან უცხო იყო ჩვენთვის.
ერთხელ ვერანდაზე სადილობდნენ და გარეთ რომ დამინახა, დამიძახა ამოდიო. ავედი და დამსვა მაგიდასთან. დათო და მიკაც იქ იყვნენ. დილიდან გავარდნილი ვიყავი სახლიდან და კუჭი მიწანწალებდა შიმშილისგან, მაგრამ პირი ვერაფერს დავაკარე. წარმოვიდგინე როგორ მიყურებდა ის ბიჭი იმ პროცესში, ორივე ლოყით რომ ვილუკმებოდი, ვის დანახვაზეც გული მუცელში მივარდებოდა და მეორე ბიჭი - მისი მიუწვდომელი ძმა, დავჯექი თუ არა, ის დასაწვავი ღიმილი რომ აიკრა სახეზე, ღიმილი რომელიც არავის არაფრად აგდებდა და მხოლოდ მის უპირატესობაზე მიანიშნებდა.
- დათო, დედიკო, წადი "სმაროდინები" მოუკრიფე ნათიას - ჩააგზავნა დედამისმა ბაღჩაში, რომ მორჩნენ სადილობას.
ესეც წამოხტა და ცოტა ხანში ამოდის პატარა ალუმინის ჯამით და ისიც ნახევრამდე გაუვსია, მეტი არ იყოო. ალბათ ერთი სული ჰქონდა, გულს როდის გამიხეთქავდა და იცინებდა ამაზე:
ჯამში ჩაუსვია დიდი ბოსტანა ჭია და ზემოდან დაუყრია „სმაროდინები“. მეორე დღეს თავი გავუტეხე შეშით. ხმა არ ამოუღია. არც კი გამიბრაზდა. გმირულად დადიოდა თავგადაბინტული...
ერთ ზაფხულს ჩვენს უბანში დასასვენებლად უცხო გოგოები ჩამოვიდნენ. შევატყვე რომ ერთი ეგრევე წინ აესვეტა დათოს. მე რაღაცა ცუდი ვიგრძენი გულში, მაგრამ რა მაწუხებდა ვერ მივხვდი. იმ წამსვე შემძულდა ეს გოგო. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ვიღაცას ეჭირა ჩემი გული და წვრილად მისერავდა დანით. სული მებჯინებოდა ყელში და საშინლად არ მომწონდა ჩემი ახალი მდგომარეობა. დათოს შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი ცვლილება და მწვალებლობის ახალ ხერხსაც უმალ მიაგნო: ადგა და თვითონაც აესვეტა წინ ამ გოგოს და დაიწყო არაბუნებრივი მზრუნველობის და სითბოს გამოხატვა მის მიმართ, რაც ჩემთან არასოდეს გამოუმჟღავნებია. როცა მე მხედავდა, ვითომ ვერ მამჩნევდა და იმას ელაპარაკებოდა მხიარულად და აცინებდა. ის „მახინჯი“ გოგოც კი უმატებდა და უმატებდა სიცილს, იყო თუ არა სასაცილო. დათო თან ჩემსკენ აპარებდა თვალს, ამოწმებდა აბა თუ ვამჩნევდი. ვამჩნევდი კი არა, თვალში მიბნელდებოდა, მაგრამ ინსტიქტურად თავს ვიჭერდი, ვითონ მეკიდა. რას გამოეპარებოდა? კარგად ხვდებოდა, რომ არ მეკიდა და მეც კარგად ვხვდებოდი რომ ხვდებოდა, არ მეკიდა. ჩახლართულია, მაგრამ ეგრეა. ჩვენი ჩუმი ომი ახალ ეტაპზე გადავიდა.
ეს ამბავი გაგრძელდა იქამდე, სანამ ამ გოგოს ოჯახში სხვა ნათესავი არ ჩამოვიდა რომელიღაცა დიდი პაპის გასვენებაში. ეს სხვა ნათესავი კი იყო ანსამბლ "რუსთვის" მოცეკვავე გოგა, 24 წლის. უცოლო და საკუთარ თავზე ბუმბერაზი წარმოდგენის. სანათესაოს თვალი და დასაქორწინებლად კარგი "პარტია", რომლის შესაფერისი გოგო ქვეყანაზე არ დაირებოდა და მითუმეტეს იმ ტერიტორიაზე.
