Friday, October 12, 2018

დიდი ფრანგი მომღერალი ქალები




სანამ მსოფლიო კარდაშიანებისა და სხვა არღნის ჩიტების სილიკონებითა და გემოვნებით ერთობა, ისტორიას ტრეშადაც რომ არ დარჩება, მანამდე ფრანგული სცენის დიდ ქალებს გავიხსენებ, თითოეული მათგანი თავისი ნიჭით, ინდივიდუალურობით, გარეგნობით, სტილითა თუ ისტორიით საფრანგეთის სიმბოლოებად რომ იქცნენ.
ჩემთვის კი ყველა  მათგანი "დედის" სიმბოლოა, ჩემი ბავშვობაა, დედაჩემის ღიღინია, ჩემი ძველი სახლის პიანინოა, ხან რკინის ჭიკარტებს რომ ავაკრავდი ბალიშებზე, წკრიალა ხმა რომ გამოეცა და  ხან პლედს ჩავუფენდი, უხმოდ რომ მემეცადინა.
ფრანგულად მღერა ჩემთვის ღიღინთან ასოცირდება, ფრანგული შანსონი იქნება თუ ფრანგული რეპი, რომელმაც ინგლისურის მერე ყველაზე ძალიან ეს ენა მოიხდინა.
დაბადების თარიღების მიხედვით მივყვები და დავიწყებ ედიტ პიაფით.

Édith Piaf

ერთ წინადადებაში ასე დავახასიათებდი:
უდიდესი მომღერალი მძიმე ცხოვრებით.
სულ 47 წელი იცხოვრა. თუ რამე შეიძლებოდა, ყველაფერი წისქვილის დოლაბივით დაიტრიალა საკუთარ თავზე და დღემდე ლეგენდად დარჩა. ყველაფერი იყო მის ცხოვრებაში, რაც კი შეიძლება მომხდარიყო იმ ქალის თავს, მხოლოდ 47 წელი რომ აქვს გამოყოფილი დედამიწაზე და უნდა მოასწროს:
დედისგან მიტოვება, ლოთ ბებიასთან საროსკიპოში ცხოვრება, არაერთი სიყვარული,  შვილის სიკვდილი, მას მერე უშვილობა, "ისპანკათი" დაავადება, უამრავი მამაკაცი, შეხვედრები-დაშორებები, მარტოობა, მკვლელობაში ეჭვმიტანილობა, ორი ავტოავარია,  ნარკოტიკები, ალკოჰოლი, საყვარელი მამაკაცის - მისი ყველაზე დიდი სიყვარულის სიკვდილი ავიაკატასტროფაში, როცა მის კონცერტზე მიფრინავდა და ბოლოს ეს ყველაფერი დააგვირგვინა სასიკვდილო დიაგნოზმა: კიბო.
ამ ყველაფრის ფონზე კი უდიდესი პოპულარობა და გრანდიოზული ტრიუმფი. ის ერთნაირად უყვარდა ყველა სოციალურ ფენას. მის სიმღერებს უსმენდნენ: მუშა, გლეხი, ბურჟუაზია, არისტოკრატია.
ბოლო სასცენო გამოსვლის შემდეგ, ხანგრძლივი ოვაციის დროს ცუდად გახდა და წაიქცა. მას შემდეგ სცენაზე აღარ გამოჩენილა.
პიაფის უახლოეს მეგობარს ჟან კოკტოს უთქვამს, რომ გაიგო მისი სიკვდილი, მე სხვა არავინ შემხვედრია ისეთი, ვინც ასე არ უფრთხილდებოდა საკუთარ თავსო.
ედიტ პიაფი ძალიან ბევრ ახალბედა მომღერალს დაეხმარა წარმატების მიღწევაში და მათ შორის იყვნენ შარლ აზნავური და ივ მონტანი.

ივ მონტანთან ერთად:



შარლ აზნავურთან ერთად:



საყვარელ მამაკაცთან, მოკრივე მარსელ სერდანთან ერთად:























 სიცოცხლის ბოლო წელს:



























