Thursday, March 16, 2017

"შემდეგი გაჩერება - როკამადური"




ბავშვობაში და მერეც დიდობაში, როცა რაღაც გამიხარდებოდა ან ძალიან მომეწონებოდა, სასწრაფოდ მინდოდა იმ ადამიანისთვის გამეზიარებინა, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა.
ჰოდა, ერთხელ, რვა-ცხრა წლის რომ ვიყავი, ტელევიზორში, რაღაც გადაცემაში კლდეზე შეფენილი პატარა, ულამაზესი ქალაქი აჩვენეს. ზღაპრების კითხვის დროს წარმოვიდგენდი ხოლმე ზუსტად ასეთ სამეფოს, სადაც მე ვიყავი პრინცესა. 
არწივების საუფლოო, ასე უწოდეს. სუნთქვაშეკრულმა გავძახე დედას:
-დეე, მოდი ჩქარა რაა! - ნახე რა ლამაზია! - ვუთხარი და ხელი ჩავკიდე, როგორც იმ წამის სიხარულის ერთადერთ გამზიარებელს.
მერე დიდობაში, ერთ დღესაც ამ ქალაქის თავზე ვიდექი კლდესთან, ხელი მქონდა ჩაკიდებული მისთვის, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა და სუნთქვაშეკრული ვეუბნებოდი:
- ხო ძალიან ლამაზია?
მანამდე კი ...
როცა მარსელი ილა დედამიწელ ადამს შეხვდა  და ერთმანეთის სიზმრებში დაიწყეს ცხოვრება, ადამმა ჰკითხა ერთხელ, რომ გამოვფხიზლდებით და დედამიწაზე წაგიყვან, სად გინდა პირველად ერთად რომ წავიდეთო. ილამ, არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა - როკამადურშიო. სად არის ეგო - ჰკითხა ადამმა. არწივების საუფლოშიო. ეგ სადღააო? არ ვიცი, მაგრამ სადღაც ჩემს ბავშვობაში, დანარჩენს ერთად მივაგნებთო. - უთხრა ილამ.
მიაგნეს...
მანამდე კი იყო პარიზი და ოსტერლიცის სადგური. მაგრამ სანამ ოსტერლიცში შევალთ, ჩემს "ამოჩემებაზე" მოგიყვებით, "რკინიგზის სადგური" რომ ქვია. 
რკინიგზის სადგური - ეს არის ადგილი, სადაც ვბავშვდები, სადაც ვმჩატდები და სადაც უმიზეზო ბედნიერების განცდა მეუფლება. ყველაფერი მიყვარს, რაც მისი ხსენებისას წარმოგიდგებათ: რელსების მაზუთის სუნი, მატარებლის სიგნალი, ბორბლების რიტმული რახრახი, დიქტორი ქალის ცხვირში წაჭერილი ხმაც: " მატარებელი ნომერი ესა და ეს შემოდის ამა და ამ ლიანდაგზე" ბილეთების უჟმური გამყიდველებიც, გამოციებულსახიანი გამცილებლებიც, რომ გგონია თითქოს აქვე დაიბადნენ, აქვე გაიზარდნენ და აქვე დაბერდებიან. ხის სკამებიანი ბორჯომი-თბილისის მატარებელიც, ყველა მიყრუებულ და მარტოსულ სადგურზე რომ აჩერებს, მაგალითად სადგურ "მირიანში".
ჩამკიდებდა ბებიაჩემი ხელს და დამატარებდა მატარებლით, ხან სად, ხან სად. იმ ღამეს სიხარულით არ მეძინა, როცა მეორე დღისით მატარებლით უნდა მემგზავრა. ბაქანზე ლოდინი მიყვარდა ყველაზე მეტად და მგზავრების თვალიერება.
90-იან წლებში რამდენჯერ გათიშულა დენი მგზავრობისას. მარტო მე მიხაროდა, დიდხანს ვიჯექი და ვისმენდი ნაირ-ნაირ ამბებს. განსაკუთრებით ღამით მიყვარდა ასეთი შემთხვევები, მგზავრები სანთლებს ანთებდნენ ვაგონში და მოსმენილი ამბებიც უფრო საინტერესოდ მეჩვენებოდა.
მერე ძალიან ბევრი წელი რკინიგზის ქუჩაზე ვიცხოვრე, სადგურის გვერდით და ღამით ვუსმენდი ძილის წინ, ყველაფერი რომ მიწყნარდებოდა, მატარებლების ხმას და სიგნალს. ძილის წამალივით იყო. ბურანში მიდიხარ, მატარებლის სიგნალი გაცილებს და თითქოს შენც მიყვები შორეულ მოგზაურობაში.
ყველაზე ძალიან ის ამბები, მოთხრობები, ფილმები მიყვარს, რომელიც რკინიგზის სადგურზე და მატარებელში ხდება.
მიტოვებული, ძველი რკინიგზის სადგურებიც მიყვარს, აქა-იქა გაშიშვლებულ კედლებიანი შენობებით, ტიტველი ადგილებიდან ობმოკიდებული წითელი აგურები რომ მოსჩანს, ზემოდან გაფხვიერებული ცემენტის და უფრო ზემოდან გახუნებული საღებავის რამდენიმე ფენა, ალაგ-ალაგ ჩამოგლეჯილი ფანჯრები ან ფანჯრების ნარჩენები, ზოგგან რო დაბერებული ხის ჩარჩოებიღა შერჩენია ან დიდი ხნის ჭუჭყის ფენით შელესილი ჩამტვრეული მინები, თუმცა ხის დარაბები რომ მაინც, ყველა, ადგილზეა, როგორც მოხუცი დარაჯი, რომელსაც აღარაფერი შეუძლია, მაგრამ აქ, ერთ დროს არსებულ სიცოცხლის ხსოვნას დარაჯობს. შენობის შიგნით რომ ყველაზე საღად, მოზაიკის იატაკი გამოიყურება, მოსაცდელი სკამების ადგილას რომ ოდნავ გალეულა. კედლის ერთ მხარეს რომ პატარა გამოჭრილ ადგილს შენიშნავ და ეგრევე თვალწინ დაგიდგება შინდისფრად თმა შეღებილი, წვრილტუჩებიანი ცხვირშიმოლაპარაკე მოლარე და იაფფასიანი ტუალეტის ქაღალდისფერი პატარა ოთხკუთხედი ბილეთი, ზედ რომ აწერია 80к; შენობის გარეთ ბაქანზე, ღია, გადახურული მოსაცდელი, რკინის რიკულებით და გრძელი ხის სკამები, საღებავი რომ ბოლომდე გადასცლიათ. მაგრამ ყველაზე სევდიანი მაინც დაჟანგებული რელსებია, დიდი ხნის მკვდარ ხის ნაჭრებზე რომ დევს, სიცოცხლე რომ მაინც არ ტოვებს და რელსებს შუა ბალახად ამოდის. 
დგახარ და სმენას ამახვილებ, იქნება შორიდან მომავალი მატარებლის ყვირილი გაიგო, ან გამოიძახო გონებაში წარსულიდან. 
მერე საიდანღაც უცბად გამოჩენილ მაწანწალა ძაღლს მოჰკრავ თვალს, ბაქანზე რომ ისე ჩაგივლის, შემოხედვაც დაეზარება. მერე რელსების მაზუთის სუნს იგრძნობ, ყველაზე ძალიან რომ გიყვარდა ბავშვობაში და სწრაფად გაეცლები იქაურობას. ბავშვობა ხო ყველაზე ბოლო სადგურია... დასაწყისიც და ბოლოც. დაავადებული გონებაც კი არასოდეს შლის მეხსიერებიდან...  
რკინიგზის სადგური ის ადგილია, სადაც იწყება და მთავრდება ისტორიები და ჩემთვის კი გაცილებით მეტი, ვიდრე ის ადგილი, სადაც იწყება და მთავრდება ისტორიები, რადგან ბევრი რაღაც განმიცდია აქ. 
საფრანგეთის რკინიგზის სადგურებმა კიდევ უფრო შემაყვარა ეს "პორტალი":
















































































































































































