Friday, January 26, 2018

თავს ზემოთ, ნორმანდიაში


გახსოვთ ხომ მზე საფრანგეთში ბურგუნდიიდან რომ ამოდის? აი, ნორმანდია კი ჩამავალი მზის ქვეყანაა. როგორც კი გადაიწვერება, მიადგება ატლანტიკის ოკეანის აღმოსავლეთისა და კელტების ზღვის დარაჯს - Le Mont-Saint-Michel-ს, დღის უკანასკნელ სხივებს მიაფრქვევს, წითელ ბურუსში გაჰხვევს და იქვე ყურეში ჩაესვენება. მერე მთვარეც დაადგება თავზე და ყვითლად მოეფინება კუნძულად ამოზრდილ ციხე-სიმაგრეს. შენ კი იქვე თვალებით იწყებ ძებნას მგლების მბრძანებლის,  შემაღლებულზე რომ დამდგარა და დანარჩენი სამყაროს მგლებს აქედან ეხმიანება. აგერ მარცხნივ კლდის შვერილზე დგას ხოლმე კუთხეში.

                                                                                                                                           
საფრანგეთის ყველა რეგიონს თავისი გამორჩეულად ზღაპრული ადგილები აქვს, აი ისეთი ფოტოებზე რომ გინახავთ და გიფიქრიათ ნამდვილია თუ არა. 
ილ დე ფრანსში ყველგანაა გაბნეული პატარ-პატარა ზღაპრები, მაგრამ პარიზზე დიდი ზღაპარი არ არსებობს, თუ აღმოაჩენთ. თუ აეროპორტიდან გადმოსული ეგრევე დაყრილი ნაგვის ძებნას დაიწყებთ,  აუცილებლად იპოვით. მოკლედ როგორც ჩვენი ადგილობრივი დიდი ფილოსოფოსი იტყოდა  განწყობაა მთავარი.
შამპან-არდენის ზღაპარია რეიმსის ტაძარი, იდუმალი და გრანდიოზული, დევივით რომ ადგას ქალაქს თავზე. 
პიკარდიაში ამიენის კათედრალი, ტაძრის მთავარ კედელს დიდი ვიტრაჟული პენტაგრამა რომ ამშვენებს და მის ძირში მდგომს ჭიანჭველად გაგრძნობინებს თავს. ბრეტანი მთლიანად ზღაპარია - პირქუში ზღაპარი, მაგრამ ჩემთვის აქ ერთი პატარა მიყრუებული ადგილია ასეთი. პონტრუ ჰქვია. 
ცენტრის ზღაპარი თუ გინდა ნახოთ, შარტრის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში შედით, რომლის ინტერიერს მსოფლიოს შვიდ საოცრებას მერვედ მივაწერდი. 
რონა-ალპების სასწაულია ქალაქი ანსი, თავისი ტბით, შატოებით, გედებით, იხვებით, არხებით, ნავებით და პარიზი-ანსი მატარებლის რეისით, ბურჟეს ტბას რომ მიუყვება ისე, რომ ლამის ხელი გადაყო და შეეხო. მეორე ნაპირზე აღმართულ შატოებს რომ გინდა მისწვდე და სათითაოდ ყველა ფანჯარა და კარი შეაღო. მერე ანსის ტბას რომ მოჰკრავ შორიდან თვალს, შიშველი ალპების ქვეშ რომ გაყურსულა.
აკვიტანიის ზღაპარში ამოჰყოფთ თავს, თუ ბორდოს ნახავთ და ბისკაის ყურედან მონაბერი სიოთი და ზღვის არომატით გაიჯერებთ ფილტვებს, აქა-იქა რომ ღვინის სუნი ერევა. 
სამხრეთ პირენეების ზღაპარ როკამადურზე უკვე მოგიყევით.
ელზასში ასეთი ადგილი პატარა ქალაქი კოლმარია, მინდვრის ყვავილების თაიგულს რომ ჰგავს და სტრასბურგის საკათედრო ტაძარი, რომელსაც უყურებ და ვერ იგებ რა ფერია, ალბათ ღმერთის კანის ფერი. 
პროვანსის თითოეული გოჯი ზღაპარია, რომელსაც ოქროსფერ არშიად მიჰყვება ლაჟვარდოვანი სანაპირო. 
პუატუ-შარანტის ზღაპრული ადგილია კონიაკის დასახლება თავისი კონიაკის ქარხნებით. აქ გამოფხიზლება ვერ უნდა მოასწროთ ქარხნიდან ქარხანაში სანამ გადახვალთ. 
ლუარის ხეობის მასპინძელი თვით მდინარე ლუარაა მის ნაპირზე ამოზრდილი სასახლეებით და შატოებით. (შამბორი, შენონსუ, ამბუაზი, ბლუა, შივერნი, ა.შ)
ლუარის რეგიონში ქალაქი ლე მანსი, ორად რომ გაყოფილა თითქოს ფარდით: ტაძრის აქეთ და ტაძრის მიღმა, სადაც შუა საუკუნეების "წარმოდგენა" იწყება.
ოვერნში კლერმონ-ფერანი, სადაც ჩასვლისთანავე კითხულობ ეს გზა ტაძართან მიმიყვანს? და ის გზა რასაც ტაძრამდე მიყავხარ, ყველაზე ლამაზია ქალაქში.
ლორენში (ისტორიული ლოტარინგია) ქალაქი მეცი, ლურჯსახურავიანი ტაძრით და ღამით შენობების ქვების იდუმალი ნათებით.
ზემო ნორმანდიაში კლოდ მონეს სახლი და ჟივერნის ბაღი, წყლის შროშანების წინ რომ დგახარ ხიდზე და თავი მონეს ნახატში გგონია. 
(ამ ყველაფერზე სათითაოდ მოვყვები მერე ვრცლად. აქვე დავამატებ, რომ შარშან ზოგიერთი რეგიონები გაერთიანდნენ და საერთო ან ახალი სახელწოდებები მიიღეს)
და ქვემო ნორმანდიასაც მივადექით - მის ჯერ არწაკითხულ ზღაპარ მონ სენ მიშელს და იმასაც გეტყვით  როგორ უნდა მივადგეთ:
ჩავდივართ პარიზში, მივდივართ მონპარნასისის სადგურზე და ვყიდულობთ ბილეთს პონტორსონის ან დოლ დე ბრეტანის მიმართულებით, რომელშიც მატარებლის მერე ავტობუსების მომსახურებაც  შედის. ჩვენ დოლ დე ბრეტანის ავირჩიეთ, რადგან გასვლის დრო უფრო გვაწყობდა. 
დოლ დე ბრეტანის სადგურიდან როგორც კი გამოხვალთ, იქვე დგას ავტობუსი, რითიც მიდიხართ მონ სენ მიშელის მისადგომებთან და თან ფანჯრიდან ცდილობთ, რასაც ხედავთ, იმის იქით გაიხედოთ და მერე იმის იქით, იქნება შუა ზღვაში ამოწვერილ კუნძულს მოჰკრათ თვალი შორიდან. 
როგორც იქნა დავინახე:
























