Monday, February 20, 2017

ერთხელ ბურგუნდიაში...



საფრანგეთში მზე ბურგუნდიიდან ამოდისო. არ ვიცი "ამბობენ" თუ არა, მაგრამ მე ვამბობ.  დიახ, საფრანგეთში მზე ბურგუნდიიდან ამოდის, ვენახების ზვრებს მიჰყვება, ყურძნის მტევნებში იშლება და თითოეულ მარცვლად გადაიქცევა.
გაჰყურებ თვალუწვდენელ ვენახებს და გგონია, რომ აქ ყველაფერი დაწურული მზის წვენის ფერია; გგონია რომ აქ არავინ იღლება, აქ არავინ იბღვირება, აქ ყველას უხარია სიცოცხლე და ყველაფერი იმისთვის იქმნება, რომ აქაურობის მტვრის შესუნთქვისათანავე ამოსთქვა:
არასოდეს წავიდოდი აქედან!
მიდიხარ გზაზე, ვენახებში სოკოებივით ამოზრდილ შატოებს უყურებ და გჯერა,  რომ ღმერთი ცხოვრობს თითოეულ მათგანში. საღამოობით გადმოდგება ვერანდაზე, გახედავს ჰორიზონტს ვენახის ბოლოში, სადამდეც თვალი გაუწვდება, დაისხამს ერთ ჭიქა ღვინოს, მოსვამს, ჩაეღიმება და იტყვის, კარგია ცხოვრება, მაგრამ ზოგგან უფრო კარგია. კაი ვქენი რომ შევქმენი...
ბურგუნდიაზე მოყოლა დიჟონიდან უნდა დაიწყო - ბურგუნდიის გულიდან, ცენტრიდან და პულსაციიდან. ჩემი დიჟონი კი პარიზის Gare de Lyon - დან,  ყველაზე ადრეული რეისიდან იწყება. ვერ ვითმენ და იმიტომ.  შვიდის ნახევარზე უკვე აქ ვარ. სადაცაა ჩამოდგება მატარებელი. სულ საათი და ორმოცი წუთი და იქ ვიქნები... 
გავყურებ სივრცეს მატარებლის ფანჯრიდან და ვხედავ როგორ იცვლება პეიზაჟი ქარვისფრად, რაც უფრო ვუახლოვდები...

 

ერთხელ გითხარით, როცა დიჟონზე მოგიყვებით, ესე დავიწყებ მეთქი:

დიჟონი - ქალაქი, სადაც ბებიასთან უნდა ჩახვიდე. მართლა ასეა. ამისთვის საკმარისია ფარნებიან ვიწრო ქუჩებში გაიაროთ და ფანჯრებს შეხედოთ:



































































































































მიუყვები პატარა მყუდრო ქუჩებს და "ხედავ" რომ ყველა ფანჯრის მიღმა ბებია დგას
გაზქურასთან და ღვეზელებს უცხობს შვილიშვილს, ეს-ესაა რომ ჩამოვა და ჰაერშიც ცხელ-ცხელი ღვეზელების სუნი "იფრქვევა".
ყველა კუთხე-კუნჭულში პატარა კაფეები, ბულანჟერეები და სუვენირების ვინტაჟური მაღაზიებია. თითოეული შენობა და ინტერიერი ჩემი ბავშვობის ძილისპირულ ფიქრებს გავს, მინიატურული ადამიანების და ნივთების სამყაროში რომ გადავყავდი ხოლმე. საჩუქრების მაღაზიები კი საკუთარ "დიასახლისებს" გვანან - პრანჭია სიფრიფანა ფრანგ ბებიებს.
სუვენირებს შორის ყველაზე ხშირად ბუს ფიგურებს წააწყდებით. ბუ დიჟონის სიმბოლო და თილისმაა. ქალაქის ისტორიულ ცენტრში ძირს მთლიანად ესეთი ფირფიტებია დაკრული და ტურისტული მარშრუტის მიმართულებას აჩვენებს.

























ბუს სიმბოლოდ გახდომას თავისი წარმოშობა აქვს. დიჟონის ღვთისმშობლის ტაძრის (Église Notre-Dame de Dijon) ერთ კედელზე პატარა ბუა ამოკვეთილი. ამბობენ თუ მარცხენა ხელს დაადებ და სურვილის ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგისრულდებაო. ჩვენც ჩავიფიქრეთ. "ნილს ბორისა არ იყოს", იქნება იმათაც უსრულებს სურვილებს, ვისაც არ სჯერა?!