რომელ კლასში ხარო, რომ მკითხა, ერთი ათად ავმაღლდი საკუთარ თვალში და გოგა კიდე ღმერთკაცობამდე ამაღლდა იმავე თვალში. დავასკვენი რომ მოვნუსხე-მეთქი და დათო იმ წამშივე დამიპატარავდა. გოგას კიდე ისე ვაინტერესებდით ეს სოფლის უბნის ბაჭაჭყანობა, როგორც მისი მასპინძლის სახლში წამოჭრილი პრობლემა: "გრძელ ბრინჯს წებოვნება არა აქვს, შილა-ფლავი ვერ შეიკვრება, მრგვალი ჩამოიტანეთო". ამის მოსმენას ისევ ჩვენთან დროის მოკვლა ერჩივნა, სამადლოდ ერთ-ორ კითხვას გადმოაგდებდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გაეცლებოდა სავალდებულო ნათესაურ შეკრებას და დაუბრუნდებოდა მშობლიურ ქობულეთის აღმართს.
ზუსტად ასეთივე გადმოგდებული სამადლო კითხვა იყო, რომელ კლასში ხარო, მაგრამ ჩემში უკვე დედოფალს გაეღვიძა და არაფრის დიდებით არ ვაპირებდი მის დათმობას. ერთ წამში წარმოვიდგინე, როგორ მივყვებოდი ღმერთკაც გოგას ცოლად; რა არაამქვეყნიური კაბა მეცვა წელს ზემოთ სულ თვლებით და მარგალიტებით გაწყობილი; ბოლოს და ბოლოს როგორ მაჩუქა დედაჩემმა თავისი ბრჭყვიალა თვლებიანი გვირგვინი, იმაზე ლამაზი არაფერი რომ არ მეგონა და ჩუმად გადმოვიღებდი ხოლმე და შევნატროდი; როგორ გაუსმევდა ცერებს ნეფე და გამომიცეკვებდა; მერე როგორ შემოიჭრებოდნენ დარბაზში დანარჩენი ანსამბლის წევრები და ცეკვა-ცეკვით გამაცილებდნენ ნეფის მხარის ქორწილში; მერე როგორ ჩავიქროლებდით მაყრიონთან ერთად შავ "ოცდაოთხზე" დამაგრებული ფატიანი თოჯინით და შუშის საწმენდებში გაჩხერილი ორი ცალი წითელი მიხაკით, გამაყრუებელი სიგნალების თანხლებით და ამ ყველაფრის დამნახავი დათო როგორ ჩამოყრიდა ყურებს, როგორ მოიწმენდდა ცინგლებს და ცრემლებს მაისურის სახელოთი და როგორ მიეცემოდა საუკუნო განსაცდელსა და სინანულს.
რა ნიშნებზე სწავლობო ?- გამომაფხიზლა ზმანებებიდან ბუმბერაზი გოგას მეორე კითხვამ.
- ხუთებზე ! - ვუთხარი და ნეტარებით ავივსე იმის მოლოდინში, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემი ხუთოსნობა მასზე.
- ვაა, შკოლნიცა ხარ? - გადამასხა უცბად ცივი წყალი. მაგრამ ეგ არაფერი მეთქი, გავიფიქრე. მიზანი დიადი იყო და გარკვეული.
რომელიღაცა დიდი პაპის გასვენებამაც ჩაიარა, მაგრამ გოგა კიდევ რამდენიმე დღე დარჩა და ესეც კარგად მენიშნა საჩემოდ.
იმ დღეს დისკოთეკა იმართებოდა სოფელში - ადგილობრივ და ჩამოსულ გოგო-ბიჭთა ლაციცის ადგილი.
ყველას უხაროდა დისკოთეკაზე წასვლა და მე კიდე ორმაგად, იმიტომ რომ ჩემი ყოველი წასვლა იქ იყო ჩემი "თავისუფალი ნების" გამარჯვება მშობლების დიქტატურაზე, თუმცა ერთი კვირით ადრე მიხდებოდა ხვეწნა-მუდარა და ბიძაშვილ-მამიდაშვილი ბიჭების მიგზავნა მამა ვარსქენთან რომ გავეშვი, რა თქმა უნდა მათი მეთვალყურეობის ქვეშ. ჩემი ბიძაშვილ-მამიდაშვილი ბიჭები და დათო სხვა უბნელებთან ცეკვის უფლებას არ მაძლევდნენ და ან სკამზე ვიჯექი და სხვების ცეკვას ვუყურებდი ან ბიძაშვილ-მამიდაშვილ ბიჭებს ვეცეკვებოდი "ნელებს". "ჩქარების" ცეკვის უფლება მქონდა, ოღონდ ესე ორი მეტრი დისტანციაზე ბიჭებისგან. დათო თვითონ არ მეცეკვებოდა. მწყინდა.