ყველაზე მეტად კი Gare d'Austerlitz მიყვარს. როგორც კი ფეხი შევდგი პირველად, მაშინვე ვიცოდი რომ ყველაზე მეტად მეყვარებოდა, ეს ხომ ის ადგილი იყო, ბავშვობაში ოცნებად ჩაფიქრებულ პატარა მისტიურ ქალაქთან ხუთი საათით რომ მაშორებდა. ვერ ვიჯერებდი თუ ოდესმე დასრულდებოდა ეს ხუთი საათი და ფეხს იმ მიწაზე დავდგამდი, ყოველ ღამე რომ წარმოვიდგენდი ხოლმე პრინცესობისას და თან ჟანეტა არჩვაძის რბილი და სასიამოვნო ხმა ჩამესმოდა "არწივების საუფლო... არწივების საუფლო..."
შევედი თუ არა სადგურზე, ყველა წვრილმანმა იმხელა მნიშვნელობა შეიძინა, რომ ჩემს მახსოვრობაში სათითაო უჯრა დაიკავა.
ერთ უჯრაში სადგურის ვიტრინებიანი უსახური კაფეა, დილის შვიდ საათზე რომ მივადექით მე და ადამი, ჯერ კიდე მაგიდიდან სკამებგადმოულაგებელს და შესვლისთანავე, ოფიციანტი ბიჭი ისე რომ დაფაცურდა, ვითომ ერთი სული ჰქონდა როდის შევიდოდით.
მეორე უჯრაში მისი მოტანილი გაუგებარი სენდვიჩისა და არც თუ ისე გემრიელი ცხელი შოკოლადის პირველი ყლუპის გემოა შენახული, იმ წუთას რომ იმაზე სასურველი არაფერი მეგონა.
მესამე უჯრაში კრემისფერ საწვიმარსა და კრემისფერ შლიაპაში გამოწყობილი 65 წლამდე კაცია, ხელჯოხით და შავი ქოლგით რომ შემოკაკუნდა და დაჯდომისთანავე "La tribune internationale" გაშალა. მერე ოფიციანტს რაღაც ანიშნა ჟესტით და მანაც ყავა და კარამელიანი ვაფლი მოურბენინა. მივხვდი რომ ყოველდღიური მგზავრი იყო და ყოველ დილით ერთსა და იმავეს მიირთმევდა. ნეტა სად დადის-მეთქი გავიფიქრე, - შვილთან, საყვარელ ქალთან თუ სამსახურში, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ალბათ მაინც სასტუმროს რეგისტრატორი იყო, სადღაც ლიმოჟში ან კლერმონ ფერანში.
მეოთხე უჯრაშია მატარებლების განრიგის გამოცხადების მუსიკა, ღრუბლებით შემღვრეულ და საწვიმრად გამზადებულ დილის ცას რომ უხდება ყველაზე მეტად.
მეხუთე უჯრაში დევს მატარებლის დაძვრის პირველი წუთი ჩემი ბავშვობისკენ და ოპერატორის ხმა, სადგურების მიმდევრობასა და მგზავრობის წესებს რომ მატყობინებდა.
მეექვსე უჯრაშია გიზო სიხარულიძისა და ედიშერ მაღალაშვილის დიალოგი რადიოსპექტაკლში "შემდეგი მატარებელი ერთ საათში გავა", გზაში რომ ვუსმენდი.
და ყველა ამ უჯრაში დგას ის სუნი, არაფრის სუნი რომ არ აქვს, მაგრამ ყოველი გახსნისას ბედნიერებისგან მაბრუვებს ერთი წამით...