ასეა თუ ისე, ეს პატარა სიმპატიური ბუ ქალაქში "Good Luck" - ის აურას ქმნის და შენც, მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ცდილობ, რომ დაიბედო აქაურობის იღბალი, რისი პატარა ნაწილი სახლშიც წამოვიყოლე იქვე მდებარე მაღაზიიდან:

























დიჟონის ღვთისმშობლის ტაძარი ვახსენე და ბარემ შიგნითაც შევიხედოთ, როგორ ცხოვრობს ბუ და ღმერთი.




















































ესეც გარედან:



























ბუს გარდა, ტაძარი (მე-13 საუკუნის გოთიკური არქიტექტურა) კიდე იმითაა ცნობილი, რომ ფასადზე დრაკონ გარგულიას ასლებია გამოქანდაკებული. 
ესეთი ამბავი მომხდარა.  ერთ პატივცემულ მევახშეს აქ მოუნდომებია ჯვრისწერა, მაგრამ განა დააცალა ბედნიერება მუხთალმა წუთისოფელმა?! ჩამოვარდნილა ერთი დრაკონი და გაუბრტყელებია იქვე. მევახშეობის ცოდვამ უწიაო, ბოროტი ხმები ამბობდნენ. ადგნენ მერე მისი კოლეგები და ყველა ჩამოახსნევინეს, შური იძიეს დრაკონებზე. 1800 წლის ბოლოს აღადგინეს მხოლოდ. რაც ფოტოზე ჩანს ყველა ასლია, მხოლოდ რამდენიმე ორიგინალია შემორჩენილი გვერდებზე. რომ გითხრათ დიჟონის ნოტრდამიდან ნამდვილი გარგულია გადმომყურებს თუ ასლი, დიდად მანაღვლებს მეთქი, მოგატყუებთ, სამაგიეროდ კიდევ ერთი ინფორმაცია შევმატე ჩემი ტვინის საცავს, (ახლა უკვე თქვენსასაც) რა ვიცი როდის გამომადგება.
ფრანგული ქალაქების მსგავსად, ამ ქალაქშიც ბევრი ისტორიული ტაძარია. წარსული დიდების ცოცხალი კვალი და წინაპართა ძვლები ამ მიწაზეა თუ არის, (პირდაპირი მნიშვნელობითაც კი. იხილეთ პარიზის კატაკომბები) მაგრამ არ შეგჭამს ამის გამო არავინ, არც ფრანგული კულტურისა და ტრადიციების გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით დაგღლიან. საკუთარი თავის ფასი ჩუმი და უტყვია. რასაც ხმამაღლა გაჰყვირი, იქ გიჭირს ყოველთვის.
დიჟონის ტაძრები ძირითადად ბუს საფეხმავალო მარშრუტზე არიან განლაგებულები და ამიტომ ყველა ადვილი მისაგნებია. ნოტრ დამის გარდა აქ ნახავთ: 

Église Saint-Michel
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარს.





Cathédrale Saint-Bénigne
წმინდა ბენედიქტეს საკათედრო ტაძარს






















Église Saint-Philibert
წმინდა ფილიბერის ეკლესიას

ეს ეკლესია არ არის მოქმედი, მაგრამ სხვადასხვა პერფორმანსები და ინსტალაციები ეწყობა შიგნით.
როცა შევედი იმ დღეს, ბახის ადაჟიოს უსტვენდა ვიღაც "უჩინარი კაცი" და ნახევრად ბნელი, ცარიელი დარბაზის კედლები საოცარ მისტიურ ექოს აძლევდა (That was creepy as f*ck!) ნუ უსტვენ სიღარიბე იცის მეთქი, მინდოდა შემეძახა ქვემოდან, მაგრამ ჩემმა თანამეგზურმა იდაყვზე მომქაჩა, ლაივში არ უსტვენს გოგოო. აბა ლაივში თუ არ უსტვენს ეს რა პერფორმანსია მეთქი, ავღელდი და ეგრევე გამოვედი.





























Chapelle des Carmélites
კარმელიტების ორდენის სამლოცველოს


კარმელიტი დების ორდენი იყო ქალთა პირველი რელიგიური გაერთიანება, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა ამ ქალაქში და ეს სამლოცველოც მაშინ აშენდა. ძალიანაც მინდოდა პატივი მიმეგო კარმელიტი დების ხსოვნისთვის, მაგრამ კარი საგულდაგულოდ ჩარაზული დამხვდა. ამავე ქუჩაზე (Rue Sainte-Anne) იყო ჩემი სასტუმროც. დღეში რამდენჯერმე ავუვლიდი-ჩავუვლიდი, მაგრამ არც შიგნით მინახავს შესული ვინმე, არც გამოსული. ღამეც დავუდარაჯდი, იქნება რომელიმე კარმელიტი დის აჩრდილი დამენახა, მაგრამ ამაოდ. მიყვარს მე ორდენები, საუდუმლო თუ არასაიდუმლო და კიდე კათოლიკური მონასტრების ტერიტორიაზე ღამით ბოდიალი.
