მანამდე კი გზად ავტობუსის ფანჯრიდან აპარატიც ვაჩხაკუნე წვიმიან დოლ დე ბრეტანში და პონტორსონშიც შევიარეთ.




















































გზაზე საჩემო კადრიც აღმოვაჩინე და დავარქვი "მარგოს სიბერე"






ეს ფოტო როცა პირველად გავხსენი, დავაკვირდი და აღმოვაჩინე რომ მარცხნივ ფიგურა, ღობესთან რომელიცაა ახლოს, ვირზე შემჯდარ დონ კიხოტს გავდა, ქარის წისქვილს რომ მიადგა საბრძოლველად და ძალიან გავმხიარულდი.
























მგზავრობისას თან ვფიქრობდი, ხო შეიძლება ერთი მობრეცილი და მოუვლელი ქოხი შემხვდეს სადმე საფრანგეთის გზებზე მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა რომ მობრეცილ ქოხებს მიბრეცილი ტვინები და სახელმწიფო შობს და გამხიარულებამაც გამიარა.
ავტობუსი კუნძულის მისადგომებთან ჩერდება და მერე უნდა ჩადგეთ ადგილობრივი ავტობუსის გრძელ რიგში, რომელსაც კუნძულთან დამაკავშირებელ ხიდამდე მიჰყავხართ. მიუხედავად ძალიან გრძელი რიგისა, დიდხანს დგომა არ დაგვჭირვებია, რადგან აწყობილ ქვეყანაში რიგებიც მოწესრიგებულია და ყველაფერი ისეა გათვლილი რომ დიდხანს არ მოგიწიოს დგომა.
ჩამოდგა ჩვენი ავტობუსიც, რომლის მძღოლიც ლამაზი, მწვანეთვალება, გარუჯული გოგო აღმოჩდა.

