როგორ მოვხვდეთ როკამადურში?
ჩავდივართ პარიზში, მივდივართ ოსტერლიცის სადგურში, რადგან საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებს ეს სადგური ემსახურება. ვყიდულობთ ბილეთს პეიბოქსში ან ოპერატორთან. მატარებელი ჯერ აკვიტანიის რეგიონში ჩადის, სიმწვანეში ჩაფლულ პატარა კოხტა ქალაქში  Brive-la-Gaillarde და მერე იქიდან ასეთი ერთვაგონიანი რეგიონალური მატარებლით სამხრეთ პირენეებში. ამ ქალაქის დათვალიერება უკანა გზაზე მოგვიწია იძულებით, მაგრამ "ზოგი ჭირი მარგებელია" გამოდგა. უკან რომ დავბრუნდებით, მერე მოგიყვებით.






პარიზიდან ბრივ ლა გაიარდამდე ხუთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, რეგიონალური მატარებლით მგზავრობას როკამადურის სადგურამდე 40 წუთი დასჭირდა და მთელი 40 წუთი კამერით ვიღებდი გზას. ბავშვობის ოცნების ახდენამდე მისასვლელი ყველა წუთი და წამი მინდოდა დამეფიქსირებინა და მატარებლიდან გადმოვდგი თუ რა ფეხი, ისევ ის ბავშვი გავხდი უცბად, ბებიას რო ჩამოჰყავდა ვაგონის კიბიდან ხელჩაჭიდებული. არც მანამდე და არც მერე მატარებლიდან ჩამოსვლისას, ისეთი განცდა აღარ მქონია, რაც მაშინ, როცა სადგურის შენობაზე ამ სახელს მოვკარი თვალი.



















































ჩვენს გარდა სადგურზე არც არავინ ჩამოსულა, არც არავინ დაგვხვედრია, მოლარის და დისპეჩერის გარდა. ერთი სიტყვა არ იცოდნენ ინგლისურად. ირგვლივ არაფერი იყო, არანაირი სხვა შენობა, არანაირი ტრანსპორტი. არც არაფერი მიგვანიშნებდა რომ იმ ადგილას ვიყავით, ფოტოებიდან რომ ვიცოდი და მე რომ მახსოვრობის ყველაზე ქვედა შრეებში მქონდა შენახული. საითაც არ გავიხედე, ყველგან ვაკე იყო - კლდეზე შეფენილი ქალაქი არსად ჩანდა. ცოტა კი დავეჭვდით, იქნებ სხვა როკამადურში ამოვყავით თავი თქო, მაგრამ მერე გადავამოწმეთ რომ ეს იყო - "le seul et unique". ამასობაში როგორღაც გავაგებინეთ მოლარეს რომ ტაქსი გამოეძახებინა ქალაქიდან.
მერე კიდევ ოთხი კილომეტი ვიარეთ.
მე ისევ ამაოდ ვეძებდი კლდეზე შეფენილ ქალაქს, რომ უცბად ტაქსისტმა მანქანა გააჩერა ერთ ადგილას და გვითხრა, ცოტა ხნით გადმოდით, ამ ქვასთან მიდით და გადაიხედეთო.  გადავიხედე და უცბად რომ აღმოგხდება: ეს არის!!! აი ეს არის ეს!!! კიი, კიი!!! მოდი ჩქარა!!!


ვიდექი მონუსხული, ვუყურებდი და თან კადრები უკან მირბოდა იმ ოთახისკენ, ტელევიზორის წინ რომ ვიჯექი პატარა სკამზე და გადაცემას ვუყურებდი როკამადურზე...
არ დაიჯეროთ რომ "ოცნება იქამდეა თქვენი, სანამ მიაღწევთ და როცა მიაღწევთ, მერე სხვისი", არ დაიჯეროთ! მერეც თქვენია და კიდევ უფრო თქვენი, რადგან ყველაზე კარგ მოგონებად ქცეული ახდენილი ოცნება უდიდეს ადგილს იკავებს თქვენს მახსოვრობაში და თავშესაფრად იქცევა - ყველაზე უსაფრთხო და უღალატო თავშესაფრად. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად იხდენთ ოცნებებს და ვისთან ერთად ხდება თქვენი მოგონება თქვენივე თავშესაფარი. ჰოდა, ვიდექი კადრებად გადახვეულ ჩემს ბავშვობასთან და ახდენილ ოცნებასთან პირისპირ, მასთან ერთად, ვინც იმ წუთას ყველაზე მეტად მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო და ვფიქრობდი "ამის მერე რაღაა?"
ისევ ტაქსის მძღოლმა გამოგვაფხიზლა, დაჯექით მაგ ქვაზე და ფოტოს გადაგიღებთო.
მერე როგორ მივედით სასტუმრომდე არ მახსოვს. ტაქსიდან რომ გადმოვედი, მეორე შოკი მაშინ მივიღე, ზემოთ რომ ავიხედე და უზარმაზარი კლდე დამყურებდა ზედ გადმოკიდებული მონაზვნების კელიებით, კლდის თავზე სამრეკლოთი და უძველესი ზარით, თან რომ რეკავდა იმ მომენტში და ადგილის შუასაუკუნების აურას კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს სძენდა.