რაც საფრანგეთში ეკლესია-მონასტრები მაქვს "მოლოცვილი", ერთ ბლოგს ამაზე ცალკე დავწერდი. ღმერთი მეძახის მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ არის რაღაც, რაც მიზიდავს კათოლიკურ ეკლესიებში - პომპეზურობის ამ სავანეებში: იდუმალება, ყველა კუთხეში, ვიტრაჟებში, ორღანის ხმებში, საკრალურ ფიგურებში, სიმბოლოებში, სააღსარებოებში, თუ მესას დროს ლათინურად წარმოთქმული ქადაგების ჟღერადობაში როა მიმალული და თავის აღმომჩენს ელოდება.  ალბათ ფრანგი მწერლების, ფრანგულ-იტალიური ფილმების და უმბერტო ეკოს გავლენაა. ფილმის გმირი მგონია ხოლმე თავი, მონასტრებში შავ-თეთრებში გამოწყობილ მონაზვნებს რომ ვხედავ, ხელში კრიალოსანით.
ყველაზე მეტად ის "უცნაურობა" მიყვარს, პატარა ქალაქების ტაძრებს რომ ახასიათებთ - თითქმის სულ ცარიელია, მაგრამ ყველგან ბრდღვიალებს სანთლები და ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ ვიღაც უხილავმა ხელმა აანთო შენთვის. ჩამოჯდები მერე სადმე და იცი რომ არც ჩამომჯდარი, არც შარვლიანი და არც უთავსაფრო არ სძულხარ უფალსა და ტაძრების პომპეზურობასაც გამართლებას უძებნი - რაღაცა მიუწვდომელის ნაწილი ხარ.
მერე გამოხვალ გარეთ და სიცოცხლით სავსე რეალობაში ბრუნდები, ადგილობრივ ჰედონისტთა სამყაროში.
ფრანგებზე ჰედონისტი ერი არ არსეობს. შეიძლება ვთქვათ რომ ბერძნებიც, მაგრამ ფრანგების ჰედონთან შედარებით მათი ჰედონი "ფანოღია". 
ბურგუნდიელები ყველაზე მხიარული, კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარე ფრანგები არიან, რასაც მაგალითად ვერ ვიტყოდი ნორმანდიელებზე და ბრეტონელებზე. კლიმატი მაინც თავისას შვრება, ცოტა გენებიც. აქ ყველგან გულით გიღიმიან და თუ რამეს ვერ გაგებინებენ თავიანთი საოცარი დამტვრეული ინგლისურით, მერე ხელ-ფეხზე გადადიან.
ისევე როგორც ყველგან საფრანგეთში, აქაც დღე და ღამე სავსეა კაფეები. დღე-ღამის რა მონაკვეთში არ ჭამენ ამ ქვეყანაში, ვერ გავიგე. ვუყურებ და სულ მიხარია. ბავშვობაში ხომ ხშირად გვესმოდა, რომ ქუჩაში ჭამა არ შეიძლება; გარეთ, ხალხში ჭამა არ შეიძლება, უკულტურობაა და ა.შ. ოთახის რიტუალი იყო ჭამა. ჭამა კიდე ერთგვარი სიამოვნებაა, მყუდრო თავშესაფარი და სტრესებისგან განთავისუფლება და როცა გარეთ, კაფის ღია ტერასებზე ხალხს ვუყურებ, როგორ ილუკმებიან გემრიელად, ქვეცნობიერი იწყებს მუშაობას და რაღაცნაირი დაცულობის და უდარდელობის განცდა მეუფლება. მშიერსაც გამივლია და მაინც ეგრეა. (ეს ნიშნი რომ არ მომიგოთ) 

Voila










ზოგს განმარტოება უნდა, ზოგს მეგობრებთან ჩამოჯდომა და თავის შექცევა და ესე.. როგორც ყველგან...


















































































ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია თავისუფლების მოედანი. ღია კაფეების, შადრევნების, მერიის, სახვითი ხელოვნების მუზეუმისა და უბრალოდ დროის მოსაკლავი ადგილი. მოედანს გადმოჰყურებს ბურგუნდიის ჰერცოგის ფილიპ ლე ბონის სასახლე და კოშკი, რომლის მხოლოდ ერთი ფანჯარაა მთელი ღამით განათებული და ძალიან შთამბეჭდავი სანახავია მოედნიდან.



























