დღისით ახლადჩაძინებული, მესიჯის ხმამ გამომაღვიძა. არასდროს არ ვიღებ ხოლმე ასეთ დროს მობილურს და გაუაზრებლად ვტაცე ხელი. მეგობრის მესიჯი დამხვდა:
კრის კორნელი მოკვდა.
„ჰაააა?“ - ნაცნობმა ცივმა ტალღამ რომ დამიარა მთელ სხეულში, მივხვდი რომ არსებობს უეცარი ელდისგან წამოსული ემოცია, რომელიც არ ზომავს რა სიხშირზე იმყოფება შენგან ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვარს.
ციფრულმა საუკუნემ შეცვალა ურთიერთობები, დააპატარავა და გააქრო პირადი სივრცე შენსა და სრულიად უცნობ ადამიანებს შორის. შევიჭერით ერთმანეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ემოციებში, ურთიერთობებში. ლაივში ვადევნებთ თვალს სხვისი ცხოვრების ეპიზოდებს. ადრე თუ შენი სათაყვანებელი ობიექტი, მართლა ვარსკვლავივით მიუწვდომელი იყო, ტელეეკრანზე თუ მოჰკრავდი თვალს ხანდახან და მისდამი სიყვარული კედელზე გაკრული პოსტერებით, კასეტების თუ დისკების მრავალჯერადი გადახვევით შემოიფარგლებოდა, დღეს ცხვირწინ გყავს და ხან ფეისბუქში პოსტავს სიახლეებს, ხან ინსტაგრამზე ხედავ, როგორ გაასეირნა ძაღლი ერთი საათის წინ, ხანაც ტვიტერით გატყობინებს რომ "დღეს ძალიან მაგარი ამინდია" და იქმნება იმის განცდა, რომ შენც ამ ყველაფრის ნაწილი ხარ და მისი ყოველდღიურობის გამზიარებელი. ისე ვიჭრებით, რეალურად სრულიად უცნობი ადამიანები ერთმანეთის პირად სივრცეში, რომ ზღვარი იშლება დროშიც, სივრცეშიც და იმ მანძილში შენსა და შენს ღმერთს შორის რომ არსებობს.
ჩვენ ყველას გვყავს პატარ-პატარა ღმერთები სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა სამყაროში. ზოგს ყურით აღვიქვამთ, ზოგს თვალით, ზოგს შეხებით, ზოგი ჩვენს გვერდით ცხოვრობს, ზოგი ინსტაგრამზე, ზოგი იუთუბში, ზოგი ჩვენს პირად ფლეილისტში, ჩვენს ბიბლიოთეკაში, ზოგი იმ პორტალზე, ზოგი ამ პორტალზე და ყველა ეს ღმერთი ადვილი ხელმისაწვდომია, ზოგი ერთი ზარით შეგვიძლია გამოვიძახოთ, სადაც არ უნდა ვიყოთ/იყოს და ზოგი ერთი „დაკლიკებით“. ეს ის ღმერთებია, ზოგჯერ დალხენილებს რომ არ გვახსოვს, მაგრამ როგორც კი სულში სევდა შეგვეპარება, ინსტიქტურად ვეძებთ მათ მხარს, რომ თავი ჩამოვადოთ და მათ ფრთას - მის ქვეშ შევიყუჟოთ. ვინ იცის რამდენჯერ გადავურჩენივართ, რამდენჯერ უთქვამთ ისეთი რაღაც გმირის, პერსონაჟის, ციტატის, სტროფის თუ მისამღერის ენით, რომ უცბად მოკლე ჩართვა მომხდარა ჩვენში და მაშველ რგოლზე ხელის მაგრად ჩაჭიდების სურვილი გაგვჩენია და სულ არ აქვს მნიშვნელობა ეს მაშველი რგოლი რა აღმოჩენილა - ძირს დაგდებული კენჭი, თვალზე ჩამოვარდნილი წამწამი თუ ზღვის მოქცევა.
