პერლაშეზის სასაფლაოზეც მიბოდიალია საათობით, ჯიმ მორისონის საფლავზე შესანდობარისა და შოპენისთვის იმის სათქმელად, რომ შენმა ეტიუდებმა სიცოცხლე გამიმწარა მეთქი.
მონპარნასის სასაფლაოზე პაპაჩემის (მეორე პაპა) ხულიო კორტასარის საფლავზეც ჩამოვმჯდარვარ და იქვე, გულში კლასობანა მითამაშია მასთან, თან ვუყვებოდი, პატარა გორაკზე როგორ დავდგებოდი რელსებთან ახლოს და შემხვედრ მატარებლებს როგორ ვეჯღანებოდი. მერე მის მეზობლად ბობოქარი სერჟ გინსბურგის საფლავზეც გადავსულვარ, როგორიც თვითონ იყო, საფლავიც ისეთივე რომ აქვს, კოცნებით აჭრელებული და ყვავილების ზვინის ქვეშ მოქცეული... იქაც რომ არ ასვენებენ...
რეიმსის სასაფლაოზეც შევჭრილვარ გზააბნეული, შესასვლელი რომ აქვს და გამოსასვლელი არა, ყველა საფლავი რომ კულტურული პაციენტის კბილებივითაა ჩაწიკწიკებული და მოვლილ-გაპრიალებული.
მონ სენ მიშელის კენწეროში ბერების სასაფლაოც შემომივლია ღამით და გამაყრუებელი სიჩუმისთვის დამიგდია ყური.
როკამადურის შუა საუკუნეების სასაფლაოზეც გავლუმპულვარ წვიმის ქვეშ, მერე იქვე პატარა ბარში შევყუჟულვარ და მიცქერია როგორ ჩამოსდიოდა ცა თავზე კლდეზე იარუსებად შეფენილ მონასტერს.
მაგრამ მონმარტრის სასაფლაო სულ სხვაა. პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი უბნიდან უცბად ისეთ მისტიურ სიმყუდროვეში, სიმწვანეში და სიჩუმეში ხვდები რომ გამოსვლა აღარ გინდა. თითქოს ისხლიტავს ქალაქის არსებობას მის გარშემო. მეტროც კი ვერ გირღვევს სიმყუდროვეს, ზედ სასაფლაოს თავზე რომ გადადის. რაღაცნაირად ისეა შემოჭრილი ქალაქის სიცოცხლე სასაფლაოზე რომ თითქოს ერთად არ არსებობენ და პარალელურ განზომილებებში არიან.
დალიდას საფლავი მინდოდა მენახა პირველად. წინა დღეებში მისი კაბების გამოფენა იყო მოდის მუზეუმში და შთაბეჭდილებები მქონდა გამოყოლილი.
ხომ არიან ავბედითი ქალები, ვერც თვითონ რომ ვერ ისვენებენ და არც სხვას აძლევენ მშვიდი ცხოვრების საშუალებას. ესეთი იყო დალიდა, ფრანგულ-იტალიურ-არაბული ვნებებით მოზელილი. სამმა კაცმა მოიკლა თავი მის გვერდით და ბოლოს თვითონაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
დალიდას საფლავის წინ ელენის საფლავია. არც გვარი, არც დაბადება-გარდაცვალების წლები. აი ასე ელენი და მორჩა. ან რა მნიშვნელობა აქვს... იყო ერთი გოგო ელენი და ელენად დარჩა...
მერე ფრანსუა ტრიუფოს საფლავზე წავედით. ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივ საფლავებს შორის ერთი ჩვეულებრივი შავი მარმარილოს ქვა დევს მიწაზე, შემოუსაზღვრელი. არც პომადიანი ტუჩების კვალია სადმე, არც მეტროს ბილეთები, არც მონეტები და ბარათები და არც ყვავილების ზვინი ადგას ზედ, როგორც სერჟ გინსბურგის საფლავს. ჰოო საფლავებიც თავიანთ პატრონებს გვანან: ის, ვნებათაღელვის ქვეშ მოქცეული., ეს კი ერთი ცალი ვარდით გულზე.
სასაფლაოს კიდეში ღობესთან დგას ედგარ დეგას საფლავი, უფრო სწორედ, საოჯახო აკლდამა, რომელსაც ოჯახის გვარი აწერია მარტო და იმიტომ ვერ მივაგენით დიდხანს. აკლდამის კარის ძირი ქვითაა ამოქოლილი, როგორც ჩანს დიდი ხანია არავინ შესულა შიგნით.
მერე კამელიებიანი ქალი მარგარიტა გოტიე გაგვახსენდა და იმ კურტიზანი ქალის ნახვა მოგვინდა შვილი ალექსანდრე დიუმა რომ ეტრფოდა - მარი დუპლესის. დიდხანს არ დასცალდა კამელიებიან ქალს ცხოვრებით და ვნებებით ტკბობა. 23 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. საფლავზე ეს „უცნაური“ სიმბოლო მარის პროფესიას მიანიშნებს თუ სხვა რამეს ვერ გეტყვით. მის ქვაზეც არაერთი პომადიანი კოცნის კვალია. ეტყობა რაღაცა ცრურწმენის რიტუალია.
მერე დავუყევით საოჯახო აკლდამებს და სარკმლებიდან ვათვალიერე. ზოგს პატრონი ყავს, ახალ ყვავილებზე ეტყობა, ზოგის კარიც წლებია არავის შეუღია. შანდლები და ფოტოები გახვეულა ობობების ქსელში და პატარა ქანდაკებები როგორც ჩამომტვრეულა, ისევე დარჩენილა.
აი ეს ჩარჩოდან ამოვარდნილი ფოტო ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭისაა. ალბათ ორი საუკუნის წინ მოკვდა, დუელში მოკლეს ან დიდი ფული წააგო და თავი მოიკლა, ან დიფტერია შეეყარა, ან შეუყვარდა და სევდით მოკვდა. ეს აკლდამა ისე გამოიყურება, რომ რაც ააგეს და კარი გამოიკეტეს იმის მერე არც არავის მოუკითხავს. ამაოდ ვცდილობდი ფოტოზე რამის გარჩევას, მაგრამ უშედეგოდ.
გამოსვლისას ეს პატარა შავი ავაზა შემეფეთა თავისი უმწვანესი თვალებით. რაო რა გინდა მეთქი? - ვკითხე. ღირსადაც არ ჩამთვალა „მიაუ“ დაეკნავლა, ზურგი შემაქცია და გამეცალა.
მერე კიდე დიდხანს ვიარეთ ქვაფენილიან ბილიკებზე და სიცოცხლეში გამოვედით.
გამოსვლისას ეს პატარა შავი ავაზა შემეფეთა თავისი უმწვანესი თვალებით. რაო რა გინდა მეთქი? - ვკითხე. ღირსადაც არ ჩამთვალა „მიაუ“ დაეკნავლა, ზურგი შემაქცია და გამეცალა.
მერე კიდე დიდხანს ვიარეთ ქვაფენილიან ბილიკებზე და სიცოცხლეში გამოვედით.





































