წინამდებარე ბლოგი არ ემსახურება არავის და არაფრის დისკრედიტაციას და არ მამოძრავებს პირადი ინტერესები.
ჩემი სურვილია რომ საქართველოში მომსახურების სფერო გახდეს უკეთესი და არ დავხუჭოთ თვალი პრობლემებზე, არ დავხუჭოთ თვალი “წვრილმანებზე”,
რომელთა ერთობლიობა საერთო ჯამში მსხვილმანს ხდის, არ დავხუჭოთ თვალი “რა მოხდა მერე ყველგან ხდება”-ზე, რადგან “რა მოხდა მერე ყველგან ხდება”-ზე მნიშვნელოვანი საპასუხო რეაქციაა, რომელიც ზოგჯერ ისე სცდება ადეკვატურობისა და კეთილგონიერების ფარგლებს, რომ რაც მოხდა იმაზე უარესია ხოლმე.
ასევე იმაშიც დაგეთანხმებით, რომ “რა ვიცი, თქვენ მსგავსი არაფერი შეგიმჩნევიათ”,
“რა ვიცი, თქვენ ძაან კარგად მოგემსახურნენ”;
“რა ვიცი, თქვენ ყველაფრით კმაყოფილი ხართ”, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველას შეიძლება რაღაცეები გამოეპაროს სხვადასხვა ბუნებრივი მიზეზის გამო:
1. არ გქონიათ შედარების საშუალება.
2. გქონიათ შედარების საშუალება, მაგრამ გკიდიათ.
3. გქონიათ შედარების საშუალება, მაგრამ "ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს, იმათი დალაგებულიც!"
4. ეტიკეტი არც ისე კარგად იცით.
5. ყველაფერს აქვს თავისი კონცეფცია, რასაც მერე ექვემდებარება ყველა წვრილმანი თუ მსხვილმანი, დაწყებული დიზაინიდან, დამთავრებული მომსახურე პირის “ნეილ არტამდე”. აქ მარტო იმაში არაა საქმე, ღიმილით მოგემსახურებიან თუ უჟმური სახით.
6. არ ხართ დაკვირვებული.
7. მიჩვეული ხართ ქართული მომსახურების სტილს და გაუგებარ ეტიკეტს და ფიქრობთ, რომ ესეც უნდა იყოს.
8. იცით მაგრამ პრობლემად არ მიგაჩნიათ, სხვაგან ვაბშე უარესები ხდება.
9. მოთხოვნა-მიწოდების ბაზარს პასუხობს და მაშინ აბა რაღა პრობლემაა, პო#უი.
როცა ასიდან ერთ შემთხვევაზე დავხუჭავთ თვალს, ის ერთი შეიძლება მერე ოთხმოცდაცხრამეტად იქცეს დროთა განმავლობაში, მითუმეტეს ქართული ხასიათის გათვალისწინებით: კლიენტი მოიზიდა? მორჩა, შეუძლია დააგდოს ხარისხი.
რადგან ეს არის პირველი პოსტი, ამ ჯერზე სასტუმროს არ დავაკონკრეტებ და ნურც თქვენ შემომთავაზებთ ვერსიებს, უბრალოდ მინდა ზოგად პრობლემებს შევეხო ამ სასტუმროს მაგალითზე, რაც მეტნაკლებად ყველგან გვხვდება.
მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ეს არის პრემიუმ კლასის სასტუმრო, სადაც სტანდარტული ნომრის საშუალო ფასი ერთი ღამით ოთხასი ლარია. არეულად აღვწერ, უფრო საინტერესო რომ იყოს.