Juliette Gréco

გოგონა სენ-ჟერმენის ბულვარიდან. პარიზული ბოჰემის სული და გული. შანსონის მომღერალი და მსახიობი.
16 წლის იყო როცა გესტაპომ დააპატიმრა თავის უფროს დასთან ერთად, როგორც გერმანელი ნაცისტი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი ფრანგული მოძრაობის წევრი.
ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, სენ-ჟერმენზე დასახლდა და იქაური ბოჰემის ნაწილად იქცა. დროის უმეტეს ნაწილს სენ-ჟერმენის ცნობილ კაფეებში ატარებდა და ურთიერთობა ჰქონდა პარიზული ბოჰემის ისეთ "მამებთან" როგორიცაა ჟან-პოლ სარტრი, ბორის ვიანი, ჟან კოკტო. ზედმეტი სახელიც კი შეარქვეს "ეგზისტენციალიზმის მუზა"
აქვე შეხვდა მაილს დევის, როცა დევისი პირველად ჩამოვიდა პარიზში ჯაზ-ფესტივალზე.
ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური კაცი იყო, ვინც კი ოდესმე შემხვედრიაო...
მაილს დევისი კი ისე მოიხიბლა მისით და ისე შეუყვარდა, რომ არც კი იცოდა ცნობილი მომღერალი რომ იყო. თავის ბიოგრაფიაში იხსენებდა მერე დევისი, როგორი მოჯადოვებული იყო მისით, თითქოს ტრანსში ჩამაგდო ჰიპნოზითო, როგორ სეირნობდნენ საათობით სენის ნაპირას ხელჩაკიდებულები და კოცნიდნენ ერთმანეთს.
"Juliette was probably the first woman that I had loved as an equal human being. She was a beautiful person. We had to communicate with each other through expressions and body language… It was April in Paris. Yeah, I was in love."
სარტრს უკითხავს ერთელ, ასე ძალიან რომ გიყვართ ერთმანეთი და რატომ არ მოგყავს ცოლადო.
ცოლად მოყვანისთვის ზედმეტად მიყვარსო. ამერიკაში ისე მიიღებენ, როგორც "ზანგის ბოზს" და ეს მის კარიერას დაანგრევსო. (ბობ დილანის არ იყოს, გეცადა კაცო გეცადა, იქნება კარიერას შენი თავი ერჩივნა?) მაგრამ აქ მეორე ამბავიცაა. ამერიკაში მას ყავდა უკვე პარტნიორი ქალი და ორი შვილი, თუმცა როგორც თვითონ ამბობდა მერე, გრეკოსადმი სიყვარული სულ სხვა იყოო და თან ამ სიყვარულმა დამანახა, რომ თურმე მეც შემძლებიაო, თურმე მეც შეიძლება სასურველი ვიყოო, თურმე მეც შეიძლება თანასწორი ვიყოო, (თან მერე ვინ და ვისთან? თეთრკანიანი "ჰაი" კლასის პარიზელი, ცნობილი მომღერალი და პარიზის ბოჰემის მუზა)
როგორც კი ამერიკაში დაბრუნდა, ისე გაუღრმავდა იმედგაცრუება თავისი ქვეყნის მიმართ პარიზის შემდეგ, რასაც ჟულიეტ გრეკოს აუტანელი მონატრებაც დაერთო თან, რომ ოთხწლიან ჯოჯოხეთში გადაეშვა კოკაინთან და ჰეროინთან ერთად.
ხუთი წლის შემდეგ გრეკო ჩადის ნიუ იორკში საქმიანი ვიზიტით და რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ კონტაქტს, შეთანხმდნენ რომ შეხვედრილიყვნენ სასტუმრო ვალდორფ ასტორიაში, იქ სადაც გრეკო იყო გაჩერებული.
მაილსს ისე ეშინოდა გრეკოს მიმართ თავისი გრძნობის, რომ ბენდის წევრი გაიყოლა თან.
შეხვედრის დროსაც უხეშობდა, აგრესიული იყო და ესპანეთში გაყოლაზეც უარი უთხრა.
ორი წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად პარიზში და დევისმა მაშინ აუხსნა თავისი ცუდი საქციელის ნამდვილი მიზეზი. ჟულიეტმაც აპატია. აქედან განახლდა მათი სიყვარულიც. მაგრამ დევისს არ შეეძლო ნიუ იორკის სცენის გარეშე, გრეკოს კი პარიზში ჰქონდა კარიერა, ამიტომ ორმხრივი გადაწყვეტილებით დარჩნენ შეყვარებულებად და მეგობრებად და მაილსის სიკვდილამდე ერთმანეთს ხვდებოდნენ ხან პარიზში, ხან სამხრეთ საფრანგეთში, სადაც გრეკოს ჰქონდა სახლი.
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ჩემთან იყო ჩამოსულიო. სასტუმრო ოთახში იჯდა და რაღაც მომენტში ვერანდაზე გავედი, რომ ბაღისთვის გადამეხედაო და უცბად მესმის სიცილიო. ვკითხე რა გაცინებსო და მიპასუხა, რომ სადაც არ უნდა ვიყო, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც კი, საითაც არ უნდა გავიხედო, მაინც ყველგან შენა ხარო...
მაილსისა და პარიზის სიყვარულზეც ვიტყოდი ერთ ორ სიტყვას, მაგრამ რადგან ბლოგი ფრანგ მსახიობ ქალებზეა ისევ გრეკოს დავუბრუნდები.
მაილსი არ ყოფილა მისი ერთადერთი "მსხვერპლი". უამრავი გულგატეხილი კაცი დატოვა. ორმა მათგანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და რამდენიმემ სცადა. პრესა ცდილობდა მთელი პასუხისმგებლობა მისთვის დაეკისრებინა, მაგრამ გრეკო მშვიდად პასუხობდა ყველას, საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას ლაპარაკობსო.
ამბობდენ, რომ ალბერ კამიუს საყვარელიც იყო. უფრო სწორედ, ერთი ესპანელი მწერალი ამბობდა. თუმცა არავინ იცის მწერლის ფანტაზიის ნაყოფია თუ სიმართლე.
სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ორი ქორწინება მსახიობებთან, მესამე პიანისტთან.
60-იანების ბოლოს, სატელევიზიო სერიალში "Belphegor, Phantom of the Louvre" მიიღო მონაწილეობა და პერსონაჟის ხასიათი ის ძლიერად გადაეჯაჭვა რეალურ გრეკოს, რომ მთელი ცხოვრება თან დასდევდა. 
2009 წელს ბოლო ალბომი ჩაწერა: "je me souviens de tout". ალბომის წარდგენისას აკომპანირება ქმარმა Gérard Jouannest  გაუწია.
ესეც შარლ აზნავურის სიმღერით LA BOHÈME, რომელიც ძალიან მიყვარს გრეკოს შესრულებით.
91 წლისაა ახლა. ცხოვრობს პარიზში და ტკბება ალბათ ყოფილი თუ დარჩენილი ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქით.

