მივდივარ დისკოთეკაზე ბავშვებთან ერთად ბედნიერებისგან თავბრუდახვეული და პატრონს ჩაბარებული. ყველა ვინც მე მინდა, იქაა. პირველ რიგში - დათო. ის „მახინჯი“ გოგო მოყვებოდა ხელკავით. მაგრამ იმ წუთას არც ერთი არ მაინტერესებდა, რადგან გოგაც მოდიოდა და მე კი უკვე მისი ვიყავი ჩემს ოცნებებში.
ისე ვიყავი გაპრანჭული, თავი სამყაროს ცენტრი თუ არა იმ სოფლის ცენტრი მეგონა და ვერაფრით წარმომედგინა, რომ ბუმბერაზი და ღმერთკაცი გოგა ჩემს ფერხთით არ დაეცემოდა და საერთოდაც ვინმეს თუ დავტოვებდი გულგრილს. მაკიაჟი გავიკეთე ჩუმად სახლში, თმაზე „ბრონზები“ შევიყარე და სამსონაათ დათოს ისე ჩავუარე რომ ეგრძნო, სად ის და სად მე!
გზად მაყვლის ბუჩქები შეგვხვდა და შევესიეთ. ბუჩქების სიღრმეში მინდოდა ტოტისთვის ხელის წავლება და წინ გადავიწიე. ეს ბუჩქები კი პატარა ხევის პირას იყო ამოზრდილი და ცოტა სიღრმეში ძირი არ ქონდა. ვერ დავინახე, წავიწიე და ხევშიც ჩავიჩეხე. სანამ ძირამდე მივაღწევდი მაყვლის ტოტებში და ეკლებში ავიხლართე და იქიდან თავის დასაღწევად, მთლიანად დავიკაწრე მთელი სახე და სხეული და არც თუ მსუბუქად.
ისევ დათომ მიშველა და ამომათრია. სულ სათითაოდ დამაძრო ეკლები და სახლამდეც თვითონ მიმაცილა. ის გოგო არც გახსენებია, რომ გზაზე დატოვა. ბუმბერაზმა და ღმერთკაცა გოგამ კი გზა განაგრძო დისკოტეკისკენ.
მეორე დღეს სახლში მომაკითხა დათომ, ნახე რა მოგიტანეო და მაისურის ქვემოდან, დამალული ორი ცალი მოხარშული „სგუშონი“ გამოაძრო. ვინ მოგცა-მეთქი, ვკითხე. გალინას სარდაფიდან მოვიპარე და მერე მე მოვხარშეო. ვიცი რომ მოხარშული გიყვარსო. უცბად ვიგრძენი რომ სადღაც ქვემოთ მუცელი ამტკივდა და ეს სულ ახალი და უცნაური შეგძრნება იყო ჩემთვის. ნეტა დრო გაჩერდეს მეთქი, ვნატრობდი.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ადამიანურად დაველაპარაკეთ ერთმანეთს და ის ზაფხულიც ბოლო აღმოჩნდა ჩვენს ურთიერთობაში.
დედამისს იმ ზამთარს კიბო აღმოაჩნდა და ძალიან მალე გარდაიცვალა. მამამისმა ისე გაყიდა ის სახლი, არც კი ჩამოსულა, მერე მეორე ცოლი მოიყვანა და თბილისშიც სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. შვილებს კი ისე აეწეწათ ცხოვრება დედის სიკვდილის შემდეგ, რომ აღარც დალაგებულან.
ძალიან ცუდი ხმები მომდიოდა, ძალიან. გული მტკიოდა და არც ვკითხულობდი სიმართლე იყო თუ არა.
ესე გავიდა ორი ათეული წელი და მხოლოდ ის თუ მესმოდა ხანდახან, რომ „იმ ამბის“ შემდეგ არც ერთი ძმა აქ არ გაჩერდა და ერთი მოსკოვში წავიდა, მეორე საბერძნეთშიო.
ერთ დღესაც სკაიპში მიპოვა.

- ნათი, როგორა ხარო - მომწერა.
- კარგად დათო, შენ როგორა ხარ-მეთქი - ვკითხე, ისე თითქოს წინა დღის გასული იყო ჩვენი ეზოდან და მეორე დღეს ჯოკრის სათამაშოდ შემოვიდა.
საუბრის დროს მიკა მოვიკითხე და მეუბნება:
- აღარ მყავს მე ძმა ნათი, სიცოცხლეშივე მოკვდა ჩემთვის. ხო იცი ეგ ამბები, გაიგებდი.