მთელი დასახლება არის კლდეზე იარუსებად გაშენებული ერთი დიდი სამონასტრო კომპლექსი, მწვერვალზე ციხესიმაგრეთი, რომელიც ისე კრავს კომპოზიციას, როგორც ნაძვის ხის თავზე დასმული სათამაშო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი  პილიგრიმებისთვის მას შემდეგ, რაც წმინდა ამადურის ნეშტი აღმოაჩინეს 1166 წელს. მონ სენ მიშელის შემდეგ მეორე ადგილზეა საფრანგეთში მნახველების რაოდენობით, ალბათ პილიგრიმების მიხედვით, რადგან ზოგადად ტურისტების რაოდენობის მხრივ,  ვერც შევადარებ. მაშინ როცა მონ სენ მიშელი ისეა გადაჭედილი, რომ რიგში უნდა ჩადგე, ქუჩაში რომ გაიარო  და ყველა ასაკის ტურისტს მოჰკრავთ თვალს - პატარა ბავშვი იქნება თუ მოხუცი, როკამადურში არც ბავშვი მინახავს და ახალგაზრდა წყვილებსაც აქა-იქა თუ მოჰკრავდით თვალს. (შეიძლება იმიტომაც რომ არატურისტულ სეზონზე ვიყავით ოქტომბერში, რაც ძალიან ჭკვიანური აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, სიხალვათის მხრივაც და ამინდებისაც). აქ მაინც ძირითადად მოსალოცად ჩამოდიან და შავი მადონას სანახავად, რომელსაც აუცილებლად შევიყვანდი სიაში "50 ქანდაკება რომელიც უნდა ნახო სიცოცხლეში", რადგან თითქმის 1700 წლის შავი მადონას ქანდაკებას იდუმალი ისტორიით სხვაგან ვერსად ვერ ნახავთ. ქანდაკება ხისაა, როკამადურის ღვთისმშობლის ეკლესიაში (1479წ) ინახება და ამბობენ რომ წმინდა ამადურის (Saint Amadour) გამოთლილია, რომელიც განდეგილი იყო და მანამდე იესოს დედის, მარიამის მსახური. მისივე სახელი ჰქვია დასახლებას. მას ასევე აიგივებენ ბიბლიურ პერსონაჟ ზაქესთან  და ამბობენ, რომ ისიც მსახურობდა მარიამის და იოსების ოჯახში. შავი მადონას ქანდაკებაც წმინდა ამადურის ნეშტთან ერთად აღმოაჩინეს, მიუხედავად ამისა მისი წარმოშობის ისტორია მაინც ბოლომდე გაურკვეველია.


ესეც ასლი ამავე ეკლესიაში:

აქაურობის ცნობილი პილიგრიმები იყვნენ ინგლისის მეფე ჰენრი მეორე, საფრანგეთის მეფეები ლუი მეცხრე, შარლ მეოთხე და ლუი მეთერთმეტე. ამბობენ რომ განკურნების ძალა ჰქონია შავი მადონას ქანდაკებას და წმინდა ამადურის საფლავს, ამიტომ წინა საუკუნეებში ავადმყოფებიც ბევრი მოჰყავდათ აქ.
ადგილი სადაც იპოვეს მისი ნეშტი და აკლდამა:

მთელს ქალაქში (მე მაინც ქალაქს დავუძახებ) ლავანდის სურნელი დგას. როგორც კი ამ შემოსასვლელ თაღს გადმოაბიჯებთ, ეგრევე გეცემათ. 



პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ასეთი პატარ-პატარა მაღაზიები, ყველა ფეხის ნაბიჯზე რომ შეგხვდებათ, სავსეა ლავანდის საპნებით, ზეთებით, ლოსიონებით, სურნელოვანი ჩხირებით. საგულდაგულო შეფუთვებზე ეტყობა, რომ ხელითაა ეს ყველაფერი ნაკეთები. საერთოდ აქ ისეთი განცდა გიჩნდებათ, რომ მთელი ქალაქი თავისი სამი ვიწრო ქუჩით, შენობებით, მაღაზიებით, სასტუმროებით, კაფე-რესტორნებით და "გნომების" საცხოვრებელი სულ რაღაც ათეული სახლით, მთლიანად "Handmade" - ია. აი თუნდაც შოკოლადის ერთ-ერთი მწარმოებლის, (რომელიც მხოლოდ ორგანულ შოკოლადს აწარმოებს) მაღაზია, სადაც ყველაფერს "handmade and rustic" შეხედულება აქვს. შეხვალ და უნდა მოკვდე, იმიტომ რომ რასაც ხედავ, ყველაფერი გინდა და ეს ყველაფერი გინდა ადგილზევე, ერთბაშად და ერთიანად და რასაც ვერ შეჭამ, ჩანთებში, ჩემოდნებში, პარკებში ჩატენო და წამოიღო. ამორჩევის შანსი არაა, ან ყველაფერი ან არაფერი.
რომ შევედი მკითხეს, რომელი მოგიტეხოთ გასასინჯადო. დაცინვა არ არის ახლა ესა? 