მანამდე კი რიგიდან ფოტოების გადაღებაც მოვასწარი:


























ავტობუსი მალევე მივიდა ხიდამდე და ხიდიდან კუნძულამდე უკვე ფეხით ვიარეთ დაახლოებით ნახევარი კილომეტრი.
მოკლედ, პარიზიდან მონ სენ მიშელამდე მარშრუტი ასეთია:
მატარებელი - ავტობუსი - ადგილობრივი ავტობუსი - ფეხით.
ასეა...  ეს კუნძულიც, ისევე როგორც სხვა სილამაზეები, მსხვერპლს მოითხოვს.
ზაფხულის გარდა აქ ჩამოსვლა არაგონივრული საქციელი იქნება, რადგან ფოტოებზე აგვისტოს ხედავთ და აგვისტოს ჩაცმულობას. აქ ზაფხულშიც კი ცივა და ოკეანედან ცივი ქარი უბერავს.
ესეც პირველი კადრები ავტობუსიდან და საფეხმავალო გზიდან:













































































სანამ შიგნით შევალთ, მოგიყვებით სად ვართ:
კუნძული-ციხესიმაგრე მონ-სენ-მიშელი ბენედიქტიანული სააბატო და ფრანგული მონასტერია, რომელიც შუა საუკუნეებიდან ხელუხლებლადაა შემონახული.  ას ჰექტარზეა გაშენებული და ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ წერტილამდე 93 მეტრია. პირველად აქ სანამ საბატო აშენდებოდა, კელტები ცხოვრობდნენ და არც კუნძული იყო, კონტინენტს ტყეებით უერთდებოდა, სანამ ზღვამ არ შთანთქა.
ლეგენდაა ასეთი, რომ მერვე საუკუნის დასაწყისში მთავარანგელოზმა მიქაელმა, ვისი სახელიც ჰქვია ამ ადგილს, ერთ-ერთ აბატს დაავალა ტაძარი აეშენებინა კუნძულზე. მშენებლობა მე-16 საუკუნემდე გაგრძელდა. მაშინ როცა კონტინეტზე ომები მიმდინარეობდა, კუნძული დაცული იყო, რადგან ევროპაში ყველაზე მაღალი - 14 მეტრიანი ზღვის მოქცევაა სწრაფი ტალღებით და სანაპიროებიც კლდოვანია.  წყალი მიქცევისას კუნძულს 18 კილომეტრით შორდება, ხოლო მოქცევისას 20 კილომეტრით შედის მის სანაპიროებში. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი  კუნძულს მიუვალ ციხესიმაგრედ აქცევდა. მერე კონტინენტთან მისამერთებელი დამბა აშენდა მე-19 საუკუნეში და კუნძულმაც დაკარგა თავისი მიუდგომლობა. 
საფრანგეთის მეფე ლუი XI -ს,  როცა მთავარანგელოზ მიქაელის ორდენი დაარსა 1469 წელს, სურდა რომ ეს სააბატო გამხდარიყო ორდენის სამლოცველო, მაგრამ რადგან პარიზისგან დიდი მანძილით იყო დაშორებული, ეს იდეა ვერ განხორციელდა .
მოსახლეობას რაც შეეხება, ყველაზე მეტი ადამიანი აქ  სახლობდა 1851 წელს - 1182 კაცი. როცა სააბატო აშენდა, მაშინ 234 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი - 45 და აქედან 7 ბერია.
სანამ ხიდი აშენდებოდა, როცა მიქცევა იყო კუნძული გამოიყურებოდა ასე:
                         
                                                                                                                       (ფოტოები: როიტერი)
























და მოქცევის დროს ასე:
























2014 წელს ახალი ხიდი აშენდა, რომელიც საფრანგეთის ბიუჯეტს დაუჯდა 209 მილიონი ევრო და მას მერე კუნძულთან დაკავშირება ბევრად მარტივი გახდა, რადგან წყალი ხიდის ქვეშ მოძრაობს თავისუფლად:

