ღამით მოედანზე ყველაზე თბილი და ამაღელვებელი მომენტი იყო, როდესაც იქ შეკრებილმა ახალგაზრდობამ ბურგუნდიული ცეკვა დაიწყო და ნელ-ნელა უერთდებოდნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები:



















































ესეც დღისით მოედანი














































































ქალაქის პარკში, რომელსაც ადგილობრივები Jardin darcy - ს ეძახიან, განსაკუთრებული არაფერი არაა, მაგრამ ქალაქის ზღაპრულ აურასა და განწყობაში თავისი წილი ხიბლი და ჰარმონია შეაქვს.

































აბა ის რა ზღაპრული ქალაქია, სადაც ტრამვაი არ დადის?!




"მითხარი რას ჭამ შენ და გეტყვი ვინ ხარ ხარ შენ" - მე არ მითქვამს, ფრანგმა გასტრონომმა ჟან ბრია-სავარენმა თქვა და როგორ გინდა არ დაეთანხმო?!
ჩვენ, გურმანები განსაკუთრებული ადამიანები ვართ და როგორც გემოებში ვეძებთ მრავალფეროვნებას და ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს, ისე ადამიანებში, ურთიერთობებში და ყველგან, სადაც კი მივდივართ და ყველაფერში, რასაც ვხედავთ. დიახ, ასეა და რამხელა ბედნიერებაა გურმანობა სწრაფ მეტაბოლიზმთან ერთად კომბინაციაში, ეს ალბათ მხოლოდ სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე გურმანებმა იციან. (ჩემი სამი შურის საგანიდან ერთ-ერთი)
ჰოდა სად იჭმევა კაი პური დიჟონში?
ყველგან, სადაც კი შეხვალთ, იმიტომ რომ ბურგუნდიული სამზარეულო თითქმის ყველაფრის სიმბოლოა, რაც კი ფრანგულ სამზარეულოში მოიზრება ანუ ღმერთების სამზარეულოში, ანუ გურმანების სამოთხეში, ანუ ჰედონისტების "Raison d’être" -ში. ბოლოს და ბოლოს მდოგვი აქვთ თავისი, დიჟონური მდოგვი და  კერძებიც ძირითადად მასზე აქვთ მორგებული, ამიტომ ბურგუნდიულ სამზარეულოში ხორციანი კერძებია წამყვანი და ძალიან უყვართ ნიორი. რაც ცოტა მძიმეა, მაგალითად, პროვანსული სამზარეულოსგან განსხვავებით, სადაც უპირატესობას ზეითუნის ზეთსა და ბოსტნეულს ანიჭებენ. ძროხის ხორცის რა კერძებს არ გასინჯავთ აქ, ენიდან, ხბოს თავიდან დაწყებული თირკმელათი დამთავრებული. განსაკუთრებულად გემრიელია ბურგუნდიულ წითელ ღვინოში დამარინადებული ხორცის კერძები. გამომდინარე იქიდან რომ ბურგუნდიული ტყეები მდიდარია სოკოთი, სოკოს კერძებიც მრავლადაა ადგილობრივ სამზარეულოში. ღვინოზე მერე მოვყვები, როცა ღვინის ტურზე გადავალ.
ესეც აქაური მდოგვი. აქ ცალკე მაღაზიებია მდოგვის.




























როგორც გითხარით, დიჟონში ყველგან კი იჭმევა კაი პური, მაგრამ ზოგგან უფრო კაი, მაგალითად Maison Philippe Le Bon-ში, რომლის ერთ-ერთი ნაწილი მე-17 საუკუნის შიდა ეზოშია განთავსებული, იმ დროინდელი ქვის იატაკითა და კედლებით.


რესტორანს კიდე რამდენიმე დარბაზი და საზაფხულო ტერასა აქვს. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ სასტუმროს ეკუთვნოდა, მხოლოდ ერთხელ შევძელით აქ სადილობა, რადგან წინასწარ დაჯავშნული იყო მთლიანად. სამუშაო დღეებში დღისით მუშაობს საათნახევარი და საღამოს ორსაათნახევარი. შაბათს მარტო ორსაათნახევარი და კვირას არ მუშაობს. მოდი და არ შეგშურდეს, მაგრამ აქ კლასის და ხარისხის შენარჩუნება ბევრად უფრო უღირთ, ვიდრე სიხარბე. ქალაქი მუდმივად  სავსეა ტურისტებით და ამ რესტორანშიც დილით თუ შეძელით საღამოსთვის მაგიდის დაჯავშნა, ესე იგი გაგიმართლათ, არადა, სრული დატვირთვით რომ ამუშაონ, რომელი დარბაზების და ტერასების დეფიციტი აქვთ? მაგრამ, როგორც გითხარით, კლასსაც უფრთხილდებიან და ჯანსაც. 
შეფი ყავთ ოქროკაცა, ალკაცა, ჯადოქარი, ალქიმიკოსი ემერიკ ბიუსონი. პურ-მარილი დაჰყარა სუფრაზე, ხორცის და სული ზეიმი ერთად მოაწყო. 
სანამ ღვინის სამყაროში გადავინაცვლებთ, მანამდე ქალაქშიც გავისეირნოთ:



