შიგ ქალაქში სულ რაღაც სამი თუ ოთხი სასტუმროა, ამიტომ რაც მოგხვდებათ და რაც თავისუფალი იქნება, ის უნდა დაჯავშნოთ. ვარსკვლავებს აქ არანაირი მნიშნელობა არ აქვს. ყველა საოჯახო ტიპისაა და ყველა კარგია. ესე მომხვდა Le Terminus des Pèlerins, რომელიც ზუსტად მონასტრის და სამრეკლოს ძირში აღმოჩნდა და ჩვენ კიდე კარლსონის სხვენში. ეს არის არაჩვეულებრივი პატარა სასტუმრო თავისი ძველებური ანტურაჟით, სამზარეულოთი, კერძებით და დიასახლისით, რომელიც სატუმროს პატრონიც იყო და თვითოვე გვემსახურებოდა. 


კოლორში რომ ვერწყმი გარემოს, მე ვარ:

ხედი ჩვენი ფანჯრიდან:

სასტუმროს ინტერიერი:








ჩამოსვლისას აღმოვაჩინეთ, რომ აქ თუ დილით 11 საათამდე არ მოასწარით ჭამა, საღამოს შვიდ საათამდე შიმშილი მოგიწევთ, რადგან ძალიანაც რომ მოინდომოთ ადგილს ვერ ნახავთ, სადაც ამას იზამთ. სასურსათო მარკეტები არ არსებობს, მხოლოდ ტკბილეულის და სასმელების.
მართალია ჯერ სადილობა, დასვენება და მერე ქალაქის დათვალიერება გვინდოდა, მაგრამ რა უნდა გაგვეკეთებინა, დავყარეთ ჩემოდნები და ადგილის შესწავლა დავიწყეთ. 
გული მწყდება, რომ მაშინ ფოტოებს არ ვიღებდი. ეს ყველაფერი მობილურით და soap box-ითაა გადაღებული და ბევრი ისეთი კადრისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, რასაც ახლა აუცილებლად მივაქცევდი. უბრალოდ დავდიოდი, ვაჩხაკუნებდი და აქ ყოფნის ფაქტებს ვაფიქსირებდი.
ორი თაღოვანი შემოსასვლელ-გასასვლელი აქვს ქალაქს - ერთი ქუჩის თავში, მეორე ქუჩის ბოლოში. ჩვენც ქუჩის ბოლოსკენ წავედით და უცბად აღმოვჩნდით ილუსტრირებული ზღაპრების წიგნში: 
მიდიხარ, ათვალიერებ და გგონია რომ შუა საუკუნეების შემდეგ აქ ხელი არაფრისთვის დაუდიათ. გნომების საცხოვრებელს ჰგავს აქაურობა, მოხუცი კეთილი გნომების. ყველა კარზე დაკაკუნება რომ მოგინდებათ და ფანჯრებიდან შეჭყეტვა, იქნება რომელიმეს მოჰკრათ თვალი.




























მერე გავუყევით "გნომების" დასახლებას ტყისკენ და უძველეს მღვიმესაც მივაგენით ბუნებრივი წყლებით და აბაზანით.

ამასობაში სადილობის დროც მოვიდა. ვერ ვიტყვი რომ რაიმე განსაკუთრებული კერძები აქვთ ამ რეგიონში, რაც სხვაგან არა, მაგრამ ისევე როგორც ყველგან საფრანგეთში, კერძს ფორმასა და შინაარსს შეფი აძლევს და არა სახელწოდება. ამიტომ ორ ერთნაირ და ერთნაირი დასახელების კერძს თითქმის ვერ ნახავთ ვერსად. ერთადერთი რაც განსაკუთრებული აქვთ როკამადურში, არის საკუთარი ყველი, რომელსაც ასევე როკამადური ჰქვია. ძალიან მძაფრი გემოსი და თხის ყველის მოყვარული ვინცაა, მისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება, ჩემთვის კი უბრალოდ ყარს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებური გუდისა და ფრანგული მძაფრი გემოების მქონე ყველების მოყვარული ვარ, როკამადური ჩემი გემოს რეცეპტორებისთვის დიდი ერორი აღმოჩნდა.

ესეც შეფის შექმნილი ექსკლუზიური სალათა ამით-იმით, იმით-ამით და ყველი როკამადურით, რომელიც ერთი ჩაკბეჩის მერე, ეგრევე დავტოვე.


ძველებს უთქვამთ ხორცზე ზრუნვის შემდეგ სულზე ზრუნვა მგრძნობიარე ადამიანების დესერტიაო, ჰოდა სადილობის შემდეგ ჩვენც დავადექით ტაძრებისკენ (Sanctuaire Notre-Dame de Rocamadour) მიმავალ გზას, რომელიც ჩვენი სასტუმროს წინ კიბეებიდან იწყებოდა და მერე ადიოდა ზეცაში.