მაილს დევისთან ერთად:







Barbara

ფრანგი ებრაელების ოჯახში დააიბადა. უბედური ბავშვობა ჰქონდა. მამა ძალადობდა სექსუალურად და ამის გამო სძულდა მამამისი. ათი წლის იყო, როცა ნაცისტ ოკუპანტებს ემალებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ომი რომ დამთავრდა, მეზობელმა, მუსიკის მასწავლებელმა შეამჩნია, რომ ნიჭიერი იყო და დაეხმარა მუსიკალურად განვითარებულიყო. მუსიკის სკოლაშიც შევიდა, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო თავი დაანება და პარიზის ერთ-ერთ ცნობილ კაბარეში დაიწყო მუშაობა .

ერთ დღესაც ჟაკ ბრელს შეხვდა და დიდი მეგობრობაც დაიწყო. მის სიმღერებს მღეროდა. მოგვიანებით  კომპოზიტორ ჟორჟ ბრასანს შეხვდა და მისი დაწერილი სიმღერებით პირველი ალბომიც გამოუშვა. სახელიც შეიცვალა და ბებიის სახელი დაირქვა. ასე იქცა მონიკა ბარბარად. 

გამოშვებული აქვს 13 ალბომი. მისი სინგლი "L'Aigle noir" ერთ მილიონ ეგზემპლიარად გაიყიდა 12 საათში.

ხანმოკლე ქორწინება ჰქონდა ერთ ბელგიელ სტუდენტთან. შემდეგ უახლოესი მეგობარი დაეღუპა ავტოავარიაში და რამდენიმე პერსონალური სიმღერაც მიუძღვნა თავის ტრაგედიებს, მათ შორის მამასაც. 80-იან წლებში შიდსის წინააღმდეგ მიმართულ აქტოვობებში ჩაერთო და საფრანგეთის მთავრობამ საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა.

გარდაიცვალა 67 წლის ასაკში სასუნთქი გზების დაავადებისგან. 









































































Dalida

ხომ არიან ქალები, ვერც თვითონ რომ ვერ ისვენებენ და არც სხვას აძლევენ მშვიდი ცხოვრების საშუალებას. ესეთი იყო დალიდა, ფრანგულ-იტალიურ-არაბული ვნებებით მოზელილი. ოთხმა კაცმა მოიკლა თავი მის გვერდით და ბოლოს თვითონაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 54 წლის ასაკში.
ეგვიპტეში დაბადებული იტალიელი მშობლების შვილი "მის  ეგვიპტე" გახდა 1954 წელს, შემდეგ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და ორ წელიწადში მომღერლის კარიერაც დაიწყო. დალილა რატომ აირჩიე სასცენო სახელადო, რომ ჰკითხეს დაბადებით იოლანდას, უთქვამს, განსაკუთრებული მიზეზი არ ყოფილა, უბრალოდ ეს სახელი ყველაზე გავრცელებულია ეგვიპტეშიო. დალილა შემდგომ იქცა დალიდად, როგორც ერთ-ერთმა ფრანგმა ავტორმა და სცენარისტმა ურჩია.
თავიდან როგორც მსახიობმა ისე სცადა ბედი, მაგრამ გაუჭირდა როლების შოვნა, რამაც სიმღერისკენ უბიძგა და წარმატებამაც არ დააყოვნა.
დალიდა იყო პირველი ქალი, ვინც ოქროს დისკი მოიპოვა 300 000 ეგზემპლიარის გაყიდვის შედეგად. მომღერლობისა და მსახიობის პარალელურად მოდელობდა კიდეც.
მის კარიერაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომენტი ალენ დელონთან დუეტი იყო. 
ედიტ პიაფის მსგავსად დალიდასაც ტრაგედიები კვალდაკვალ დაჰყვებიდა წარმატებებთან ერთად.
მისმა საყვარელმა მამაკაცმა, რომელთანაც ერთად დუეტში იმღერა სანრემოს ფესტივალზე, სიმღერის წარუმატებლობა ვერ აიტანა და თავი მოიკლა. დალიდამ იპოვნა სასტუმროს ნომერში მისი ცხედარი. ერთი თვის შემდეგ მანაც მოიწამლა თავი და ხუთი დღის შემდეგ გამოვიდა კომიდან, თუმცა სრულ რეაბილიტაციას რამდენიმე თვე დასჭირდა.
შემდეგ მისმა ყოფილმა ქმარმა ვერ გაუძლო დალიდას სიყვარულს და თავში ისროლა იარაღი.  მალევე დალიდას უახლოესი მეგობარი გადახტა ფანჯრიდან და სასიკვდილოდ დაშავდა და ბოლოს მისმა საყვარელმა, რომელთანაც ყველაზე დიდხნიანი ურთიერთობა აკავშირებდა, მოიკლა თავი მანქანაში მომწამვლელი გაზით.
რამდენიმე წლის შემდეგ კი თვითონვე დაუსვა წერტილი თავის ცხოვრებას საძილე წამლების დიდი დოზით. სიკვდილის წინ წერილი დატოვა:
"სიცოცხლე ჩემთვის აუტანელია..... მაპატიეთ".
დალიდას მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს, რადგან ძალიან გავს დედაჩემის ახალგაზრდობას.