„უთხარი, სადილად წვენში ჩაწყობილი კურდღელი, კარგი მსუქანი ყვერული, ნივრით შემწვარი ცხვრის ბარკალი და ოთხი ბოთლი ძველი ბურგუნდიული ღვინო ამომიგზავნონ.
ჯანდაბას მეფეთა მეფეც და თქვენი ლათინურიც, დავლიოთ, ჩემო დ-არტანიან, დავლიოთ ისე, რომ წვეთი არ დაგვრჩეს“,  ისპანახი არა იხვის ტოლმა კიდეო.
დიუმაც კარგი გურმანი იყო, როგორც ჩანს, ესეთი ვნებით ვერ ჩამოთვლიდა ამ ყველაფერს სხვა შემთხვევაში.
როგორ მიყვარდა ეს ეპიზოდი - არამისის ცდუნების. უმალ ერთმანეთს რომ დააკავშირა სიყვარული და გემრიელი სადილი. აბა ქალს უყვარდა ისევ და რა ეისპანახებოდა. ასეა, თუ გემრიელად ჭამა არ გიყვარს, ვერც სხვას რამეს შეიყვარებ. 
და როცა ქალი გიყვარს ნამეტნავად, ბურგუნდიული ღვინის გარდა, რითი უნდა მოილხინო?  ხომ გითხარით იციან ფრანგებმა ყველაფრის გემო და ხარისხი. მითუმეტეს როცა საქმე ვნებებს ეხება.
ბურგინდიაც და ბურგუნდიული ღვინოც პირველად აქ გავიგე და სულ მაინტერესებდა როგორი იყო. მე, როგორც მოყვარული მეღვინის შვილი, ღვინის კეთილშობილებაში ადრეული ასაკიდანვე ვერკვეოდი. გამისხლავს კიდეც ვენახი, მომიკრეფია ყურძენი, რეზინის ჩექმებითაც დამიწურავს საწნახელში, გადაღება-გადმოღებაშიც მიმიღია მონაწილეობა და პირველი დეგუსტატორიც მე ვყოფილვარ იმ წლის ღვინის. ჰოდა ფრანგული ღვინოების ინტერესი "იმთავითვე" მკლავდა.
ერთ დღესაც რკინის ქალამნები ჩავიცვი, რკინის ჯოხი დავიჭირე ხელში და ცხრა მთასა და ოთხი ზღვის იქით გავემართე ღმერთების სასმელის გასასინჯად.
დანარჩენები რას ვაკეთებთ ამისთვის? 
    ან/ან 
1. ონლაინ ვყიდულობთ რომელიმე ტურს.
2. ჩავდივართ დიჟონში, ტურისტულ ოფისში ვიღებთ ბუკლეტს და იქიდან ვარჩევთ რა გვინდა და ასევე ოპერატორის რჩევებსაც ყურადღებით ვუსმენთ.
3. ჩვენივე სასტუმროს ადმინისტრატორს ვთხოვთ, რომ გაგვაცნოს მეორე დღისთვის დაგეგმილი ღვინის ტურები და მანვე დაგვიჯავნშნოს.
ჩემს რჩევას თუ გაითვალისწინებთ, მესამე ყველაზე გონივრული საქციელია.

ასე აღმოვჩნდით პატარა ულამაზეს სოფელში Gevrey-Chambertin. 310 ჰექტარზე გაშენებული პინო ნუარის ვენახებიდან ბურგუნდიაში საუკეთესო წითელი ღვინო აქ იწარმოება, კლასიფიკაციით Grand cru. ბურგუნდიული ღვინოების კლასიფიკაციაში ეს არის უმაღლესი ხარისხი, შემდეგ მოდის 2. Premier cru, 3. village appellations, და ბოლო 4. regional appellations. 
როგორ ვარჩევთ ეტიკეტზე ხარისხს:
4. Regional appellations - ეს არის კლასით ყველაზე დაბალი ხარისხის ღვინო (რა თქმა უნდა ამაში უხარისხო და ცუდი არ იგულისხმება) და მისი წარმოება მთელს რეგიონშია ნებადართული, შესაბამისად პროცენტულად ყველაზე დიდი წილი ამ ღვინოზე მოდის. 
ბოთლის ეტიკეტზე აღინიშნება მხოლოდ რეგიონის სახელწოდებით Bourgogne. ქვეკატეგორიებიც აქვს სუბრეგიონალური, რომელიც ასე აღინიშნება ეტიკეტზე, მაგალითად  Bourgogne Hautes-Côtes de Beaune ან Bourgogne და დანარჩენი სუბრეგიონები: 