ეს ალბათ ადგილობრივი ჯულიეტას აივანია, რომელიც მერე მონაზვნად აღიკვეცა და ერთი იარუსით ზემოთ გადასახლდა - კლდის ქვეშ რომ ფანჯრებიანი სენაკები მოსჩანს, იქ.



XI-XIII საუკუნის ტაძრის (Basilique St-Sauveur) ინტერიერი ისეთივე პირქუში და ცოტა საშიშია, როგორც გარედან და ბრჭყვიალა პომპეზურ კათოლიკურ ტაძრებს სულაც არ ჰგავს, რომ შედიხარ და გსრესავს თავისი სიდიადით. ჟან კალვინის სახელობის სააქტო დარბაზს უფრო გავს, ვიდრე ფერად-ფერადი ვიტრაჟებითა და ოქროსფერი ქანდაკებებით მორთულ დარბაზს.


მის მიმდებარედაა ნოტრ-დამის სამლოცველო დარბაზი, სადაც შავი მადონას ქანდაკებაა. სამლოცველოს შესასვლელ კარს ზემოთ ჯაჭვზე რკინის ხმალია ჩამოკიდებული, რომელიც ლეგენდის თანახმად როლანდს ეკუთვნოდა.

აქვეა სენ მიშელის სამლოცველო დარბაზი და სასწაულმოქმედი სამლოცველო, სადაც წმინდა ამადურის საფლავია პირდაპირ კლდეში გამოკვეთილი, უფრო სწორედ, სადაც იპოვეს მისი ნეშტი.
და რჩება ყველაზე მთავარი - კლდის თავზე მდებარე ციხესიმაგრე, რომელსაც ქვემოდან შევცქეროდით გაოცებით ზეცაში ატყორცნილს და გვეგონა "აქ რამ აგაშენა შე დალოცვილო",-ო. ვვარაუდობდით აშენების გზებს, მეთოდებს და რომ ავედით და გალავნიდან გადავიხედე უკანა მხარეს, მეგონა უფსკრულში თვალს ვერ ჩავაწვდენდი და უცბად გავშტერდი გაოგნებისგან. სამანქანო ტრასა გადიოდა გალავნის პირას და მაშინ აღმოვაჩინეთ რომ ციხესიმარე კი არ იყო ზეცაში, ჩვენ ვიყავით ქვემოთ. ფოტოზე კოშკს რომ ხედავთ მის წინ გადის ზუსტად ტრასა.

განსაკუთრებით ლამაზი იყო საღამოს მზე რომ მოადგა

შატოს ეზო და ხედები როკამადურზე



ტაძრამდე რომ მიხვიდეთ 216 კიბის საფეხური უნდა აიაროთ. ლიფტიც ადის, კლდეში გამოჭრილი, მაგრამ პილიგრიმები ფეხით ადიან და ადრე საერთოდ მუხლებზე ხოხვით ადიოდნენ. ლიფტიდან რომ გამოხვალთ სამლოცველოების ტერიტორიაზე, მერე იწყება ვიწრო ზიგზაგისებური გზა-აღმართი ციხესიმაგრისკენ,  რომელსაც გოლგოთის გზა ქვია. ყოველ მოსახვევში დგას ასეთი მონუმენტი და თითოეული მათგანი ასახავს ქრისტეს ბოლო დღეებს. 



ძირიდან ციხესიმაგრამდე ასასვლელად შესვენების გარეშე ოცი წუთი დაგვჭირდა. გზა საშინლად დამღლელია, მაგრამ იმდენად ლამაზია მთელი ეს ზიგზაგისებური ბილიკი მთლიანად სიმწვანეში ჩაფლული და იმდენ აღმოჩენებს აკეთებ ირგვლივ, მღვიმეებით ძველი გვირაბებით, ხიდებით, თაღებით, გადასახედებით რომ დაღლა აღარ გედარდებათ. წმინდა ამადურის კლდეში გამოჭრილი აკლდამაც ამავე გზაზეა.
შატოში ამჟამად სასულიერო პირები ცხოვრობენ და მნახველებისთვის დაკეტილია.
ყველაზე შთამბეჭდავი იყო ღამით მონასტრის ტერიტორიაზე შეპარვა და ბოდიალი. არავინ იყო მთელს ტერიტორიაზე ჩვენს გარდა. დღისითაც რაღაცნაირი პირქუშია მთელი ტერიტორია: სულ კიბეები, გვირაბები, თაღები და სამლოცველოები, მიდიხარ და აღარ მთავრდება ლაბირინთები და ღამით მითუმეტეს, მაგრამ საოცარი ადრენალინია. სულ მქონდა იმის განცდა რომ საიდანღაც ბენედიქტიანელი ბერი ან იეზუიტი მღვდელი დამეცემოდა თავზე.