შარშან მოვინახულე დალიდას საფლავი. მონმარტრზეა დასაფლავებული, თავისივე უბანში.


























ამავე წელს მოდის მუზეუმში მისი კაბების გამოფენა იყო და ცოტა ხნით მეც შევაბიჯე მის სიფრიფანა სამყაროში.



















































ესეც მისი ყველაზე ცნობილი დუეტი:






















Marie Laforêt

თუ ვინმე იმსახურებს "ფრანგი ქალის" ტიტულს, ესაა მარი ლაფორე,  ფრანგი ქალისთვის დამახასიათებელი გაკვირვებული დიდრონი თვალებითა და თხელი, ბავშვური სახით.
საბჭოთა კავშირში გაზრდილებს გვახსოვს ალბათ "ვრემიას" შემდეგ ამინდის პროგნოზის მუსიკა. დიახ, ეს მარის მანჩესტერი და ლივერპულია.
მე მაინც ყველაზე მეტად ეს სიმღერა მიყვარს "Viens Viens".  დედაჩემი მღეროდა ხოლმე და ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა. საოცრად ლამაზია მარი ამ ვიდეოში, ფრანგულად ლამაზი.
"რვაფეხა 3" -იც გემახსოვრებათ ალბათ და კორადო კატანის დიდი სიყვარულის, ჯულიას დედა ანა ანტინარი, რომლის როლსაც მარი ლაფორე თამაშობს.


















































ხუთჯერ იყო ქორწინებაში. მეორე და მესამე ქორწინებიდან ყავს სამი შვილი. მისი ერთ-ერთი შვილია ლიზა ასუელოსი - ფრანგი რეჟისორი და პროდიუსერი.
მარი ლაფორე 79 წლისაა ახლა. ჟენევაში ცხოვრობს და შვეიცარიის მოქალაქეა.





























Françoise Hardy

ფრანგი ქალღმერთი. თავისი ეპოქის "It girl". მე რომ მკითხონ, ვის მივანიჭებდი ყველა დროის "ფრანგი ქალის" სახის სტატუსს, ესაა ფრანსუაზა არდი და მსახიობებიდან მხოლოდ ბრიჯიტ ბარდოს, მაგრამ ბიბიზე სხვა დროს.
არდი ჩემთვის არის ფრანგული სილამაზისა და მოდის სიმბოლო, თავისი მუდმივად ტრენდული გარეგნობით, თხელი, მაღალი სხეულით, ტომბოი სტილითა და გიტარით ხელში. მისმა პოპულარობამ მუსიკისა და მოდის სამყაროში ისეთ პიკს მიაღწია, რომ 60-იანი წლების ფრანგული პოპისა და მოდის იკონად იქცა.




ბობ დილანი, მიკ ჯაგერი და მაილს დევისიც კი აღფრთოვანებულები იყვნენ მისით.
როდესაც ბობ დილანმა პირველად მოჰკრა მას თვალი ტელევიზორში, ისე მოიხიბლა მისი მელანქოლიური ხმით, რომ წერილიც კი მისწერა, ისე თავისთვის. იჯდა ხოლმე კაფეში და უყვარდა ჩანახატების და წერილების წერა. კაფის მეპატრონის ორმა მეგობარმა იპოვა წერილები და მათ შორის იყო წერილი "ფრანსუაზა არდისთვის":
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგება მანძილის გამო, მაგრამ რასაც მე ახლა შენს მიმართ ვგრძნობ, ამისთვის შენი მეტად გაცნობა არ მჭირდება, ესეც საკმარისიაო. (არადა ეფრემ ლესკო მეუბნებოდა ხოლმე, რომ კაცს თუ ნამდვილად უნდა "ის" ქალი მის ცხოვრებაში არსებობდეს,  ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, ქალს  თითის განძრევაც არ დასჭირდებაო. გეყურება ბობ? აი ასე, შენი უტრაკობის გამო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წყვილი არ შედგა.)
წერილი პოვნიდან რამდენიმე თვის შემდეგ მიიღო ფრანსუაზამ და როგორც თვითონ ამბობს, ძალიან უმოქმედია მასზე. მხოლოდ ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს 1966 წელს ბობ დილანის კონცერტზე, პარიზში.
არ მაინტერესებდა როგორც კაცი, როგორც მუსიკოსი ისე მომწონდაო, თავი გამოუდია ფრანსუაზას. კონცერტის შემდეგ თავის სასტუმროს ნომერში წამიყვანა და ორი სიმღერა მიმღერა, ჯერ არ ჰქონდა გამოშვებულიო: I want you  და Just Like a Woman , მაგრამ რადგან მაინცდამაინც არ იყო მიმზიდველი კაცი, ამის გამო თავს უხერხულად გრძნობდაო. -კულტურულად გვამცნო ფრანსუაზამ, მოსახდენი რატომაც არ მოხდა ანუ ბობს თავდაჯერება აკლდა, რომ მე ფრანგი ღმერთქალა იმასვექენიო.