- გავიგე, მაგრამ არ დამიჯერებია დათო.
- ეგრე იყო ეგრე. შენ კი არა მე არ მჯერა დღემდე. აზრზე ხარ გოგო? ჩემი ძმა, ჩემი მიკა. აი ხო აზრზე ხარ როგორ მიყვარდა.... რა ვიცოდი რომ ერთმანეთი უყვარდათ ჩემამდე. მერე მიკამ მიატოვა და მე გამომყვა იმის ჯიბრით, მის ახლოს რომ ეტრიალა. იცი რას ვერ ვპატიობ? გასაცნობად რომ მივუყვანე, ხმა არ ამოუღია. არ ვიცი შენ როგორ გითხრეს, მაგრამ მე არ მიცემია არც ერთი მაშინ, არც კი მინახავს, სახლში მისულს წერილი დამხვდა, გვიყვარს ერთმანეთი და მივდივართო.
- რავი, ესეთ დროს რა უნდა გითხრა, დათო?. პირველი შოკი მაშინ მივიღე, ეს ამბავი რომ ჭორად გავიგე... სად წავიდნენ, ერთად არიან ისევ?
- მოსკოვში. - ეეჰ, რა ერთად? შენ არ იცი ეგ ამბები, მერე რა მოხდა. ჩემი ბიძაშვილის ქორწილი იყო და ძალიან მეხვეწნენ ჩამოდიო, საბერძნეთიდან ჩამომიყვანეს, თურმე ჩვენი შერიგება უნდათ ნათესავებს და მიკასთვისაც უთქვამთ ჩამოდიო. იმან იცოდა, მე არა. რო დავინახე თვალში დამიბნელდა, რამდენ ხანს ვიკავე თავი არ ვიცი, მაგრამ მერე დანა ამოვიღე და დავჭერი. ჩაიშალა ქორწილი. გადარჩა. იცი რაზე ვავგიჟდი გოგო? არანაირი სინანული, არანაირი დანაშაულის გრძნობა... ვაბშე არ ეტყობოდა. თითქოს დამცინავადაც კი მიყურებდა. არც ერთი ნათესავი ჩემს მხარეს არ დადგა. ყველა დავკარგე ყველა, მამაც კი... არ მიჩივლა...
- ვაიმეეე!!! ასე მგონია ვიღაც სხვის ამბებს ვისმენ. ეხლა სადაა?
- ვინ, მიკა? რა სადაა? აფხაზეთის ომში მოკლეს და ისევ ჩემი ჩამოსაყვანი გახდა და ჩემი დასამარხი. ყველაფერი გავუკეთე, რაც შეიძლებოდა, მერე - საფლავიც. მაინც ვერ ვაპატიე.
- რეეებს მეუბნებიი???
- ეგრეა ეგრე.
- ვაიმე ყოველი მომდევნო რაღაცა, რასაც მეუბნები წინაზე უარესია, გავგიჟდი. - ის გოგო სადაა?
- თბილისშია, ერთი შვილი ყავს ჩემს ძმასთან. იცი როგორ გავს მიკას? მე ვპატრონობ. როცა ჩამოვდივარ ავდივარ ხოლმე. აღარც ზიზღი მაქვს, აღარც ბრაზი, მეცოდება.
- და თვითონ რას ამბობს?
- რა უნდა თქვას? მიკა რო ცოცხალი იყოს, ალბათ არც ჩემს ძმიშვილს არ ვნახავდი, მაგრამ ეხლა არ გამოვა სხვანაირად.
- და ეხლა რას შვრები?... შვილები, ცოლი?
- მეორე ცოლს გავშორდი ეხლა. პირველთან ორი მყავს. მოსკოვში არიან. პირველ სიმამრთან დიდი კონფლიქტი მომივიდა, ერთად ვიყავით საქმეში. იქამდე მივიდა, რომ მოკვლა დამიპირა. წამოვედი და საბერძნეთში წავედი. მერე აქაც რაღაცა მოხდა და ციხეში ვიჯექი. გამადეპორტეს. ისევ გადავიპარე.
ეხლა სულ ვაპირებ ჩამოსვლას. შენი ამბები ვიცი,  ვახოს ვკითხე და ვიცი რომ კარგად ხარ. რომ ჩამოვალ იქნება შევიკრიბოთ ყველა ერთად, ბავშობა გავიხსენოთ. ერთადერთი ბედნიერი ხანა იყო ჩემს ცხოვრებაში. რაც საწყალი დედაჩემი მოკვდა და იქიდან წამოვედით, იმის მერე კარგი აღარაფერი მომხდარა.