![]() |
აი ეს "ნოჩნიკი" შეიძლება ედგას გამომძიებელ ქალ შორენას დასაკითხ ოთახში, მაგრამ სასტუმროში, რომლის კონცეფციაცაა ცოტა კლასიკა, ცოტა ვინტაჟი, ცოტა “ფოლკლორი”,
ცოტა რუსტიკული ქანთრი, არამც და არამც. უბრალოდ “რა შუაშია”, თორემ განა რამე, ესეც ანათებს, მაგრამ აი, აქ დამატებითი პრობლემაა, რომ არ ანათებს? გაგიკვირდებათ და სადაც ეს "ნოჩნიკი" დგას ტუმბასთან ერთად, იქ შტეფსელი არაა და საერთოდ საწოლის არც ერთ მხარეს არაა შტეფსელი. კარგად დაძებნის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ შტეფსელი არის მიტყუპებული საწოლების შუაში უკან, დაბლა, სადაც ვერც ხელს ჩაყოფ და ვერც შნურს მიაწვდენ. ოთახში არის ორი სხვა შტეფსელიც, ერთში კონდიციონერია ჩართული, მეორეში ტელევიზორი და ორნი თუ ხართ, რიგ-რიგობით მოგიწევთ ტელეფონების დატენვა. უპაროლო ვაი ფაი მუშაობს, ოღონდ მთავარია ჰოსტი იპოვო, რაც არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მე ვერ ვიპოვე.
კონცეფციას რაც შეეხება “ცოტ-ცოტა ყველაფერი”, ამ შემთხვევაში ეს არაა გააზრებული ეკლექტიკა, რომელიც ყველაზე რთული გასაკეთებელია და სულ ზღვარზე დადიხარ, კიჩში ან უბრალოდ გაუგებრობაში არ გადავარდე, არა, უბრლოდ არ იციან რას მიაწყდნენ, რითი შეავსონ არსებული სივრცე და ამაზე სასტუმროს ყველა კუთხე-კუნჭული მეტყველებს. ეს ყველაფერი მაგონებს ახალგაზრდა წყვილს, სახლის ინტერიერის დიზაინისთვის დიზაინერს რომ დაიქირავებს და ბოლოს მაინც დედამთილი გადაწყვეტს თავისი გემოვნებით, სად რა დადგას და რა რას უხდება.ჭაღი ჭერში? გინახავთ ალბათ ძველებური ფარანის სტილის ჭაღები დაძველებული სპილენძის ფაქტურის, ოღონდ ეს დაძველებული სპილენძი სპილენძი არაა, ელიავას შესაბამისი განყოფილების ყველა ჯიხურში ნახავთ ზუსტად ეგეთს და ღირს 35 ლარი. რაც მთავარია ჭაღის შიგნით ეკონომ ნათურა ძლივს ბჟუტავს და ნომერში თან სინათლეა, თან არა.
ავეჯი ნომერში:
ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც კი შეიძლება ყველაზე იაფფასიანი ლამინატი, ალაგ-ალაგ გადაქერცლილი ზედაპირით, რომლის არაესთეტიკურობას რომ თავი დავანებოთ, ტოქსიკურია. თუ არ ცვლით, დეკუპაჟი მაინც გაუკეთეთ ისეთი, რომ სტილში ჩაჯდეს?
ოთახის მეორე ბოლოში სავარძლებია, რომლებიც ჟამთა ცვლამ თუ ცელქმა კლიენტმა ესეთ დღეში ჩააგდო.
ყიდვა არაა აუცილებელი, რბილი ნაწილის გამოცვლა სავსებით შესაძლებელია. ან თუ არ ცვლით ცხელი ორთქლით წმენდა ძაან კოხტადაც განაახლებდა, მაგრამ რა ვიცი ეტყობა ჯდება ესეც სრულიად აღრეულ სტილში, ერთი ეგაა რომ ნამდვილ ანტიკვარულ ავეჯს, სპეციალურად დაძველებულსა და ცუდი მოპყრობისგან დაგლეჯილ-დალაქავებულ ახალ ანტიკვარული სტილის ავეჯს შორის დიდი სხვაობაა.
ლამინატის პრიალა იატაკი? სად სპეციალურად უხეშად შელესილი კედლები, ვითომ სიძველის ეფექტი რომ აქვს და სად პრიალა "ლარსამოციანი" ლამინატის იატაკი? უმალ საშუალო კლასის
“ევრორემონტიან” ჰოსტელს, გესტ ჰაუზ “პეპელას”-ს ან “ციცოს აპარტამენტს რომ დაამშვენებს, ვიდრე ამ პრემიუმ კლასის სასტუმროს.