Côte de Nuits
Côte Chalonnaise
Mâconnais

და მეორე ქვეკატეგორია: სპეციფიური ყურძნის ჯიში, რომელიც ასე აღინიშნება ეტიკეტზე, მაგალითად Bourgogne Aligoté. (თეთრი ყურძნის ჯიში). (ბურგუნდიაში ძირითადად ორი ჯიშია ყურძნის: პინო ნუარი, რომლიდანაც წითელი ღვინო იწარმოება და შარდონე - თეთრი ღვინო.)
კლასიფიკაციით ეს ქვეკატეგორიები "რეგიონალზე" მაღლა დგას და "ვილიჯზე" დაბლა, ანუ სადღაც შუაშია.

3. village appellation
ამ ხარისხის ღვინოებს იმ სოფლის სახელწოდებები ქვიათ, სადაც ყურძენი მოყავთ, მაგრამ ვენახები დაკონკრეტებული არაა. შეიძლება იყოს ბლენდი ანუ ნაზავი იმ რამდენიმე ვენახიდან, რომლებიც 42 სოფლის საზღვრებში მდებარეობს და შედარებით მცირეა. შესაბამისად ბოთლის ეტიკეტზე მხოლოდ რეგიონი და სოფლის სახელია მითითებული. "რეგიონალზე" კომპლექსური გემო აქვს ამ ღვინოებს და თითოეული სოფლის ღვინოს ერთმანეთისგან განსხვავება ხარისხითაც და სპეციფიკური თავისებურებებითაც. ბურგუნდიული ღვინის წარმოებაში მისი წილი 36% -ია.

2. Premier cru
მოჰყავთ მხოლოდ სპეციალურ ვენახებში, რომლებსაც "climats" ეძახიან და აქვს ბევრად უფრო ინტენსიური გემო ვიდრე წინა ორს, ხარისხს განსაზღვრავს:
1. მიწა, რომელიც ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა რომ არანოყიერი უნდა იყოს ანუ რაც უფრო არანოყიერია მიწა, მით უფრო ღრმად ჩადის ფესვი და იქიდან ამოაქვს მინერალები და ის ნივთიერებები რაც ყურძენს გასნაკუთრებულ გემოს და ხარისხს ანიჭებს,
2. რამდენ ხანს უყურებს ვენახი დილის მზეს.
3. რამდენ ხანს ჩერდება მუხის კასრებში და სხვა.
ბურგუნდიული ღვინის წარმოებაში Premier cru-ს წილი მკაცრად განსაზღვრული 10-12% -ია.
ეტიკეტზე ასე იკითება:
1. რომელი წლისაა (ფოტოზე არ ჩანს, ბოთლის ყელთან აკრავს წლოვანების აღმნიშვნელი ეტიკეტი)
2. სოფლის სახელწოდება, ამ შემთხვევაში ჟევრე-შამბერტინი.
3. ხარისხი 1er cru ანუ Premier cru, და ვენახის სახელწოდება les Cazetiers
4. მწარმოებლის სახელი Philippe Leclerc, ვის სარდაფებშიც ვიყავით.



























და ბოლოს
1. Grand Cru ანუ ღმერთების სასმელი ანუ "The big daddies of Bourgogne". ეს არის სტატუსი, ეს არის "სტეიტმენტი". ეს არის გემოების უსასრულო მოგზაურობა. ეს არის დაუნანებლად გადახდილი ფული. მხოლოდ 33 ვენახი არსებობს მთელს ბურგუნდიაში (აქედან რვა მარტო ჟევრე-შამბერტინშია) სადაც Grand Cru მოყავთ და ყოველწლიურ წარმოებაში მისი წილი არის მკაცრად განსაზღვრული 1-2%. გრან კრუს მინიმალური ასაკი უნდა იყოს 5 დან 7 წლამდე, საუკეთესოდ ითვლება 15 წელზე მეტი დაძველების.
თუ პრემიერ კრუს ეტიკეტზე სოფლის სახელიცაა მითითებული და ვენახისაც, გრან კრუს ეტიკეტზე, მხოლოდ ვენახის სახელია და რა თქმა უნდა მწარმოებლის. Corton-Renardes არის ვენახის სახელწოდება.