- დათო...
- ხოო?
- იცი რო ბავშობაში მიყვარდი?
- ეეჰ, ეგ მე მკითხე გოგო, მე მკითხე!!! პირველი სიყვარული იყავი ჩემთვის და ეგრეც დარჩი.
- რატო არ მითხარი?
- მრცხვენოდა. დებილი ვიყავი. თან მეგონა რომ სიყვარული მაშინ იყო ნამდვილი, თუ არ გაამჟღავნებდი.
- თავზე რო ტალახიან წყალს მავლებდი, იმისი ხო არ გრცხვენოდა?
- შენ ხო მაკლებდი! თავი რო გამიტეხე გახსოვს? როგორ მისწორდებოდა არ იცი. დედაჩემმა მითხრა ეგ რანაირი სიყვარულია, სულ დაჩქმეტილი და დალურჯებული ამოდიხარო.
- მე გჩქმეტდი?
- ხოო აღარ გახოვს? თან რა მწარე ხელი გქონდა.
- არა ეგ საერთოდ არ მახსოვს...
- გოგო შენი დის ამბავიც გავიგე...
. . .
საუბარს რომ მოვრჩით, მივხვდი რომ ყველა იმ ფურცლის ამოხევა მინდოდა ტვინიდან, რაც კი მის თავს მახსენებდა. იმიტომ არა რომ საკუთარი თავის შემეშინდა ან გრძნობები ამეშალა. როგორც კი სახლი გაყიდეს და წავიდნენ, თვალს და ყურს მოეფარა თუ არა, დათო ისევ ბოქსაანთ მიშკა და გრიშკად იქცა ჩემთვის და ეგრეც დარჩა ბოლომდე. უბრალოდ მთელი თავისი ისტორიით იმდენად დამთრგუნა, ვერაფრით წარმოვიდგინე რომ ეს ღმერთებისგან მიტოვებული უბედური ბიჭი რამენაირად არსებობდა ჩემს ცხოვრებაში სამსონაანთ დათოს სახით...

მესამე ცოლი რომ ჩამოვიდა, აქ მოიყვანა.
ჩემს ბიძაშვილთან ვიყავი ერთ ახალ წელს გასული და იქ დამხვდა ორსულ ცოლთან ერთად. ბებერ ბავშვს გავდა. ნაკვთები არ შეცვლოდა და პირდაპირ ბავშვურ სახეზე ამოსვლოდა ღრმა ნაოჭები. მარტო თვალები აღარ ჰქონდა ბავშვური.
გავიხსენთ ყველამ ბევრი რამე, ბევრი ვიცინეთ. ისე ვისხედით სუფრასთან და ვმხიარულობდით, ვითომ პირდაპირ იმ ბავშვობიდან გადმოვვარდით ბედნიერები და ლაღები და შუაში ამდენ სიკვდილს არ ჩაევლო...
. . .
დათო მოკვდაო, რომ დამირეკა ჩემმა ბიძაშვილმა, არც არაფერი მიგრძვნია იმ წუთას.
კაი რას ამბობ, რითი მეთქი - ვკითხე.
მამამისთან იყო ჩასული, დაიძინა და დილით მკვდარი ნახეს ლოგინშიო. ან გული ან... რა ვიცი...-ო.
41 წლის იყო.
. . .
მის კედელზე შევედი. დაბადების დღე ქონდა ამ თვეში.
ზოგი ერთი სიტყვით ულოცავს: (ალბათ მარჯვენა პანელზე ხედავს ფრენდების დაბადების დღეებს, არც იცის ვინაა და იქვე გრაფაში იხდის მოვალეობას)
Gilocavt:)
ზოგი ღმერთს ავედრებს მის სულს:
natelshi amyofos ufalma sheni spetaki suli
ერთი ჩვენი ყოფილი საერთო ფრენდი ვერ ხვდება, რომ ცოცხალი აღარაა ხუთი წელია და ჯიუტად ულოცავს ყოველ წელს:
მრავალს დაესწარით დათო!
გული შემეკუმშა.
ვიღაცისთვის დათოა - თქვენობითში, ვიღაცისთვის დათუნა, ვიღაცისთვის ბატონი დავითი, ვიღაცისთვის უსახელო ფრენდი, მაგრამ არც ერთისთვის არაა სამსონაანთ დათო და მე მგონი, ბავშობის მერე, არც არავისთვის ყოფილა...