(გესტ ჰაუზი პეპელა და ციცოს აპარტამენტები არ იგუგლება)
რადიატორის დაფარვაც შეიძლება, ისე რომ სტილში ჩაჯდეს, თუნდაც ავეჯის შესაფერისი ლამინატით.
ამ მინიბარს რა დანიშნულება აქვს? თხილი მაინც შეაგდეთ შიგნით ან კოკა კოლა? ფასი შეგახსენოთ?
ამაზე რაღა ვთქვა აბა? გარეთა ნაწილიც შიგნით შემოგეტანათ ბარემ.
შუადღის პირველ საათზე სართულის ფოეში მაგიდა, სკამი და ირგვლივ იატაკი ესეთ დღეში არ უნდა იყოს.
საწოლის მატრასი - კარგია კიი ხერხემალზე ზრუნვა, მაგრამ სასტუმროში რბილად წოლა მირჩევნია, ორთოპედიულ მატრასზე ძილს, ყოველი ჩამოჯდომისას ან ადგომისას მატრასის უხეში კანტი რომ მერჭობა ფეხებზე.
ტუალეტის ონკანში ორივე მხარეს მხოლოდ ცხელი წყალი მოდის და ხელებს საშხაპეში ვიბან, რომელსაც მხოლოდ ზედა ნაწილი აქვს და მთლიანად ვიწუწები, ესეც ალბათ თავისებური ეგზოტიკის ნაწილია.
ტუალეტში ტუალეტის ქაღალდი უნდა იყოს ორი ცალი, რადგან ერთი როცა თავდება უცბად, მძინარე რეგისტრატორის გაღვიძება არ მოგიხდეს. როცა ორია, დამლაგებელი დილით ისე ცვლის, რომ დანაკლისს ვერც იგებ. ეს არის ძალიან ელემენტარული წესი სასტუმროსი. არაა ძნელი შესასრულებელი, მთავარია მონდომება.
სასტუმროში ყველა სართულზე კიდია ფოტოები ნომრებს შორის კედლებზე. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ ამოვხსენი, რა შუაშია ფრედი მერკური, მერლინ მონრო, ჯონ კენედი და მისი ცოლი ჟაკლინი, ლუი არმსტრონგი, დალაი ლამა, ინდიელების ბელადი და სხვა, სრულიად გაუგებრად განლაგებული სელებრითები იმ სასტუმროში, სადაც იქვე დიზაინის პონტში ძველი ქართული ნივთები და აქსესუარებია მიმობნეული, როგორც ადგილობრივი ტრადიციების მაჩვენებელი. მაგრამ კაი ჯანდაბას, შინაარსი. ამასაც ხო ფორმა აქვს. სურათის ჩარჩოებსაც ხო გააჩნია?! ვინტაჟური, ან ხის, უხეში ფორმების, საერთო სტილში რო ჩაჯდეს. რამხელა არჩევანია?! მაგრამ ირჩევ მიცვალებულის სურათის ჩასასმელ ჩარჩოს. მესმის რომ ყველაზე იაფია და როცა "ასორას" ცალ ფოტოს კიდებ ძვირი გიჯდება, მაგრამ ნუ დაკიდებ, რა ძალაა, არაფერს მატებს ინტერიერს, პირიქით, ძალიან სასაცილოა. კარგი, ჩარჩოებს თავი დავანებოთ, შიგნით რა დევს? პრინტერზე A4 ფორმატის ქაღალდზე ამობეჭდილი სურათები. ამომბეჭდავმა რომ არ იცის ზომებში ჩასმა და ზოგს მეტი თეთრი კანტი აქვს ირგვლივ, ზოგს ნაკლები. ზოგს მარტო ცალ მხარეს აქვს კანტი და ისიც დაბრეცილი. ფოტოები თუ გინდათ მაინცდამაინც, ადგილობრივი ღირსესანიშნაობების ფოტოები ბევრად უფრო ადეკვატური იქნებოდა, ვიდრე გუგლიდან ამობეჭდილი ტიბეტელი ბერისა და სპილოსი, შუაში ინდიელების და აქეთ გაოგნებული ხიჩკოკის ფოტოები. ფოტოების ზემოთ ჩამოკიდებული ბრა, (რაც ჭაღებია ნომრებში, ზუსტად ისეთივე ბრები) ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას გაგიმწვავებთ, გაუგებარია ფოტოების ქვეშ განთავსებული ტუმბას ფუნქცია და ზედ ეულად მდგომი გაძვალტყავებული კაქტუსის.