ყოველწლიურად სამ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს ამ კუნძულს და სულ სავსეა ნებისმიერ სეზონზე. ჩვენ აგვისტოში ვიყავით და ჟანგბადს რიგრიგობით ვსუნთქავდით, ოღონდ სიცხის გამო არა, ხალხმრავლობის. ყველაფერი გადაჭედილია, ყველა კაფე-რესტორანი, ყველა მაღაზია, ყველა სასტუმრო, მთავარ შესასვლელ ქუჩაში რიგში უნდა ჩადგე, რომ გაიარო, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირს. აქაც, ისევე როგორც როკამადურში, რეალობას ივიწყებ და თავს შუა საკუნეების ისტორიის ნაწილად გრძნობ. 
მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე ტურისტული მარშრუტი ისეა გათვლილი, ყველგან მოხვდე, ანუ დაკარგვის და დაბნევის საშიშროება არაა და კონკრეტულად ერთ ადგილიდან მეორეში,  მეორედან მესამეში ისე გადადიხარ, თითქოს უხილავ ჭაჯვს მიყვები, რომელიც მიმართულებას გიჩვენებს, მაინც გრჩება ის განცდა, რომ ძალიან ბევრი რამე აქ მნახველებისთვის დაკეტილია და მე როგორც მასონების, ტამპლიერების და იდუმალი ისტორიების მოყვარულს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მრჩება და ირგვლივ იმ ჩარაზულ კარებს ვეძებ თვალებით, საიდუმლო გვირაბებში თუ სარიტუალო დარბაზებში რომ გადავყავარ. ღამით რაღაც მისტიური შოუ იგეგმებოდა ზემოთ ტაძარში და იმაზე დასწრებით ნაწილობრივ დავიკმაყოფილე ეს სურვილი.
ეს არის მთავარი ქუჩის ზედა ნაწილი და ქვემოთ რაც ხდება უკვე ადვილია გასაგებია.


















































კუნძულზე სულ ხუთი სასტუმროა და თადარიგი თუ ბევრად ადრე არ დაიჭირეთ გამგზავრებამდე, ადგილები აღარ იქნება. ასე აღმოვჩნით  Le Mouton Blanc -ში, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთი თანამედროვე დიზაინით და მეორე შუა საუკუნეების სტილით, რომელსაც ნომრებში შესასვლელი, ცალ-ცალკე აქვს პირდაპირ ქუჩიდან. ჩვენ "შუა საუკუნეები" გვერგო და თეთრი კარი მარჯვნივ.
ეს ვიწრო ქუჩა ზემოთ ადის და მარცხნივ გადასახედი იშლება კუნძულზე და მარჯვნივ სასაფლაოზე მიდის გზა, რომელიც ზუსტად ისეთია როგორც კუნძული - ლამაზი, მოვლილი, კლდეებში და ქვის კედლებში ჩამალული. ღამით კი ყველაზე მყუდრო ჩამოსაჯდომი ადგილი აღმოჩნდა. ოდესღაც გარდაცვლილ ბერებს შორის ზიხარ, ქვემოდან კი 21-ე საუკუნის ხმები გწვდება რესტორნებიდან და რეალობას გახსენებს.

















































შეიძლება ითქვას, რომ რაც კი აქამდე გამისინჯავს ნორმანდიული სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა. ზღვის პროდუქტებით მდიდარია და განსაკუთრებული სატაცური და არტიშოკი აქვთ, მრავლად რომ მოჰყავთ აქ. ხორცეულიდან ღორის ხორცის კერძებს ანიჭებენ უპირატესობას. ერთ-ერთი ცნობილი ადგილობრივი კერძია Normandy Pork Casserole, რომელიც ღორის ხორცით, ნორმანდიული კარაქით, ხახვით, დიჟონური მდოგვით და ნაღებით კეთდება. მისი ერთ-ერთი ვარიაცია ჩვენი სასტუმროს მენიუშიც იყო. თეთრ კრემში ჩაწყობილი ღორის ხორცი თითქოს თავიდან უნდობლად განგაწყობთ, მაგრამ როცა იცი, რომ აქ გემოების შეხამება ცალკე ხელოვნებაა, ყველაფერი უცხოს გასინჯვა გინდებათ. ოდესმე თუ რამის გემო გამახსენდება ერთ-ერთი ეს კერძია.

























ნორმანდიული ყველის დაფა არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მოთხოვნადი ყველის მოყვარულებს შორის. ყველაზე ცნობილი ყველის სახეობია: კამამბერი, ნეშატელი, პონ-ლ'ევეკი და ლივარო.