მიუხედავად იმისა რომ ბურგუნდიული ღვინოები ესეთი კლასიფიკაციით იყოფა Chablis სუბრეგიონში ცოტა განსხვავებული კლასიფიციაა:

4. Petit Chablis
3. Chablis
2. Premier Cru Chablis
1.Grand Cru Chablis

ბურგუნდიული ღვინის ბოთლი, საფრანგეთის სხვა რეგიონების ღვინის ბოთლებისგან განსხვავდება, ამიტომ წარწერასაც რომ არ შეხედოთ, ეგრევე მიხვდებით, მას აქვს ესეთი ფორმა:


ბორდოს ღვინის ბოთლის ფორმა კი ასეთია, ამიტომ არც ბორდო აგერევათ სხვაში.


ბურგუნდიაში ძირითადად თეთრი ღვინოები იწარმოება, ბორდოში წითელი.
კიდევ ერთი ვიზუალური განსხვავებაა აქაურ წითელ ღვინოებსა და სხვა რეგიონის ღვინოებს შორის. ბურგუნდიული წითელი ღვინო  უფრო ღია ფერისაა და გამჭვირვალე.
ბარემ აქვე ვიტყვი, რომ წითელ ღვინოს რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო ღიავდება და თეთრი ღვინო პირიქით, რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო მუქდება.
ხომ გაგიგიათ როცა ბევრ სუნამოს ვსინჯავთ, ცხვირი ეჩვევა და ვეღარ ვარჩევთ სუნებს, ასეთ დროს უნდა დავყნოსოთ ყავა. როდესაც რამდენიმე ღვინოს ვსინჯავთ ერთად, გემოები რომ განვასხვავოთ, პირში უნდა გამოვივლოთ წყალი, ეს ჩვენ "ჰარიფებმა".
როგორ ვსინჯავთ ღვინოს?
1. ვასხამთ ჭიქაში ცოტას, ჩავხედავთ, ოდნავ გადავხრით ჭიქას გვერდზე და კარგად ვაკვირდებით, თან ნელ -ნელა ვატრიალებთ. ამით ვამოწმებთ ფერს, დაწმენდილობას და სიბლანტეს.
2. ცხვირთან მივიტანთ ჭიქას ძალიან ახლოს და ვყნოსავთ. ამით ვიგებთ ღვინის პირველად არომატს.
3. მერე კარგად ვატრიალებთ ჭიქაში ღვინოს, შეგიძლიათ ხელიც დააფაროთ ზემოდან და კარგად აჯანჯღაროთ. ამით ჟანგბადი ერევა ღვინოს და არომატი უფრო ინტენსიური ხდება და მძაფრი, შესაბამისად მთლიანად შევიგრძნობთ ღვინის არომატს.
4. მოვსვამთ ცოტას, ამით შევიგრძნობთ პირველად გემოს.
5. თუ ბოლომდე გვინდა ღვინის ყველა ტონის შეგრძნება, ხმაურით ვისრუტავთ ღვინოს ჭიქიდან პირით ჰაერთან ერთად და ცოტა ხნით გავიჩერებთ პირის ღრუში სასასთან ახლოს, თან ჰაერის შესრუტვას არ ვწყვეტთ, (დაახლოებით ისე ყელში რომ რაღაცას ივლებთ ხოლმე) ამით ღვინის გემოს ჟანგბადით ვამდიდრებთ (ისევე როგორც ჭიქაში ღვინის ტრიალისას) და პლიუს - რადგან რბილ სასაზე და ენის უკანა ნაწილში გემოს რეცეპტორები შედარებით ძლიერია, ამიტომ გემოს მთელი ტონალობები "ზემოთ ამოდის". 
რაც შეეხება ტემპერატურას, თეთრი ბურგუნდიული ღვინის ოპტიმალური ტემპერატურაა 8-11 გრადუსი და წითელი ღვინის 14-17, ეს თუ გვინდა ბოლომდე და სრულყოფილად შევიგრძნოთ მისი გემო, გრადუსებს შორის შუალედი დამოკიდებულია ღვინის სიძველეზე და ხარისხზე, რაც უფრო მაღალი ხარისხისაა ღვინო და მეტი დაძველების, მით უფრო მაღალი უნდა იყოს გრადუსი, რომ თუ სიამოვნებაა ბოლომდე სიამოვნება იყოს. ბორდოს წითელი ღვინოები ოდნავ მაღალ ტემპერატურაზე ისმევა - 18 გრადუსზე, რადგან ცოტა უფრო მძიმეა, უფრო ტანინიანი და უფრო "powerfull". დანარჩენს ბორდოს ღვინოებზე მერე გეტყვით, როცა ბორდოს ღვინის ტურზე და ვორქშოფზე მოგიყვებით.
არის ცუდი ღვინოები, არის კარგი ღვინოები, არის საუკეთესო ღვინოები, არის ფრანგული - სხვადასხვა რეგიონის, იტალიური, ესპანური, მექსიკური, ქართული, მაგრამ ბურგუნდიული ღვინო არის N1  როგორც საფრანგეთში, ასევე მთელ მსოფლიოში და შესაბამისად ყველაზე ძვირი.
ჩვენი ცქვიტი ბიჭი, ჩვენი გიდი, ღვინის სპეციალისტი და სომელიე ვალენტინი, სანამ ამ ყველაფერს მოგვიყვებოდა და ფილიპ ლეკლერის სარდაფებში შეგვიძღვებოდა, ჩვენი ვინაობით დაინტერესდა და რომ გაიგო საქართველოდან ვიყავით, აცქმუტდა და აღნიშნა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოაო, რაც მაქვს გასინჯული ქართული ღვინოებიდან, ყველა ძალიან მომეწონაო, ერთხელ უნდა ჩამოვიდე და მოვიარო მეღვინეებიო  და იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ხშირად ჩამოდიან აქ ღვინის ტურებზე, ერთ-ერთი საქართველოაო. უმალ გავიფხორე. როგორ გინდა არ გაიფხორო, როცა ბურგუნდიაში ამას გეუბნებიან.
მერე შევედით ფილიპის სახლში და "დავიკარგეთ". აქ რომ არ "დაიკარგო" წარმოუდგენელია:




