ბობი და ფრანსუაზა ერთადერთი შეხვედრის დროს.
ყველაფერი ნათელია ხომ?
მოკლედ, მათი გზები სადაც შეხვდნენ, იქვე გაიყარნენ.



















სამაგიეროდ მერე ვის შეხვდა? ფრანგ ღმერთკაცას, ჩემს ქრაშს, სრულიად არაორდინალური სილამაზის მამრს, რომელიც ერთნაირად მაგარი იყო და არის როგორც მუსიკოსი, მომღერალი, გიტარისტი და მსახიობი - ჟაკ დუტრონს. მანამდე ხუთწლიანი ურთიერთობა ჰქონდა გლამურულ ფოტოგრაფ ჟან მარი პერიესთან. 1967 წელს ჟაკს შეხვდა და ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივი სიყვარული დაიწყო საფრანგეთის ცნობილი წყვილების ისტორიაში. ურთიერთობიდან 14 წლის შემდეგ დაქორწინდნენ და კიდე 18 წელი იცხოვრეს ერთად, მერე ჟაკი თავის სტილისტს გაეკიდა და დაშორდნენ, თუმცა ოფიციალურად არ დაშორებულან. დღემდე ცოლ-ქმარი არიან, ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მაგრამ ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. ერთი შვილი ყავთ, ჯაზ-გიტარისტი ტომას დუტრონი.

ჟან-მარი პერიესთან ერთად:



ჟაკ დუტრონთან ერთად:






















































შვილთან ერთად:



ესეც ჩემი გოგო მიკ ჯაგერთან ერთად:



ფრანსუაზა ბოლო წლებში ლიმფომას ებრძოდა. ბოლოს ერთი ექსპერიმენტული ქიმიოთერაპია ჩაიტარა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა.
ამჟამად 74 წლისაა და ცხოვრობს პარიზის მე-16 რაიონში.
ისევ ისეთივე მოდურად, ფრანგულად და ტომბოივით გამოიყურება.





Sylvie Vartan

ბულგარელ-ფრანგი მომღერალი და მსახიობი, სომხური და უნგრულ ებრაული ფესვებით. Yé-yé ჟანრის დივა, ფრანსუაზა არდთად ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჟანრობრივად მრავალმხრივი მომღერალია, მაინც ძირითადად ჯაზის გავლენა იგრძნობა მის შემოქმედებაში.  1962 წელს პარიზის ოლიმპიაში როკსტარ ჯონი ჰოლიდეის გადაეყარა და ორ წელში დაქორწინდნენ. თავიანთი თაობის ოქროს წყვილად ითვლებოდნენ იმ დროს და მათ ქორწინებას ყველა დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით შესცქეროდა, რომელიც 15 წელს გაგრძელდა. შემდეგ დაშორდნენ და სილვი თავის პროდიუსერს ტონი სკოტის გაჰყვა ცოლად.  
74 წლისაა დღეს, ორი შვილი ყავს, ცხოვრობს პარიზში და გაეროს კეთილი ნების ელჩია ევროპის რეგიონში. ჯონი ჰოლიდეი კი ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა შარშან, 2017 წელს.

ჯონი ჰოლიდეისთან ერთად:







ჯონი, სილვი, ფრანსუაზა და შეილა:


წყვილი შვილთან ერთად:


2004

და ახლა:



Sheila

60-იანების ყველაზე პოპულარული yé-yé  გოგო. მისი ისტორია ზღაპარივით დაიწყო. 16 წლის ასაკში დაიწყო კარიერა, იმ წელსვე გააფორმა კონტრაქტი ცნობილ მუსიკალურ პროდიუსერ კლოდ კარერთან, სასცენო სახელი Tommy Roe - Sheila - დან აიღო და უცბადვე გახდა პოპულარული. 
ედიტ პიაფის შემდეგ შეილა მეორე ფრანგი მომღერალია, რომელიც ამერიკულ ჩარტებში მოხვდა. 
მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ლამაზი, მიმზიდველი გოგო იყო. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მღეროდა, განსაკუთრებულად გამორჩეული არ ყოფილა, ამიტომ ისეთ განცდას აჩენდა, როგორც "მეზობლის გოგო, რომელსაც ნიჭი დაუფასდა" და "ყველას შეეძლო ამის მიღწევა". მისი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო და თაობისთვის იდეალურიც ამიტომ გახდა. პროდიუსერის მიზანიც ეს იყო. მას უნდოდა შეექმნა ისეთი მომღერალი გოგო, რომელთანაც იდენტიფიცირებას ნებისმიერი ფრანგი გოგო მოახდენდა და ბიჭებს კიდევ არ დააფრთხობდა. მოკლედ, შეილა გახდა "ადვილად მისაწვდომი" გოგო.
შემდეგ ჰქონდა საკმაოდ ხმაურიანი ქორწინება მომღერალ რინგოსთან. დუეტიც კი შექმნეს ერთად SHEILA & RINGO, რომლის ჰიტმა Les Gondoles à Venise არნახულ წარმატებას მიაღწია, თუმცა მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა.
70-იანების ბოლოს კი შეილა დაუბრუნდა დისკოს, ინგლისურ ენაზე დაიწყო სიმღერების ჩაწერა და მოცეკვავეებთან ერთად შექმნა ბენდი  Sheila & Black Devotion. დიდ საერთაშორისო წარმატებასაც მიაღწია.
2012 წელს გამოუშვა ბოლო ალბომი. პარიზის "ოლიმპიაშიც" ჩაატარა სცენაზე ყოფნის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი, ცეკვავენ ვარსკვლავების მეორე სეზონშიც მიიღო მონაწილეობა და დღემდე აქტიურია.





Amanda Lear

მომღერალი, მოდელი, მხატვარი და სატელევიზიო წამყვანი. ეს არის ქალი ყველაზე იდუმალი ბექგრაუნდით, ძალიან სექსუალური და უცხო გარეგნობით, იშვიათი ხმის ტემბრით, სალვადორ დალის უახლოესი მეგობარი და მუზა, როკ-ვარსკვლავების სასურველი ობიექტი უამრავი მითით, ჭორითა თუ ტყუილ-მართალით გარშემორტყმული ცხოვრებით. 
ამბობენ, რომ მაღალი კლასის გრუპი იყო. მართალია ისეთი არა, როგორც ბიანკა ჯაგერი ან მარიან ფეიტფული, მაგრამ თავისი განსაკუთრებული ნიშა ჰქონდა ამ სუბკულტურაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ცნობილ როკ-ვარსკვლავთან ჰქონდა ურთიერთობა, მხოლოდ დევიდ ბოუის მოიხსენიებს თავის საყვარლად. 
ხუთ საათზე მეტი არავისთან არ მჭირდება ყოფნა, სრულიად საკმარისიაო, უპასუხა, როცა ერთხელ "One night stand"-ების სიყვარულზე ჰკითხეს.
როდესაც Euro disco queen გახდა, თქვა რომ დევიდ ბოუის დამსახურება იყო, რადგან სულ მიწყობდა ხელს რომ გაცილებით მეტი ვყოფილიყავი, ვიდრე მოდელიო და საერთოდ, განსხვავებით ბევრი მისი მეგობრისგან, რომლებიც გრუპიობიდან "ჯანქად" ან არაფრად იქცნენ, ამანდა "არ დაკარგულა".
განსაკუთრებულ წარმატებას იტალიასა და გერმანიაში მიაღწია. იტალიაში იმიტომ. რომ იქ ყველა სექსზეა შეშლილიო და გერმანიაში მარლენ დიტრიხის მსგავსის გამოჩენას ელოდნენო. მე კიდე ყველა მათ მოთხოვნას ვაკმაყოფილებდიო.
მანამდე იყო მოდა და ფოტოსესიები ჰელმუტ ნიუტონთან ელისთვის, ვოგისთვის. მუშაობდა ივ სენ ლორანანთან, კოკო შანელთან, პაკო რაბანთან.
მერე ერთ დღესაც მისთხოვდა ყოფილ მუსიკალურ პროდიუსერს და მთლიანად შეიცვალა, დაანება თავი ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, დაიწყო ვარჯიში და მთლიანად ჩაეფლო ოჯახურ სიმყუდროვეში და ეს იყო მთელი მისი იდუმალი ცხოვრების ფინალი.
თავზე ხილაბანდი რომ არ წაუკრავს და მორალის კითხვა არ დაუწყია, ესეც ძალიან დასაფასებელია.




დალისთან ერთად:



ბრაიან ფერისთან ერთად:


დევიდ ბოუისთან ერთად:



"ბიჭებთან" ერთად:


და ახლა:



Mireille Mathieu

რა დამავიწყებს ამ ქალს! მისი და დედაჩემის წყალობით მთელი ბავშვობა მირეი მატიეს ვარცხნილობას ვატარებდი.

უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი მომღერალია საფრანგეთის  მუსიკალურ ისტორიაში და ერთადერთი ფრანგი ქალი-მომღერალი, რომელიც საბჭოთა კავშირში "დაუშვეს", ოღონდ რატომ არ ვიცი. ალბათ ბრეჟნევს უყვარდა, ან ისეთი იმიჯი ჰქონდა რომ დასავლეთელ ქალზე სტერეოტიპულ წარმოდგენას ამსხვრევდა. მოკლედ, არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ეს "ხუთოსანი გოგო" არ მიყვარს, არც მისი ხმა, არც მისი სიმღერები,  მიუხედავად იმისა რომ სუფთა ფრანგული გარეგნობა აქვს, არც გარეგნულად მომწონს და მის კონსერვატიულ სტილზე აღარაფერს ვამბობ. ეს ქალი ჩემთვის არის ფრანგი ნანი ბრეგვაძე.
როგორც ჩანს მასაც ახსოვს ასეთი დაფასებული რომ იყო საბჭოთა კავშირში:


ესეც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი, Abba-ს ქავერი. ამ ვიდეოში მომწონს ყველაზე მეტად Bravo, Tu As Gagné.  და დუეტი შარლ აზავურთან - Une Vie D'Amour.
1200 სიმღერა აქვს ჩაწერილი 11 ენაზე და 150 მილიონი ალბომი გაყიდული მთელ მსოფლიოში.
მირეი მატიე არასდროს ყოფილა ქორწინებაში, არც შვილები ყავს. 72 წლისაა. საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი. მორწმუნე კათოლიკეა და ოჯახთან ერთად ყოველთვის ესწრება წირვებს.


Guesch Patti

თავიდან ნამდვილი სახელი და გვარით მღეროდა პატრისია პორასით, შემდეგ შეიცვალა და გახდა გეშ პატი. რაღაც უფრო ფრანგულ-გლამურულად ჟღერს, პატრისია პორასი კი "ტელემუნდოს" ვარსკვლავურად და საპნის ოპერულად.
60-იანებში რამდენიმე დისკი ჩაწერა, მაგრამ ძირითადად ბალეტით იყო დაკავებული.
80-იანებში ცოტა ხნით იყო პოპულარობის პიკზე, როგორც მომღერალი. 90-იანებში კი  თითქმის ყველა ალბომი ჩაუვარდა.
ძალიან მომწონს ეს სიმღერაც - Etienne და იმ დროისთვის საკმაოდ პროვოკაციული კლიპიც.





Jane Birkin

და აი ისიც. ყველაზე ფრანგი არაფრანგი. ფრანსუაზა არდის შემდეგ მეორე "It girl". ბობოქარი სერჟ გინსბურგის შეყვარებული და მასზე არანაკლებ ცნობილი შარლოტას დედა. მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი და მოდელი.
სერჟ გინსბურგი რომ არა, არავინ იცის ასეთ წარმატებას მიაღწევდა თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ ჯეინ ბირკინი იმ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე cool girl იყო თავისი ბიჭური სხეულითა და "საშინელი" სექსუალურობით.
22 წლის იყო როცა სერჟ გინსბურგს შეხვდა 1968 წელს. 12 წლის შემდეგ კი დაშორდნენ. მათ ურთიერთობაზე აღარ მოვყვები, ყველასთვის ცნობილია ისედაც.
ძალიან ბევრს სვამდა და საშინლად მელანქოლიური იყო, შეუძლებელი იყო უკვე მასთან ერთად ცხოვრებაო. ის დიდი ადამიანი იყო, დიდებული კაცი, მე კი უბრალოდ ლამაზი გოგო ვიყავი და ყოველთვის ესე ხდება, როცა დიდ ადამიანთან ცხოვრობო. 
გაშორების მიუხედავად, ბოლომდე ახლო მეგობრებად დარჩნენ.
მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს მისი საოცრად მელანქოლიური ხმა და სიმღერები, ჩემთვის ის პირველ რიგში "პატარა ჯონია".

კადრი ფილმიდან:


იმდენი საინტერესო ფოტო აქვს წყვილს გადაღებული, ძნელი ამორჩევა მაგრამ მე ესენი მომწონს ყველაზე ძალიან:







უფრო მეტ ასაკში აღარ დავდებ ფოტოებს, რადგან ისე ლამაზად ვერ დაბერდა როგორც სხვები.

France Gall

კიდევ ერთი ტრაგიკული ბედის მქონე მომღერალი ქალი. მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. მამა ჰყავდა კომპოზიტორი და მომღერალი, თვით ედიტ პიაფსა და შარლ აზნაურს უწერდა სიმღერებს.
ფრანს გალის  სინგლი "Sacré Charlemagne" ორი მილიონი ტირაჟით გაიყიდა. ამან უდიდესი წარმატება მოუტანა არა მარტო საფრანგეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც
1965 წელს კი ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული გახდა სერჟ გინსბურგის სიმღერით  "Poupée de cire, poupée de son" და იმ დროს არავინ იყო მასავით პოპულარული საფრანგეთში. პირველი ფრანგი მომღერალი ქალი გახდა, რომელიც პარიზის ზენიტის არენაზე გამოვიდა და ეს იყო მისი დიდების კულმინაცია. 
მანამდე ერთ სკანდალშიც გაეხვა სერჟ გინსბურგის სიმღერის გამო, როგორც იცით გინსბურგი ცნობილი პროვოკატორი იყო და რასაც ხალხი ჯეინ ბირკინს "პატიობდა", მისი თავისუფალი ბუნების გამო, მოკრძალებული ფრანს გალისგან არ მიიღეს. 
ესეც სკანდალური კლიპი - Les sucettes.  თუმცა გინსბურგისა და გალის თანამშრომლობა ამით არ შეწყვეტილა.
ფრანს გალმა 1997 წელს დაასრულა კარიერა, როდესაც ქალიშვილი გარდაეცვალა. მანამდე ქმარი მოუკვდა, რომელიც სიმღერებს უწერდა მას. ამავე პერიოდში დაუსვეს მკერდის კიბოს დიაგნოზი. 20 წელი ებრძოდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ დაამარცხა. გარდაიცვალა წელს 70 წლის ასაკში.