აქაურობა ვაშლის უდიდესი პლანტაციებითაცაა ცნობილი, ამიტომ აქ ყველაზე პოპულარული სასმელი ვაშლის სიდრი და კალვადოსია.
ჩვენი სასტუმროს რესტორანი, მიუხედავად იმისა რომ მთავარ ქუჩაზე მდებარეობდა, ისე იყო მოწყობილი რომ თავი მყუდროდ გეგრძნო და დიდად არც ხმაურს შეეწუხებინე. აქ კედლებს, იატაკს, ფანჯრებს, ყველაფერს პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული.


















































კუნძულის "ინტერიერი" ზუსტად ისეთივე შთამბეჭდილებას ახდენს, როგორც გარედან მთლიანობაში. ვიწრო ქუჩები, ქვაფენილიანი ბილიკები, კიბეები, ფარნები, აყვავებული ბებერი ფანჯრები, სუვენირების მაღაზიები, გვერდს რომ გულგრილად ვერ აუქცევ და ყველაში სათითაოდ გინდა შესვლა, ქვის კედლები, ტერმიტებივით რომ შესევიან ტურისტები.








































































































































































































































































თუ რამეს ჩემზე ოდესმე შთაბეჭდილება მოუხდენია, ეს იყო ტაძრისკენ ასასვლელი გზის გადასახედიდან დანახული ნორმანდიის პეიზაჟები. მიქცევისას დროებით დამშრალი ზღვის ფსკერი ისეთ ხაზებს, ფერებს და კვალს ტოვებს, გასცქერი და გგონია სხვა პლანეტაზე მოხვდი და არემარეს ილუმინატორიდან აკვირდები. იქ მოსეირნე "უცხო სხეულებსაც" სახელდახელო ამბებს უძებნი.
ეს ორნი, მაგალითად, დედამიწის ხომალდს ჩამორჩნენ და ამ სივრცეში დაიდეს სამუდამო ბინა:

























ეს ადგილობრივი მკვიდრია, რომელმაც ორი "უცხო სხეული" შეამჩნია და მათკენ გაემართა:


აქეთა ხედები პოსტაპოკალიპტური დედამიწისაა, გადარჩენილი ადამიანები სხვადასხვა ჯგუფებად ერთად რო მოქუჩებულან და არ იციან სად წავიდნენ:

















































































ეს ხედები კი უეცრად გამოჩენილ ქალაქს გავს უცხო პლანეტაზე დარჩენილების მირაჟად რომ იქცა:


















































ამბების მოგონებაში დრო ისე გაიპარა ვერც გავიგეთ, ან კი როგორ შეიძლება აქ დროის მსვლელობა იგრძნო. თვალი ჰორიზონტზე იყინება და ამბებიც თავისით იწერება, მაგრამ წინ კიდე ერთი მისტიკა გველოდა და გზაც უნდა გაგვეგრძელებინა ყველაზე მაღლა - ტაძარში, შორიდანვე რომ თავზარს გცემს:

























ქალაქის სტრუქტურული კომპოზიცია საუკეთესო მაგალითია იმ ფეოდალურ საზოგადოებისა რომელმაც ის ააგო: ზევით არის ღმერთი, სააბატო და მონასტერი; ქვევით დარბაზები, შემდეგ მაღაზიები და სახლები, კედლის გარეთ კი მეთევზეებისა და ფერმერების საცხოვრებლები, ჰოდა ჩვენც ამ ყველაფრის გავლით  გავემართეთ ღმერთისკენ,  პირველად ბენედიქტიანელთა ორდენთან ერთად რომ დასახლდა აქ პრე-რომანულ ტაძარში. მე-11 საუკუნეში კი უკვე რომანული ტაძარი აიგო იტალიელი მშენებლის მიერ, რომელიც ნორმანდიის ჰერცოგ რიჩარდ II-ის მიერ იყო არჩეული და ღმერთიც იქ გადასახლდა. შენობის სიმძიმისთვის რომ გაეძლო ფუნდამენტს, მის ქვეშ არაერთი აკლდამა და სამლოცველო გაიხსნა, როგორც დამხმარე ნაგებობები, რომელმაც მერე მთლიანად შექმნა ის კომპოზიცია, რასაც დღეს ვხედავთ. პირველი მონასტრის შენობაც მე-11 საუკუნეში აშენდა ტაძრის ჩრდილოეთის კედლის წინ, მე-12 საუკუნეში კი სამხრეთით და დასავლეთითაც გაფართოვდა.
ნიშნად ნორმანდიის დაპყრობისა, საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტის შემოწირულობების წყალობით მე-13 საუკუნეში კომპლექსს დაემატა გოთიკური სექცია - ორი სამართულიანი შენობა თავისი მონასტრითა და სატრაპეზოთი. მე-15 საუკუნეში ტაძრის რომანული ქორი ჩამოიშალა, რომელიც მერე გოთიკურ სტილში აღადგინეს.
ვერც ამ კუნძულმა აიცილა დავა კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის. რამდენჯერმე სცადეს პროტესტანტებმა კუნძულის აღება. კათოლიკეებმაც ნელ-ნელა დაიწყეს თავიანთი საცხოვრებლების მიტოვება. შესაბამისად სააბატოც დაიკეტა და საპყრობილედ გადაკეთდა, სადაც მაღალი რანგის პოლიტიკური დამნაშავეები გადაჰყავდათ, მაგრამ შემდეგ მე-19 საუკუნეში საფრანგეთის გავლენიამა პირებმა, ვიქტორ ჰიუგოს ჩათვლით დაიწყეს კამპანია, რათა აღედგინათ კუნძულის სტატუსი, როგორც ნაციონალური არქტიტექტურული განძის. ციხე დაიკეტა, მთა გამოცხადდა როგორც ისტორიული მონუმენტი და ბერებიც დაბრუნდნენ. 1979 წლიდან მონ სენ მიშელის კუნძულიც და ყურეც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.





























































































