ამბობენ სილამაზე ბოლომდე რომ აღიქვა შორიდანაც უნდა შეხედოო, ჰოდა ჩვენც ბოლომდე რომ აღგვექვა როკამადურის სილამაზე, წამოსვლის წინა დღეს მის მოპირდაპირედ მდებარე პატარა სოფელ Lhospitalet -ისკენ გავემართეთ. მთავარი შემოსასვლელი თაღის გარეთ ადის ვიწრო ქუჩა აღმართზე, სულ პირდაპირ და იქვე იწყება დასახლებაც, ქუჩის პირას ჩალაგებული ბებიების სახლებით, ყვავილებით და კატებით. მოსაღამოვებული იყო, ნიავი არ იძვროდა და ირგვლივ გაზაფხულისა და გასაწვიმრად გამზადებული შეგუბებული ჰაერის არომატი იდგა, ყველა მხრიდან ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა და ისეთ განწყობას გიქმნიდა რომ "აბა მეტი რაღა გინდა ბედნიერებისთვის". განწყობა კიდე ყველაფერია ნებისმიერი რამის აღსაქმელად - შენს წინ დაგდებულმა კენჭმა შეიძლება უცბად ბედნიერებისგან აგავსოს ან მთელი დღე მოგიშხამოს. იმ დღეს კი ყველა უმნიშვნელო დეტალი იმ კენჭებად იქცა, სათითაოდ ყველას აღება რომ გინდა და შენი მოგონებების სკივრში ჩაყრა.





კატა ბანოვანი ყველა მხრიდან





















სოფლის ცენტრში დგას ოანე ნათლისმცემლის ეკლესია (Saint John Baptist Chapel) - ნამდვილი სოფლის ეკლესია, მისი ფასადი რომ დაქვრივებულ მოხუცს ჰგავს, მისი ინტერიერი - თავისივე დაცარიელებულ სულს და ის სასაფლაო სადაც დგას - თავისივე მოგონებებს. ძველად ჰოსპიტალის ერთ-ერთი ნაწილი ყოფილა. სოფელიც მის ირგვლივ გაშენებულა მე-11 საუკუნეში და იმ პილიგრიმების მოსასვენებელი ადგილი იყო, მოსალოცად რომ მიდიოდნენ ესპანეთში კათოლიკური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილას - სანტიაგო-დე-კომპოსტელაში. ეკლესია კი ამ სახით უკვე მე-15 საუკუნეში აღდგა. გარშემო  ძველი ჰოსპიტალის ნანგრევებიცაა შემორჩენილი. ალბათ რამდენ გაუთქმელ ამბავს ინახავს ეს "დაქვრივებული მოხუცი" და კიდევ რამდენს შეინახავს. საერთოც რამდენი აქვთ აქაურ და ჩვენებურ "ქვრივ მოხუცებს". ჩვენშიც ხომ არაფერია იმაზე სევდიანი, ვიდრე სოფლის ძველი სასაფლაოს მიტოვებული საყდარი. რაღაცნაირად მობუზულად რომ დგას, ქვებს შორის ამოსული სარეველა ბალახებით და შიგნიდან სანთლის ალისა და გამდნარი ცვილის ნაკვალევი გამურული კედლებით. ისიც რამდენ გამხელილ თუ გაუმხელელ ცოდვას ინახავს, რამდენ უკან შებრუნებულ ცრემლს, რამდენ მუდარას, რამდენ ლოცვა-ვედრებას, რამდენ ზემოთ აღმართულ მზერას...
ჩემს ბავშვობაში ყველაზე საწყლად ესეთ საყდრებში არაკანონიკური ხატები, ჯვრები და ანგელოზების ფიგურები გამოიყურებოდნენ, ვითომ საკუთარ ფუნქციას რო ახსენებდნენ საყდარს.
მიყვარდა შესვლა და ქვაზე ჩამოჯდომა, კათოლიკურ ხატზე ლამაზსსახიანი იესოს ყურება და იქვე სამადლოდ მიტანილ პატარა მაგიდაზე ოდესღაც შემოწირული მტვერდადებული ნივთების თვალიერება: თავმომწვარი სანთლების, გამურული ასანთის კოლოფების, პატარა ყუთში ჩაყრილი ხუთკაპიკიანების, მადონას, იესოს და ფრთამომტვრეული ანგელოზების ფიგურების, ქვევრების ნატეხების...
ვიჯექი და ვფიქრობდი ყველაფერზე, გარდა ღმერთისა, მაგრამ ისე კარგად ვიყავი იმ წუთას ისე ისე რომ...
მერე გამოვიდოდი, საყდრის გვერდზე "საქეიფო" მაგიდასთან ვჯდებოდი და მთელ სოფელს გავყურებდი... იქ მამლის ყივილი ისმოდა, იქ ქათმის კაკანი, იქ ძაღლის ყეფა, იქ "აცე შეკვდარძაღლო", იქ კალიების ხმა, იქ ბაღებში მომუშავე გლეხების გადაძახილი და მკვდრების სამყაროდან სიცოცხლეში ვბრუნდებოდი.
მერე დავუყვებოდი დაღმართს და გზის ორივე მხარეზე ჩალაგებულ ძველ საფლავის ქვებზე ხმამაღლა ვკითხულობდი ძველქართულ იოტებიან ეპიტაფიებს:
აქ განისვენებს გოგლაჲ ესტატეს ძეჲ ...
აქ კი Famille Boucherot,  Famille Pignol თუნდაც Louis Durand (1827-1898)





ამასობაში წვიმამაც დასცხო და იქვე ეკლესიასთან მდებარე სასტუმრო-რესტორნის მყუდრო ბარში შევიყუჟეთ და უმალ ვინანეთ რომ აქ არ გავჩერდით. ეს არის სასტუმრო ულამაზესი ვერანდებით და დიდფანჯრებიანი ნომრებით, საიდანაც ერთნაირად ჩანს როკამადური მთელი თავისი სიდიადით, დღითა და ღამითაც.
ბარიც ცარიელი იყო და რესტორნის ვერანდაც, სანამ იაპონელების ტურისტული ჯგუფის ავტობუსი არ ჩამოდგა.