ძალიან მომეწონა თავისუფლად მონავარდე ფასკუნჯები შიგნით სასტუმროში და მათი ბუდეები კედლების კუთხეებში, მაგრამ ნომრების კარები უნდა იყოს მაშინ ხმაგაუმტარი, რომ მთელი ღამე ფასკუნჯთა გნიასმა ძილი არ დაგიფრთხოს. მგალობლები მაინც იყვნენ! ერთი რომ იყოს კიდე გასაგებია, რამდენიმე როცა ჭრიახობს ზედ შენი კარის თავთან, ათი წუთი აიტან, მაგრამ მთელი ღამე? თან კუთხეებში სკინტლავენ.
სასტუმროს ერთ-ერთ სართულზე ტერასებია, რომლებიც გადასახედს უერთდება, მაგრამ იმ გადასახედზე ვერ ახვალთ, თუ ჭოკით ხტომაზე არ დადიოდით, მართალია ერთ-ერთ გადასახედთან კიბის საფეხურის მაგივრად ნახევრად ჩამომტვრეული ბლოკი დაუდიათ, მაგრამ ვერც იმით ავედი. ცდა კიდევ შეიძლებოდა, თუ გავიჭირვებდი, ხელისგულებზე დავეყრდნობოდი და ჯერ ერთი მუხლს შემოვდებდი, მერე მეორეს და ბოლოს ფეხზე წამოვდგებოდი, მაგრამ მუხლიც ვერ მივაწვდინე გადასახედის კიდეს და დავიკიდე.
რესტორნის მომსახურე პერსონალი ხო უნდა გავარჩიო სტუმრებისგან, რომ შემთხვევით, სტუმარს არ მივმართო საფერფლე გამომიცვალე-მეთქი. მიმტანებს უნდა ეცვათ უნიფორმა ან წინსაფარი მაინც და არა ჯინსები და მაისური. მიმტანი უცილებლად უნდა იწერდეს შეკვეთას და არა ეჭვის თვალით უყურო, დაიმახსოვრებს თუ არა ამდენს. (ვერც დაიმახსოვრა)
პური უნდა მოდიოდეს პირველ რიგში და არა შეკვეთის შუაში ან ბოლოში.
და ეს თითქმის ყველა რესტორნის თუ კაფის პრობლემაა:
სანამ საჭმელს მოიტანენ, გაზი გასდის სასმელს ან თბება.
სანამ ცივ კერძს მოიტანენ, ცხელი ცივდება,
ცხელი რომ არ გაცივდეს, ჭამ და ცივი როცა მოაქვთ, აღარ გინდა.
სანამ პურს მოიტანენ, ყველაფერი შეჭმულია.
(ან ყველაფერი ერთად მოაქვთ.)
სანამ დესერტს მოიტანენ, ყავა ხდება გუბე.
სანამ ანგარიშს მოიტანენ, მეორედ გშივდება.
სანამ ანგარიშს წაიღებენ, მესამედ გშივდება.
სანამ ხურდას მოიტანენ, მეოთხედ გშივდება.
წესით პურის პირველი პორცია დაახლოებით ოთხი-ექვსი ნაჭერი კერძების ფასში უნდა შედიოდეს, თუ დაამატებ, მერე უნდა გადაიხადო პურის ფასიც, მაგრამ სადაც "პომოდორისიმოში" ერთ დღესაც სტეიკის სოუსი ფასიანი გახდა, უფასო პური რა ნამუსით უნდა მოითხოვო.
ერთი საშუალო კლასის სომელიე მაინც უნდა იყოს პრემიუმ კლასის სასტუმროს რესტორანში, რომ იკითხოს მაინც, ვინ გასინჯავს ღვინოს და არა პირდაპირ პირთამდე აგივსოს ჭიქები, ან მიმტანს უნდა ჰქონდეს გავლილი ღვინის სერვირების კურსი და ზოგადად მაგიდის სერვირების კურსი.