ჩვენი გიდი და სომელიე ვალენტინი, რომელსაც თემო დავარქვი.


ჩვენი მეორე სომელიე, რომელსაც ირაკლი დავარქვი.


და ჩვენი მესამე სომელიე, რომელსაც კახა დავარქვი.


ესეც ჩვენი ფრანგულ - რომანტიული დეგუსტაცია.




ეს კი ჩემი პასპორტი როგორც მოწინავე სტუდენტსა და ჯამში წვეთის არ დამტოვებელს.



გარეთაც გამოვიდეთ.
ჟევრე-შამბერტინი და მისი ვენახები




აქაც ცხოვრობენ შვილიშვილების მომლოდინე ბებიები:



შემდეგი გაჩერება  -  Beaune, Caves Patriarche.

ეს არის ბურგუნდიაში ყველაზე დიდი ღვინის სახლი, უზარმაზარი სარდაფებითა და ღვინოების საცავით. სარდაფების სიგრძე 5 კილომეტრია. წელიწადში უშვებს 60 მილიონ ბოთლს და წლიური ბრუნვა 115 მილიონი ევრო აქვს. ყველაზე ძველი ღვინო, რაც სარდაფში ინახება 1904 წლითაა დათარიღებული.
დაარსდა 1780 წელს Jean-Baptiste Patriarche - ის მიერ, Patriarche Pere & Fils სახელწოდებით და ეს არის სიმბოლო ხარისხის, წარმომავლობის და განსაკუთრებულობის.
ტურები შეგიძლიათ აქ დაჯავშნოთ.
დანარჩენს ფოტოები იტყვის:


ეს ის შემთხვევაა როცა ამბობენ რაც ზემოთაა, ასი იმდენი ქვემოთო.

















შატოს სამლოცველო. მოკლედ ჩათვალეთ "ოლ ინქლუზივ" მომსახურეობა გაქვთ "პატრიარქში". სასტუმროც შიგნითაა, რესტორანიც, ღვინის სარდაფებიც და ბოლოს, ჭამა-სმა-გართობის მერე, თუ სული ცოდვილი გაგახსენდებთ, სამლოცველოც აქაა.





აქვე ნახავთ წარწერას "ბურგუნდიული ღვინო მეფეების ღვინოაო". დაუკნინებია ლუი მეთოთხმეტეს. მეფეების კი არა ღმერთების ღვინოა მეთქი, ღმერთის.


აი იმ ღმერთის, ვენახში სოკოსავით ამოსული შატოს ვერანდაზე რომ გადმოდგება, გახედავს ჰორიზონტს ვენახის ბოლოში, სადამდეც თვალი გაუწვდება, დაისხამს ერთ ჭიქა ღვინოს, მოსვამს, ჩაეღიმება და იტყვის, კარგია ცხოვრება, მაგრამ ზოგგან უფრო კარგია. კაი ვქენი რომ შევქმენი...


À bientôt...





6 comments:

  1. მაგარი განწყობა და სუპერ სურათებია.

    Thanks 4 sharing.

    ReplyDelete
  2. რაღად გინდა ადამიანს ვიზის ლიბერალიზაცია, დაჯექი და დაათვალიერე. ამდენს და ასე ლამაზად მაინც ვერც აღიქვამ და ვერც შეამჩნევ... :)

    ReplyDelete
  3. არაჩვეულებრივია. ამის გაკეთებას მარტო ბურგუნდია არ შველის. წარმოუდგენელი თვალი და გემოვნება სჭირდება. <3

    ReplyDelete