სააბატოში ზაფხულობით ყოველ ღამე იმართება შოუ სახელწოდებით "Night poetic itinerary", რომელიც საღამოს რვის ნახევარზე იწყება და შუაღამემდე გრძელდება წლევანდელი ზაფხულის თემა იყო "მისტიური სტუმარი", რომელიც სხვადასხვა დარბაზებში სხვადასხვა ვიზუალურ-ხმოვანი ეფექტებით იყო გაფორმებული.  არწივის ეს სკულპტურა და ბუმბულებიც ამ შოუს ნაწილი იყო:












შოუს შემდეგ ღამის მონ სენ მიშელში გავისეირნეთ, რაც არანაკლებ შთამბეჭდავი იყო.















წამოსვლის დღეს ჩექ აუთიდან ავტობუსის გასვლამდე საათნახევარი გვქონდა დარჩენილი და ცოტა პორტრეტებითაც გავერთე.














ბუნების ხმებიდან თუ რამე მიყვარს ერთ-ერთი თოლიების ყივილია, თითქოს ზღვიდან მოტანილ ამბებს გიყვებიან და შენც ხმისამოუღებლად უსმენ და ყველაფერში ეთანხმები "კი, კიი ეგრეა"-ო. ამათზე უკეტეს გამცილებლებს ვერც კი ვინატრებდი.



მერე უკანასკნელად შევავლე თვალი ალფა მგლის სამფლობელოს და ჩვენი ავტობუსიც მოვიდა.

ზემო ნორმანდია
მისი ნახვა რუენიდან უნდა დაიწყოთ - ნორმანდიის დედაქალაქიდან. ქალაქი, სადაც ჟანა დარკი დაწვეს და სადაც თითქმის სულ წვიმს, რომანტიული ადამიანების ნამდვილი თავშესაფარია, ულამაზესი არქიტექტურით, ქვაფენილიანი ქუჩებით და რუენის ღვითსმშობლის ტაძრით, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი ულამაზესი და დიდი ტაძარია.
ქალაქი გალების დაარსებულია, მდინარე სენაზე მდებარეობს და ითვლებოდა რომ შუა საუკუნეების ევროპაში ყველაზე წარმატებული ქალაქი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს მისი დიდი ნაწილი მთლიანად განადგურდა. 1940 წელს ტაძრისა და მდინარე სენას შორის ტერიტორია 48 საათის განმავლობაში იწვოდა და ნაცისტები ნებას არ რთავდნენ მეხანძრეებს რომ ჩაექროთ ხანძარი. 1944-ში კი ქალაქის დანარჩენი ნაწილი განადგურდა, დაიბომბა რუენის საკათედრო ტაძარიც. ამავე წელს განთავისუფლდა ნაცისტების მმართველობისგან და შემდგომში ქალაქიც მთლიანად აღდგა.
წვიმდა რომ ჩავედით და მთელი დღის განმავლობაში ხან სად შევუყუჟებოდით ხან სად.

To be continued...