აკუსტიკა რეტორანში, როგორც ყველგან, აქაც საშინელი. ისეთი ხმაზეა ჩართული, რომ ბასები მესმის მარტო და არითმიას მმართებს.
ფლეილისტი გაუგებარი. ან ქართული რესტორანი ხარ, ან კოკო ჯამბო. განდაგანაზე რო ავცმუკდები და უცბად ქოლდ ფლეის ფარადაიზზე გადახვალ, ვიბნევი.
ასევე მომღერალი გოგო. ან ემი ვაინჰაუზს მღერი ან ნატო გელაშვილს. ერთმანეთის მიყოლებით როცაა, განწყობა მერღვევა. არა, ისიც შეიძლება და ესეც, მაგრამ პროგრამა გააკეთე ისეთი, რომ ან ჟანრი ემთხვეოდეს, ან რიტმი ან ენა.
როცა დილით ვჯავშნი კონკრეტულ მაგიდას საღამოსთვის და დანიშნულ დროს იმ მაგიდასთან სხვა წყვილი მხვდება, რომელსაც არაფრით არ უნდა ადგომა, ჩემი პრობლემა არაა, მითუმეტეს იმით არ პრავდება, მაგიდაზე დაგვავიწყდა “დაჯავშნულიას”
დადებაო. არც იმით პრავდება, რომ ადგებიან, მერე გადმოჯექითო. თქვენ ადგებოდით? ჰოდა ისინიც ჯიბრით არ ადგნენ, ორ ჭიქა წვენზე ისხდნენ მანამდე, სანამ ყველა ერთიანად თქეშმა წვიმამ არ წამოგვყარა.
ვერანდა ძალიან კარგია, მაგრამ წვიმამ იცის ხოლმე მოსვლა ხანდახან, ბუნების კანონია ეგეთი და ვერანდაზე შესაბამისი პირობები უნდა იყოს, რომ ჩაქაფულში არ ჩამექცეს ან პური პურის ხარჩოდ არ მიქციოს.
ვინც გადახურულ ზონაში მოხვდა, იმათ გაუმართლათ. მეც გამიმართლა, რადგან სადილი უკვე დამთავრებული მქონდა და ფაქტობრივად თეფშები იქვე გარეცხა წვიმამ.
ზოგადად წესია ესეთი, რომ ვინც იღებს შეკვეთას და თავიდანვე გემსახურება, ბოლომდე ის ემსახურება მაგიდას და არ უნდა მჭირდებიდეს ახლო-მახლო მოსიარულე ოფიციანტების ძებნა, როცა რაღაცის მოტანა ავიწყდება ერთს, რომ მეორეს შევუკვეთო, რადგან პირველი სამუდამოდ გადაიკარგა, საფერფლის გატანას რომ ვავალებ მეორეს, მესამეს ძებნა არ უნდა დამჭირდეს, რომ უკან მომიტანონ. ბოლოს და ბოლოს ხო უნდა ვიცოდე ვის და რატომ ვუტოვებ “ჩაისთვის”,
მითუმეტეს როცა უნიფორმები არ აცვიათ და კარგად უნდა დააკვირდე რომელია ვერანდაზე მოსიარულეებს შორის ოფიციანტი.
დილის საუზმე ნომრის ფასის გათვალისწინებით არის ძალიან მწირი. ცხელი საჭმელებიდან სოსისი და კვერცხი. ცივშიც არ გაქვს დიდი არჩევანი. მსგავს სასტუმროებში რომ მიავლინოთ ვინმე და შეადაროთ, არ იქნება ცუდი.
რესტორნის შიდა ინტერიერი ლამაზია, მაგრამ სავენტილაციო სისტემა არის ძალიან ცუდი, ამიტომ სამზარეულოდან გამომავალი ყველა სუნი ერთად გუბდება და ჰაერს ამძიმებს.
ღამით სტუმრები ფანჯრებში რომ ეწევიან და იქიდან აფერფლებენ, ეგ სტუმრის შეგნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ბოლის ამომცნობი სისტემა რომ არ გაქვთ დამონტაჟებული, ეგ თქვენზე. სანამ კანონი ამოქმედდებოდა მოწევაზე, ამ კლასის სასტუმროს ნომრებში მანამდეც არ ეწეოდნენ.