ჰოდა იმ დილით ერთი ეგეთი პატარა ღმერთი მომიკვდა, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანის სახელი ერქვა Chris Cornell და თავისი განუმეორებელი, არაამქვეყნიური ხმითა და ხმაში დამალული ემოციებით ზუსტად იმ ზღვარს შლიდა, „შენსა და შენს ღმერთს შორის რომ არსებობს“.
ვერ ვიტყვი ყოველ დღე ვუსმენდი-მეთქი, ღმერთებსაც გამოზოგვა უნდა, მაგრამ როცა მჭირდებოდა ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ ვუსმენდი გადაბმულად. მისი მუსიკა იყო თავის ჩამოსადები მხარი, მხარი რომელსაც თვითონ სჭირდებოდა შველა... კი, ეგრეა, თურმე ღმერთებსაც სჭირდებათ შველა და ჩვენ მაშინ ვიგებთ, როცა საკუთარი ნებით უშვებენ მაშველ რგოლს ხელს და კვდებიან.
რატომ ღმერთო რატომ, ხო ყველაფერი გქონდა მეთქი, ისე როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, უფრო სწორედ, განსაკუთრებულ ადამიანებს? - ვკითხე უთვალავჯერ. პასუხი არ არის.
ჰოო.. ყველაფერი ჰქონდა. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ყველაფერი „ზედმეტი“ ჰქონდა:
ხმა, ნიჭი, გარეგნობა, აღიარება, წარმატება, (სიცოცხლეშივე ღმერთად აღიარეს თავისივე „მოცემულობაში“ „Greek god of grunge“ - ო, ასე უწოდეს ) მოსიყვარულე ოჯახი და ერთგული, კეთილი, დიდი გული, რომლითაც ხან ავადმყოფ და უპატრონო ბავშვებს ეხმარებოდა და ხან ლტოლვილებს... მაგრამ ერთი რაღაც არ ჰქონდა და მე მივხვდი რაც - ამ ყველაფრით გახარების უნარი. ღმერთად ყოფნას ხომ კეთილი ადამიანები დიდხანს ვერ უძლებენ?!
აბა სხვა რაღა უნდა დავწერო მასზე, რაც არ დაწერილა და რაც არ უთხრეს სიკვდილის შემდეგ. ბოლოს ჰეთფილდმა უმღერა "Unforgiven" და რომ დაამთავრა შესძახა "კრის ჩვენ გაპატიეთო". სტივ ტაილერმა კი კონცერტზე, ჩემს თვალწინ დაუხარა მიწამდე თავი და უთხრა:
"Sing with me, just for today
Maybe tomorrow, the good Lord will take you away" - ო.
მე კი ალბათ ოდესმე მივალ მისი საფლავის ქვასთან და ზედ მზეს „შემოვხაზავ“, მზეს - without black hole.
On a cobweb afternoon
In a room full of emptiness
By a freeway I confess
I was lost in the pages
Of a book full of death
Reading how we'll die alone
And if we're good, we'll lay to rest



















����
ReplyDeleteროგორ მესმის თქვენი! ზუსტად ესეთი სივრცე შემექმნა მეც ადამიანთან, რომელიც ვარსკვლავივით მიუწვდომელი იყო, იმიტომ რომ აგერ უკვე 50 წელია ერთ ერთი ყველაზე დიდი პოპ-ვარსკვლავია! ახლა მეც ყოველდღიურად თვალს ვადევნებ მის ცხოვრებას, მწუხარებას და სიხარულს! მისი შვილები ფბ- მეგობრებში მყავს და მისი შვილიშვილები ჩემს თვალწინ იზრდებიან! რა ბედნიერი ვარ როდესაც რომელიმე მათგანი სტატუსს მიწონებსან მიკომენტებს! რათქმაუნდა რაღაცა ძალიან მიუწვდომელის ნაწილი გავხდი და ჩემი ოცნებების ამსრულებელი კი მარკ ცუკერბერგი!
ReplyDelete