სერჟ გინსბურგთან ერთად


Mylène Farmer

კანადაში დაბადებული ფრანგი მომღერალი. როდესაც საფრანგეთში ჩამოვიდა ოჯახთან ერთად,  მეტყველების გაკვეთილებზე დადიოდა, რადგან სკოლაში უთხრეს რომ მისი აქცენტი შეუფერებელი იყო, ამან ეტყობა ისე იმოქმედა მასზე, რომ დღეს სუფთა ფრანგულით მეტყველებს.
80-იანებში კომპოზიტორ ლორან ბუტონასთან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა და ყველაზე წარმატებული სტუდიური შემსრულებელი გახადა.
ფრანგი სუპერსსტარის სტატუსს კი 1991 წლის ალბომით L'Autre მიაღწია.
30 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული საფრანგეთში. რამდენჯერმე მოხსნა რეკორდი ფრანგულ ჩარტებში პირველი ადგილზე ყოფნით და მისი 12 ალბომიც პირველ ადგილზე დასახელდა სხვადასხვა დროს, ქვეყნის მასშტაბით.
ეს სიმღერა ყველას გვახსოვს ალბათ.
მილენ ფარმერი არახმაურიანად ცხოვრობს და მაინცდამაინც არ უყვარს ინტერვიუები და საკუთარ ცხოვრებაზე ლაპარაკი.




Patricia Kaas

ეს არის ჩემი გოგო, ჩემი და ალენ დელონის სიყვარული, ჩემი ბავშვქალა და სიფრიფანა ქალი საოცარი ხმის ტემბრით. ეს არის ქალი რევოლუციონერი, ქალი ხულიგანი, რომელიც ერთ დღესაც მოვიდა, ხმა ამოუშვა და ყველა გაყარა სცენიდან.
კაცი რომ ვიყო, მხოლოდ პატრიცია იქნებოდა ჩემი ცოლი, სხვა არავინ.
პირველივე ალბომი 17 მილიონ ეგზემპლიარად გაიყიდა და მესამე ალბომით მთელი დედამიწა დაიპყრო. ამავე ალბომშია ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა Entrer Dans La Lumière, რომელსაც ლაივშიც მოვუსმინე თბილისში და ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ-კონცერტია, რაც კი მომისმენია. 
"ნე მე კიტე პას" ვერსიებიდანაც ყველაზე მეტად პატრიციასი მომწონს. 
ოღონდ აი ის ვერ გავიგე რატომ გავიდა ევროვიზიის კონკურსზე 2009 წელს მოსკოვში და იქიდან მერვე ადგილით წამოვიდა.
არასდროს გაპატიებ ამას პატი!

ასეთია და ასეთი იქნება სულ:




Vanessa Paradis

ბავშვი ვარსკვლავი, ქალი ღიმილი, ქალი "ჯუ ლე ტაქსი", შანელის სახე, მომღერალი, მსახიობი, მოდელი, ლენი კრავიტსის გელფრენდი, ჯონი დეპის შვილების დედა, ჟანა მოროსთან ერთად ითამაშა, ჟან რენოსთან, ალენ დელონთან, ჟან პოლ ბელმონდოსთან, ექვსი ალბომი ჩაწერა. მეტი რა ექნა? მაგრამ ჯონიმ მაინც არ მოიყვანა ცოლად.


დღევანდელ დღესაც მოვადექით და რა თქმა უნდა, იზაბერ ჟეფრუა, იგივე:

Zaz

არც გარეგნობით გამოირჩევა, არც ხმით, მაგრამ მაინც ყველასგან გამოირჩევა თავისი ყელში გაჩხერილი ქვიშიანი ხმით, ქუჩის გოგოს გარეგნობითა და საოცრად პოზიტიური "careless"  მუხტით, რაც ასე აკლია ფრანგულ სიმღერებს.
ყველაზე ძალიან ეს სიმღერა მიყვარს მისი შესრულებით: Sous le ciel de Paris, ძალიან მაგარი კლიპით, თავისი საყვირითა და ფრანგული აკორდეონით.


და ბოლოს:

Alizée

ფრანგული სცენის ნიმფეტი. უბრალოდ ლამაზი გოგო, რომელმაც რომელიღაცა "ტალანტების შოუში" მიიღო მონაწილეობა, სადაც მილენ ფარმერმა შეამჩნია და აქედან დაიწყო მისი წარმატებაც. გამოშვებული აქვს ექვსი ალბომი. მონაწილეობა მიიღო პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" და ამბობს რომ სიმღერას ცეკვა ურჩევნია.


აბა მომავალ შეხვედრამდე და დაშლა-არ მოშლისა იყოს.


No comments:

Post a Comment