როდესაც დაჯავშნისას სპეციალურ მოთხოვნებში უთითებ რაღაცეებს, მითუმეტეს როცა საკმაოდ ადრე ჯავშნი და მითუმეტეს როცა ბუქინგზე სპეციალური სტატუსი გაძლევს კიდევ უფრო მეტ პრიორიტეტს ამის მოთხოვნისას, ეს მეტნაკლებად უნდა დაკმაყოფილდეს ერთ-ერთი მაინც, მაგრამ როცა ყველაფერი იმის საწინააღმდეგო გხვდება, რაც ჩაწერე და ისე ზრდილობის გამო მაინც არ გიხსნიან რომ “სამწუხაროდ ვერ მოხერხდა”, ეს ნიშნავს რომ უბრალოდ გიკიდებენ.
მაგალითისთვის, როცა სამი თვით ადრე ვუთითებ, რომ რაც შეიძლება მაღალი სართული მინდა (ფასში სხვაობა არაა), რაღაცნაირად უნდა მოახერხონ, რომ იმ დროისათვის რომელიმე ესეთი ნომერი თავისუფალი იყოს. თუ ისე მოხდა, რომ არ აღმოჩნდა შესაძლებელი, პირველი სართული მაინც არ უნდა შემომაჩეჩონ. “რაც შეიძლება მაღალსა” და პირველს სართულს შორის იმხელა სხვაობაა, რომ მთელი სასტუმრო ეტევა.
სასტუმროს შესასვლელში რომ დაცვის ჯიხური დგას, ბაღ-ბოსტან-ვენახებში უდგათ ეგეთები, ღამით რომ რწყავენ, იქ იძინებენ და სამეურნეო იარაღებს ინახავენ შიგნით.
ფიცრებისგან შეკოწიწებული და უშუშო ფანჯრის ჩარჩოზე მიჭედებულ ლურსმანზე ჩამოკიდებული პირსახოცით, გვერდზე ალბათ ხელსაბანი ეკიდა ქვემოდან რომ ხელი უნდა ასცხო და ზემოთ სარკის ნატეხი, ან ძველი მანქანის სარკე, ჟანრის კანონი ეგრე მოითხოვს.
შლაგბაუმი? სურამის გაუქმებული რკინიგზის სადგურიდან წამოიღეს თუ სად იპოვეს, არ ვიცი. მანქანა რო მიადგება, ამ ჯიხურიდან გამოვარდება დაცვის ბიჭი: მაიცა, მაიცა ვისთანა ხართ? დაჯავშნული გაქვთ? გვარი მითხარით, ვნახო. (მსგავსი არსად არაფერი მინახავს) მერე ხელით ასწევს შლაგბაუმს, გელოდება როდის გაივლი და მერე ისევ ხელით ჩამოსწევს. რა გაჭირვებაა? აგერ ჩემი კორპუსის ეზოში დამიყენეს ავტომატური, კარტაზე მომუშავე.
აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ შეფ-მზარეული ყავს
სასტუმროს ძალიან კარგი და ყველაფერი არის უგემრიელესი.
და ბოლოს აქ ერთი საკითხია. თუ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი გათვლილია:
"ოი ნატაააშ, პროსტა უმრიოშ, ტუტ ვსიო შიკარნო, ვსიო სუპერ", რაზეც ნომრებში მხოლოდ რუსული სატელევიზიო არხების არსებობაც მეტყველებს, მაშინ დაიკიდეთ და ზუსტად ისე გააგრძელეთ, როგორც ბაზარი გკარნახობთ, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბაზარი ერთ დროს უხარისხო ღვინოებსაც გვკარნახობდა, როცა ექსპორტზე ვუშვებდით, მაგრამ როგორც ღვინის სამშობლოსთვის ძალიან ტეხავდა და ეხლაც ტეხავს.
მოკლედ, როგორც ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა:
არი რაღაცეები, რაც იმასუნდაქნა, თუ გინდა რომ მერე უფრო კარგად იმასაქნა.









No comments:
Post a Comment