რომ მკითხონ გაიხსენე შენი ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წუთებიო, ალბათ ეს კადრი გამახსენდება. განა რამე განსაკუთრებული?! - ჩამოვჯექით ცოტა ხნით, სანამ წვიმა გადაიღებდა, ლუდს ვსვამდით, გარეთ ცა იქცეოდა და ნელ-ნელა მიბუჟდებოდა ტვინი ბედნიერებისგან. რამდენჯერ მოვხვედრილვარ მერე ბევრად უკეთეს გარემოში თუ სიტუაციაში, მაგრამ ზუსტად ესეთი განცდა აღარ მქონია. როგორც გითხარით ჯერ განწყობა და მერე პირობები. ეს კადრიც ზუსტად ის კენჭი აღმოჩნდა, დღემდე რომ განსაკუთრებულ ადგილას ვინახავ ჩემს "სკივრში".


მერე ვერანდაზე გავედით და ვუყურებდით, როგორ ეხვეოდა წვიმის ფარდაში როკამადური და ალზუს ხეობა, გამომშვიდობების სევდაც რომ ერია...



დილით იმავე ტაქსის მძღოლმა წაგვიყვანა სადგურზე. ისევ მარტო ჩვენ ვიყავით ცარიელ ბაქანზე. მოლარე ქალმაც, თითქოს ჩვენს მოსვლას ელოდაო, მატარებლის გამოჩენამდე დაკეტა სალაროს კარი. ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, მკვირცხლად მოახტა ველოსიპედს, ერთი "ოღვუა" მოგვაძახა და რელსების პარალელურად გაუჩინარდა.
ილა:  - დღეს რა რიცხვია?
ადამ: -  12
ილა: - უი დედაჩემის დაბადების დღეა, დავრეკო, მივულოცო.
ადამ: - მართლა? - დედაჩემისაც.
ილა: - ჰაა?
ადამ - ჰოო დედაჩემისაც, მოიცა გადავამოწმო ხო არ მეშლება.
.....
ადამ - არა, არ მეშლება, დღეს არის დედაჩემისაც, სასაფლაოზე გავდივარ ხოლმე ამ დღეს.
........
ილა: - გინდა ოცი წლის შემდეგ ჩამოვიდეთ აქ და ჯვარი დავიწეროთ.
ადამ: - მინდა! აუცილებლად ჩამოვიდეთ და დავიწეროთ.
ილა: - რამდენის ვიქნებით?
ადამ: - ზუსტად იმ ასაკის აქ რომ მოდიან დასასვენებლად.

მერე მატარებელიც ჩამოდგა და ბოლო კადრიც გავიყოლე თან:


შუა მგზავრობისას გამოგვიცხადეს რომ მატარებელი ბრივამდე არ ჩავიდოდა და ჩამოგსვეს სხვა სადგურზე. ავტობუსი მოვა და ის მიგიყვანთ სადგურამდეო. სადრაც 15 წუთში ავტობუსიც მოვიდა და ეს გზა კიდევ უფრო იმაზე ლამაზი აღმოჩნდა, ვიდრე მატარებლიდან: გორაკებზე უძველესი სოფლებით, ციხესიმაგრეებით, ეკლესიებით და ქარის წისქვილებით. თითქოს როკამადურში ნანახი ილუსტრირებული ზღაპრების წიგნის ამოხეული ფურცლები ვიპოვე.
ბრივში ჩავედით თუ არა გვითხრეს, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და უფასო ლანჩი გეკუთვნით კაფეშიო. იმ "დისკომფორტისთვის" 15 წუთით დაგვიანებას რომ მოყვა და მატარებელი ერთ სადგურზე რომ დიდმა და უკოფორტულესმა ავტობუსმა ჩაანაცვლა. იქაც და აქაც "C'est la vie" -ა არადა.
სანამ პარიზის მატარებელი ჩამოდგებოდა, ქალაქის ახლომდებარე ტერიტორიის დათვალიერებაც მოვასწარით. სამხრეთ პირენეების თბილი ჰაერით გაჯერებული ატმოსფერო იგრძნობოდა ყველგან, კაფეებიდან გამომავალი ყავისა და პურ-ფუნთუშეულის არომატით შეზავებული, ისევე როგორც საფრანგეთის თითქმის ყველა პატარა ტურისტულ ქალაქსა თუ სოფელში.
მერე მატარებლის სიგნალმა გაარღვია "პატარა სადგურების სიმყუდროვე" და ჩვენც დავიძარით ახალი თავგადასავლებისკენ, თან "ოცი წლის შემდეგ" კადრებს "ვიხსენებდი":
- მხევალო ღვთისა ილა, vis accípere Adan in marítum tuum et promíttis te illi fidem servatúram, inter próspera et advérsa, in ægra et in sana valetúdine, ut eum díligas et honóres ómnibus diébus vitæ tuæ?
 - Volo.